Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის დააჯილდოვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლანა ღვინჯილია?


ლანა ღვინჯილია. ფოტო გადაღებულია 2022 წლის აპრილში, კიევში, სადაც მან ეს ქუდი სიმბოლურად მოირგო.
ლანა ღვინჯილია. ფოტო გადაღებულია 2022 წლის აპრილში, კიევში, სადაც მან ეს ქუდი სიმბოლურად მოირგო.

23 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომლითაც უკრაინის წინაშე დამსახურებისთვის არაერთ ცნობილ ადამიანს გადასცა სახელმწიფო ჯილდო. მათ შორის არის ორი ქართველიც: წმინდა ოლგას მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ გამგეობის წევრი ლანა ღვინჯილია (არასამთავრობო ორგანიზაციის Populus Rei-ს დამფუძნებელი და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი) და ღირსების III ხარისხის ორდენი გადაეცა ცნობილ ქართველ მოდის დიზაინერს, „ბალენსიაგას“ მოდის სახლის კრეატიულ დირექტორს, უკრაინისთვის დახმარების მოზიდვის პლატფორმა - United24-ის ელჩს, დემნა გვასალიას.

ოკუპაცია ის მთავარი მიზეზია, რის გამოც ლანა ღვინჯილია განსაკუთრებულად გულშემატკივრობს უკრაინელ ხალხს და ამ ქვეყნის მომავალს. ლანა სოხუმში დაიბადა. მას აფხაზეთში, ბებიის სახლში ბავშვობის არაერთი წელი აქვს გატარებული. დღემდე, ნამდვილი სახლის შეგრძნებაც იქაურობას უკავშირდება.

აი, ეს ვერ დავთმე ვერასდროს. და ალბათ, ეს არის ყველაფრის მიზეზიც და მამოძრავებელი ღირებულებაც. საერთოდ ყველაფრის, რასაც უკვე 31 წელია ვაკეთებ“, - ამბობს ლანა ღვინჯილია.

ლანა ღვინჯილია კიევში, 2022 წლის აპრილი
ლანა ღვინჯილია კიევში, 2022 წლის აპრილი

თუმცა იმისთვის, რასაც ლანა თანამოაზრეებთან ერთად უკრაინისთვის აკეთებს, ჯილდოს ნამდვილად არ ელოდა - ომის დროს, დახმარების სურვილი ბუნებრივი მდგომარეობააო.

თებერვლის შემდეგ (და მანამდეც) ლანას უკრაინის საელჩოსთან, უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თითქმის უწყვეტი კავშირი აქვს.

ლანა ღვინჯილია საქართველოს დროშასთან, სოფელი ატოცი, 2019 წლის ზაფხული.
ლანა ღვინჯილია საქართველოს დროშასთან, სოფელი ატოცი, 2019 წლის ზაფხული.

როცა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების დიდმა ნაწილმა, უკრაინაში საომრად წასვლა გადაწყვიტა. ამ ოცამდე ადამიანს სხვა მსურველებიც შეუერთდნენ. ამ ამბავს ორგანიზება სჭირდებოდა. უამრავი დეტალი იყო გასათვალისწინებელი და მოსაგვარებელი - უსაფრთხოების გარანტიები, მგზავრობა, საბუთების მომზადება, კავშირების მოძებნა.

„მთელი მარტი გავათენე“, - იხსენებს ლანა ღვინჯილია, რომელიც ამ საორგანიზაციო საქმეებს აგვარებდა.

ამ საქმეების ნაწილი იყო უკრაინის თავდაცვასთან მოლაპარაკებაც და ისიც, თუ პოლონეთის საზღვარზე ქართველი მოხალისეები როდის რომელ ავტობუსზე უნდა დამსხდარიყვნენ, რომ დანიშნულების ადგილამდე მიეღწიათ.

იმ პერიოდში ლანა და მისი მეგობრები უკრაინელების დახმარებას სხვა გზებითაც ცდილობდნენ - მაგალითად, საჭირო რესურსების მომარაგებით. ეს იყო არა სამხედრო აღჭურვილობა, არამედ სხვადასხვა აუცილებელი ნივთი, რაც ველზე მეომრებს სჭირდებოდათ:

„ეს ნივთები, აპრილში, პირადად ჩავიტანე კიევში“.

კიევი, 2019 წლის სექტემბერი. არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმის კონფერენცია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის პრეზენტაცია.
კიევი, 2019 წლის სექტემბერი. არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმის კონფერენცია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის პრეზენტაცია.

მაგრამ ამ ომამდე იყო 2014 წელი. კიევის „მაიდნის“ ცნობილი მოვლენები და შემდეგ ომი უკრაინის აღმოსავლეთში. ლანა ღვინჯილია მაშინაც აქტიურობდა და თითქმის ყველა საპროტესტო აქციის თუ სხვა პროცესის ორგანიზებაში იყო ჩართული.

როცა 2014 წლის თებერვალში, მაიდანზე გასროლას პირველი მსხვერპლი მოჰყვა, მისი ორგანიზებით თბილისში აქცია გაიმართა, რომელიც CNN-ის ეთერშიც გავიდა.

„იმავე წლის აგვისტოში, როცა დონბასში რუსული ჯარი შევიდა, ისევ დავიწყე ფიქრი, რა გვექნა. როგორ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი და სწორედ მაშინ გამიჩნდა პუტინის ფოტოს დაწვის იდეა აქციაზე. მახსოვს, პარლამენტთან ორასამდე ადამიანი მოვიდა. ეს ვიდეოც მოხვდა მაშინ CNN-ის საიტზე. 32 000 ნახვა ჰქონდა“...

კადრი 2014 წელს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართული აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეებმა პუტინის გამოსახულება დაწვეს
კადრი 2014 წელს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართული აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეებმა პუტინის გამოსახულება დაწვეს

ამ მოვლენების შემდეგ ლანა ანტიოკუპაციური მოძრაობის ოფიციალურად დაფუძნების იდეას შეუერთდა.

ლანა ღვინჯილია ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებთან ერთად, სოფელი ატოცი, 2019 წელი
ლანა ღვინჯილია ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებთან ერთად, სოფელი ატოცი, 2019 წელი

ლანა ფიქრობს, რომ, ალბათ, სწორედ მისი ეს საქმიანობა გახდა მიზეზი, რატომაც აღმოჩნდა იმ ადამიანების გვერდით, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.

„ეს ამბავი რომ გავიგე, მხოლოდ მამიდაჩემს ვუთხარი. საჯაროდ არაფერი მითქვამს. მოგვიანებით სიაც გამოქვეყნდა და როცა ამ სიას ჩავხედე, მართლა შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, ისეთი ადამიანების გვერდით ამოვიკითხე ჩემი სახელი და გვარი. ცხადია, ეს სასიამოვნო ამბავია“, - უთხრა ლანა ღვინჯილიამ რადიო თავისუფლებას.

დაჯილდოების შესახებ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაში წერია, რომ ეს ჯილდოები სიაში მოხვედრილ ადამიანებს გადაეცემათ:

• სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის;

• უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის;

• მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ზელენსკიმ სხვადასხვა ჯილდოთი ასზე მეტი ადამიანი დააჯილდოვა.

მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, კომპანია Baykar Makina-ს გენერალური დირექტორი, ჰალუქ ბაირაქთარი, ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი და სხვები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG