„მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რატომ გამომგზავნა ეფესბემ - მათ იმედი ჰქონდათ, რომ თქვენი [საქართველოს] უსაფრთხოების სამსახურები ჩემთან კონტაქტზე გამოვიდოდნენ და შემომთავაზებდნენ თანამშრომლობას. [ამას] თვითონ ეფესბეს თანამშრომლები, ამბობდნენ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ცდილობს რუსი ოპოზიციონერების გადაბირებას, რუსეთში რევოლუციის მოსაწყობად. ამ ყველაფერს კი აკონტროლებს CIA (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო). არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ მათ სიტყვებს გადმოგცემთ“, - ამბობს ის.
25 წლის მიხაილ სოკოლოვი ნიდერლანდებში, თავშესაფრის მაძიებელთათვის განკუთვნილი ხმაურიან საერთო საცხოვრებელში თავის კუთხეს მაჩვენებს.
„რთულია ამას ოთახი უწოდო. უბრალოდ დასაძინებელი ადგილია. აი, პატარა კარადები, მაცივარი და მორჩა“.
მიხაილ სოკოლოვი ამბობს, რომ 2016 წელს 19 წლის სტუდენტი იყო, როდესაც რუსეთის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა. მშობლიურ ქალაქ ვოტკინსკში - მოსკოვის აღმოსავლეთით 1 200 კილომეტრში - დაიწყო მიტინგების ორგანიზება, ტრანსპორტზე ფასების ზრდის, კორუფციის წინააღმდეგ.
თუმცა მალევე მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა, როცა კომისარიატში გამოიძახეს, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო.
„შემოდის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი. მაჩვენებს პირადობას და ამბობს, რომ იცის, რომ თავს ვარიდებ ჯარში წასვლას. მთავაზობს გარიგებას. 2 წლით ციხეში ჩაჯდომა არ მინდოდა, ამიტომ, მოვაწერე ხელი ფურცელს, [ეფესბესთან] ნებაყოფლობითი თანამშრომლობის შესახებ“, - ამბობს სოკოლოვი.
შემდეგი 5 წლის განმავლობაში, კურატორი უსაფრთხოებიდან „ვათსაპით“ უთანხმებდა შეხვედრის ადგილს, ჩაისვამდა ავტომობილში და საუბრობდნენ.
2021 წელს, როგორც სოკოლოვი ამბობს, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შტაბში დაიწყო მუშაობა. თუმცა არა ეფესბეს მოთხოვნით, არამედ თავისი სურვილით - როგორც პუტინის ხელისუფლების ოპონენტმა. როგორც ამბობს ნავალნის გუნდში ის გამოძიებებზე მუშაობდა, თუმცა „რაიმე საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა“ არ ჰქონია. ამ დროს ნავალნი - რომელიც ერთი წლით ადრე ნოვიჩოკით მოწამლეს - უკვე სამშობლოშია და ციხეში ზის.
ამავე წელს, ნავალნის ქსელზე რუსეთში ზეწოლა გაძლიერდა, რის გამოც, ქვეყანა არაერთმა ოპოზიციონერმა დატოვა. ბევრი მათგანი საქართველოში გაიქცა. სოკოლოვი ამბობს, რომ სწორედ ამ დროს ეფესბემ მასაც შესთავაზა საქართველოში გადასვლა.
„ბილეთები მიყიდეს, ჯიბის ფული მომცეს 30 000-მდე რუბლი (დაახლოებით 1300 ლარი) და 2021 წლის დეკემბერში უკვე თბილისში ვიყავი“.
რადიო თავისუფლება: არ გეშინოდათ, რომ შეიძლება საქართველოში სცოდნოდათ თქვენი აგენტობის შესახებ? თუ გქონდათ უსაფრთხოების რაიმე გარანტიები?
„არ მგონია, რომ ქართულ სპეცსამსახურებს სცოდნოდათ რომ აგენტი ვარ“, - ამბობს სოკოლოვი და ამატებს: „ეფესბეში ფიქრობდნენ, რომ [ნავალნის შტაბს] ევროპიდან გვაფინანსებდნენ. მე ვუმტკიცებდი, რომ აი, ხალხო, თქვენზე ვმუშაობ და [გეუბნებით] ფული მართლაც დონაციებიდან შემოდის. ანუ არანაირი დასავლური სპეცსამსახურები არ გვაფინანსებენ“.
სოკოლოვის თქმით, ნავალნის გუნდის ორმა წევრმა, მას უთხრა, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა უარი თქვეს, რადგან ოდესმე რუსეთში დაბრუნება სურდათ.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვიორსტკა“ წერს, რომ ნავალნის გუნდში ორმა თანამოსაუბრემ დაუდასტურა, რომ სოკოლოვმა საქართველოში გადასვლის შემდეგ მათ FSB-სთან თანამშრომლობის შესახებ უამბო. თუმცა დამატებით კომენტარზე უარი თქვეს. „ვიორსტკა“ არაფერს წერს ქართული სპეცსამსახურების კომუნიკაციაზე საქართველოში მყოფ რუს ოპოზიციონერებთან.
ილია დანილოვი - ნავალნის შტაბის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თითქმის ერთი წელია თბილისში ცხოვრობს - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას პირადად სოკოლოვი „თვალითაც არ უნახავს“.
„ალექსეი ნავალნის შტაბების ქსელი, მას შემდეგ, რაც რუსეთში გამოცხადდა ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ხალხის უსაფრთხოების გამო დაიშალა. ამ მომენტში, არანაირ შტაბში არ ვმუშაობ, და არც არავინ მუშაობს, რადგან ის უბრალოდ აღარ არსებობს. ამიტომ, ისინი, ვინც იყვნენ კოორდინატორები, ვინც მუშაობდნენ შტაბებში, ახლა ამ საქმიანობას არ ეწევიან. ყველას თავისი კერძო საქმიანობა აქვს. მე პირადად ვამონტაჟებ. ზოგი ვიდეო-რგოლებს წერს „იუტუბ“ არხებზე, ზოგიც ომის საწინააღმდეგო აქციებს აკეთებს. მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული იმ სტრუქტურასთან, რომელიც არსებობდა [რუსეთში]“, - გვიხსნის დანილოვი.
მისივე თქმით, არაერთ რუს ოპოზიციონერს და მოქმედ ჟურნალისტს იცნობს საქართველოში, თუმცა არასდროს სმენია, რომ ქართული უსაფრთხოების სამსახურებს მათთვის თანამშრომლობა შეეთავაზებინათ.
მიხაილ სოკოლოვმა ეფესბეს აგენტობის შესახებ ისტორია თავად გაასაჯაროვა. მან ვრცელი ინტერვიუები მისცა CNN-სა და The Guardian-ს.
რადიო თავისუფლება: მიხაილ, ზოგიერთი ამბობს, რომ გადაბირების შესახებ ისტორიას იმიტომ ჰყვებით, რომ ნიდერლანდებში თავშესაფარი გინდათ მიიღოთ. გაქვთ რაიმე მტკიცებულება, რომ ნამდვილად მუშაობდით ეფესბეზე?
„ბევრი ამბობს ამას, მაგრამ სამწუხაროდ, რაიმე შრომითი ხელშეკრულება ან ის ფურცელი, რომელსაც ხელი მოვაწერე, არ მაქვს“, - ამბობს სოკოლოვი და გვიგზავნის „სკრინშოთებს“, რომლებზეც, მისივე მტკიცებით, ეფესბეს თანამშრომლებთან მიმოწერაა ასახული.
სოკოლოვმა დაახლოებით 3 თვე გაატარა საქართველოში. ამბობს, რომ წასვლამდე კოლეგებს თავისი ისტორია უამბო. მისი გასაჯაროების შემდეგ კი მასთან არავის უცდია დალაპარაკება.
„რამდენადაც ვიცი, მათ უმრავლესობას ვეზიზღები, განმსჯის და ა.შ. დიდად კარგი წარმოდგენა არ აქვთ ჩემზე. მესმის მათი. მე თვითონ ცოტათი განვიცდი იმავეს საკუთარი თავის მიმართ“, - ამბობს ის.
მიხაილ სოკოლოვი რუსეთის უკვე მეორე მოქალაქეა, რომელმაც საქართველოდან ეფესბესთან თანამშრომლობაზე ღიად ილაპარაკა. მანამდე, 20 წლის ვსევლოდ ოსიპოვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა თავისი საქმიანობის დეტალებზე.