Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასაიდუმლოებული კონტრშეტევა და ყირიმის "აქტიური დეოკუპაციის" გამოცხადება - რა ხდება უკრაინაში?


რუსეთის არმიის მიერ ორგანიზებული საბორნე გადასასვლელი მდინარე დნეპრზე, უკრაინელი სამხედროების მიერ ანტონოვკის ხიდის დაზიანების შემდეგ. 3 აგვისტო, 2022 წელი.
რუსეთის არმიის მიერ ორგანიზებული საბორნე გადასასვლელი მდინარე დნეპრზე, უკრაინელი სამხედროების მიერ ანტონოვკის ხიდის დაზიანების შემდეგ. 3 აგვისტო, 2022 წელი.

კიევი არ ასაჯაროებს დეტალებს და არც რუკებს აქვეყნებს სამხრეთის ფრონტის ხაზიდან, სადაც უკრაინულმა არმიამ კონტრშეტევა 29 აგვისტოს წამოიწყო. ხერსონის ოლქიდან გავრცელებული ინფორმაცია ბრძოლის გაგრძელებაზე მიუთითებს. კიევი ყირიმის "აქტიური დეოკუპაციის" დაწყებაზე მიანიშნებს. 

ერთი მხრივ, კიევი აფრთხილებს ყველას, რომ ზედმეტი ხმაური დამაზიანებელია, თვალის დახამხამებაში არაფერი მოხდება და უკრაინელი სამხედროები ნელი, სიცოცხლის დამზოგველი სვლით დაიბრუნებენ ოკუპირებულ ხერსონს; ხოლო, მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმელების ევაკუაციის აუცილებლობაზე აკეთებს განცხადებას.

30 აგვისტოს, დღის მიწურულს, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინა ყირიმის „აქტიური დეოკუპაციისთვის“ ემზადება და სამხედრო ხელმძღვანელობა ყირიმელებისთვის ევაკუაციის გეგმის მარშრუტებს ამუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი მოინდომებენ „ნახევარკუნძულის დატოვებას აქტიური დეოკუპაციის დროისთვის“.

„უკრაინისთვის მოქალაქეების სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია“, - წერს უკრაინის პრეზდენტის ოფისის წარმომადგენელი და ყირიმელებს აფრთხილებს მოერიდონ სამხედრო ობიექტებსა და შეამოწმონ სამალავები.

რას ნიშნავს „აქტიური დეოკუპაცია“, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ უკრაინა ყირიმის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყებას აპირებს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის დაბრუნების სურვილი კიევს არასოდეს დაუმალავს.

უკრაინულ სოციალურ ქსელებში პოპულარულია ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის - ყირიმის ხიდის (ქერჩის ხიდის) აფეთქების იდეა. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, ეს საკმაოდ ძნელი შესასრულებელი ამოცანაა და ხიდის ძალიან მყარი კონსტრუქციის სრულად დანგრევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, როგორც უკრაინელი ანალიტიკოსი და ბლოგერი და ახლა უკრაინის არმიის ოფიცერი - ტარას ბერეზოვეცი აღნიშნავს - ხიდის მწყობრიდან გამოყვანის რეალური გეგმა არსებობს და ის აუცილებლად განხორციელდება.

მანამდე, ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიხაილო პოდოლიაკი აფრთხილებდა ყველას, რომ 29 აგვისტოს დაწყებული კონტრშეტევის შესახებ სენსაციური ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ და მხოლოდ ოფიციალურ ცნობებს დალოდებოდნენ.

„გასაგებია ჩვენი სურვილები და ოცნებები, მაგრამ მაინც გთავაზობთ, რომ ვიხელმძღვანელოთ კომენტარების ფრთხილი ფორმატით, ნებისმიერი ჩვენი საბრძოლო ქმედების შესახებ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოლიტიკოსს, ექსპერტსა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, რომ მნიშვნელოვანია, არ იყოს ინფორმაციის მანიპულირება და სპეკულირება საბრძოლო ოპერაციის მიმდინარეობისას, ვიდრე ამის შესახებ არ განაცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო. კიდევ ერთხელ - ოფიციალურ განცხადებებამდე არ გვინდა სუპერსენსაციური განცხადებები“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა და გააფრთხილა მედიაც, რომ მხოლოდ სანდო წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციას დაეყრდნოს.

უზარმაზარი ინტერესის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ცნობებს არ ავრცელებენ კონტრშეტევითი მოქმედებების მიმდინარეობისა და გეოგრაფიის შესახებ. თუმცა ხერსონიდან მოდის ამბები აფეთქებების, სროლისა და ანტონოვკის ხიდის ხელახალი დაბომბვის თაობაზე. გავრცელებული ვიდეომასალის ნამდვილობა ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, 30 აგვისტოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ოკუპირებული ხერსონის ოლქი, სადაც მოსახლეობას შუქი 29 აგვისტოსაც რამდენჯერმე გამოერთო. დაპირება იყო მიწოდების რამდენიმე საათში აღდგენა, მაგრამ შემდეგ, აღდგენის შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. სააგენტო, ადგილობრივ პრორუსულ „ადმინისტრაციაზე“ დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ უკრაინულმა არმიამ 10-ზე მეტი რაკეტა ისროლა; ახალ კახოვკაში გამოცხადდა ევაკუაცია და ხალხი სამალავებიდან ვერ გამოდის.

უკრაინული ტელეარხის ეთერში ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იანუშევიჩმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ქირურგიული დარტყმებით“ უკვე „გადაჭრეს“ რუსეთის არმიის ყირიმიდან მომარაგების არხები.

ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომარმა სერგეი ხლანმა კი იუტუბარხ „Politeka Online“-ის ეთერში განაცხადა, რომ „ხერსონის ოლქში ძალიან ცხელი ღამე იყო“ და მიღებული ცნობები ადასტურებს, რომ „არ არის ტემპის ვარდნა და მიმდინარეობს მძლავრი შეტევითი მოძრაობა“. ხლანი აცხადებს, რომ რუსეთის 25-ათასიანი საარმიო შენაერთი უკვე პრაქტიკულად მოწყვეტილია გარემოს და დახმარების მიღების შესაძლებლობა აღარ აქვს.

ბრიტანული დაზვერვა 30 აგვისტოს ცნობებში იტყობინება, რომ რუსეთმა გასწია „მნიშვნელოვანი ძალისხმევა თავისი პოზიციების გასამყარებლად დნეპრის დასავლეთ ნაპირზე, ხერსონთან ახლოს“ და 49-ე არმია „დიდი ალბათობით“ გაამაგრეს აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 35-ე არმიის ძალებით, მაგრამ „შენაერთების უმრავლესობა, ხერსონის გარშემო, არასაკმარისად არის დაკომპლექტებული და ისინი დამოკიდებული არიან მომარაგების მოწყვლად არხებზე - ბორნებისა და დნეპრზე გამავალი „პონტონის“ ხიდების საშუალებით“.

თუკი რუსი სამხედროები მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე სრულად მოწყდებიან ლოგისტიკურ არხებს, ექსპერტების თქმით, მათი არჩევანი ძალიან მწირი ხდება - ტყვედ ჩაბარება, გაქცევა ან დაღუპვა.

ახალი კახოვკის ჰესის, დარიევსკის ხიდის, სარკინიგზო ხიდის (იგივე ანტონოვკის მეორე ხიდი) აფეთქება და საბორნე გადასასვლელების მასზე გამავალ რუსეთის ტექნიკასთან ერთად განადგურება ჯერ კიდევ 29 აგვისტოს, დღის შეჯამების დროს დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაიფის“ ეთერში. მან უკრაინული არმიის შეტევას „სიმპათიური“ უწოდა და ისიც თქვა, რომ ეს შეტევა არ იქნება ელვის სისწრაფის პროგრესი და რომ უკრაინა ხერსონის დაბრუნებას მიზანმიმართულად, დიდი დანაკარგების გარეშე, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შეძლებს.

ზოგიერთი რუსული და ასევე უცხოური წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინულმა არმიამ 24 საათზე ნაკლებ დროში მოახერხა 5 დასახლების აღება და ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე 5-6 კილომეტრით წაიწია წინ. მათ შორის, ინფორმაციის ნაკლებობის გამო პანიკა იგრძნობა რუსულ სოციალურ ქსელებში.

"სუსტი ადგილები" და "მთავარი დარტყმა"

არესტოვიჩმა, 30 აგვისტოს, თავის ტელეგრამარხზეც დაწერა, რომ მოთმინებაა საჭირო და ის რაც, შესაძლოა, არასამხედრო პირებისთვის „დამუხრუჭებად“ გამოიყურება, შესაძლოა დიდი სამხედრო გეგმის ნაწილი იყოს და უფრო დიდ მიზანს ემსახურებოდეს.

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, ოლეგ ჟდანოვი იუწყება, რომ მთელ ფრონტის ხაზზე დაწყებული შეტევით უკრაინული არმია „მოწინააღმდეგის სუსტი ადგილების ძიებას“ ცდილობს და „მთავარი დარტყმა“ შესაძლოა დამაბნეველი მეორეხარისხოვანი დარტყმების მიღმა იმალებოდეს.

უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ კონტრშეტევა სპონტანური არ ყოფილა და ამისათვის უკრაინა ემზადება უკვე დიდი ხანია - მას შემდეგ, რაც ამერიკული HIMARS-ების საშუალებით დაიწყო რუსეთის არმიის საწყობებისა თუ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმატებით განადგურება ბოლო კვირებში.

კონტრშეტევის წამოწყებას უკრაინელები ივლისის შუა რიცხვებიდან ელოდებიან, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის გეგმის შემუშავება და მოქმედება უბრძანა.

რუსეთი თვალს ხუჭავს?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის თავდასხმის დაწყება, მაგრამ ამტკიცებს, რომ ის წარუმატებელი აღმოჩნდა და უკრაინელებმა 1200 სამხედრო დაკარგეს. ამ ცნობის გადამოწმება შეუძლებელია.

რუსეთი უკრაინის არმიის შეტევას ნიკოლაევსა და ხარკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით პასუხობს. ოფიციალური წყაროები იტყობინებიან სულ ცოტა 30 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

ზოგადად კი, რუსეთის ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ უკრაინული არმია ხერსონის მისადგომებთან შეტევაზე გადავიდა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, მოსკოვის ასეთი დამოკიდებულება მიანიშნებს სწრაფვაზე, რომ შეინარჩუნოს „დიდი სამხედრო წარმატებების“ იერი.

პარალელურად, მედიამ აღმოაჩინა, რომ რუსეთის მიერ დანიშნულმა „ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა“ დატოვა ხერსონი და ადგილობრივებს ვორონეჟიდან ამხნევებს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მისი ვიდეომიმართვების ფონი იმ ადგილის კარგად ამოცნობის საშუალებას იძლევა, სადაც ამჟამად იმყოფება კირილ სტრემოუსოვი. „უნიანი“ მას „დროებით ცოცხალს“ უწოდებს. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი გაკეთებულია სასტუმრო Mariott-ში, სადაც ერთი ღამის ღირებულება 6300 რუბლს, 103 დოლარს უტოლდება.

რას აპირებს უკრაინა?

როგორც კიევი აცხადებს, უკრაინა აპირებს დაიბრუნოს რუსეთის მიერ როგორც 2014 წელს, ასევე 2022 წელს ოკუპირებული ტერიტორიები და ხერსონის ოლქის მიმართულებით დაწყებული კონტრშეტევაც ამ გეგმის ნაწილია.

„[უკრაინელი ჯარისკაცების] მთავარი მიზანია - გავყაროთ რუსები უკრაინიდან, წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის ურდოს, გავიმარჯვოთ რუს დამპყრობლებზე“, - წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 29 აგვისტოს, თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ, თუკი გადარჩენა უნდა, რუსეთის არმია შინ უნდა წავიდეს.

ზელენსკი იქვე აღნიშნავს, რომ კონკრეტული გეგმები მტკიცედ გასაიდუმლოებული დარჩება:

„ვინმეს უნდა, რომ გაიგოს, რა გეგმები გვაქვს? თქვენ ვერ მოისმენთ კონკრეტიკას ვერცერთი ნამდვილად პასუხისმგებელი ადამიანისგან. რადგან ეს ომია. მაგრამ ოკუპანტებმა ხომ უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ გავრეკავთ საზღვრებამდე, ჩვენს საზღვრებამდე, რომლის ხაზებიც არ შეცვლილა“.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და გააჩაღა სასტიკი ომი, რომელსაც დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG