Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-ში ვრცელდება "საქართველოს ბანკში" მძევლის ვიდეო


კადრები გავრცელებული ვიდეოდან
კადრები გავრცელებული ვიდეოდან

სოციალურ ქსელში ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მყოფი ერთ-ერთი მძევლის ვიდეო ვრცელდება. კადრებში ისმის სავარაუდო თავდამსხმელის ხმაც, რომელიც მძევალს კარნახობს საკუთარ მოთხოვნებს, მათ შორის თანხას და სავარაუდო დროს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბანკში შესულ თავდამსხმელს სახე შენიღბული აქვს, თუმცა გარკვევით ისმის მისი ხმა. შენობაში დაახლოებით 10 ადამიანია, რომელთაგან კაცებს ხელები შეკრული აქვთ.

თავდამსხმელი ითხოვდა, რომ კადრებში გამოჩენილიყვნენ მძევლად აყვანილი ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც, სავარაუდოდ, ინფორმიებული არ არიან მომხდარის შესახებ.

"არ გამომაჩინო, თორემ მამაჩემი მოკვდება", - ისმის ერთ-ერთი მძევლის ხმა.

"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული ადამიანის შეჭრის შესახებ ცნობა მედიაში დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელდა. დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს თავად ბანკი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ცნობას იმის შესახებ, რომ ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილია შეიარაღებული პირი. ეს არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ბანკში შეიარაღებულ თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა ხდება. ამ დრომდე არ არის დაკავებული 2020 წლის ოქტომბერში ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ბანკში იგი 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის შეიჭრა და 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.

კიდევ ერთი თავდასხმა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე მოხდა 2021 წლის სექტემბერში, პოლიციამ აღკვეთა.

XS
SM
MD
LG