Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმია განაგრძობს ხერსონზე შეტევას


რუსული ჯავშანმანქანა უკრაინელი სამხედროების მიერ ხერსონთან დაზიანებულ ანტონოვკის საავტომობილო ხიდზე
რუსული ჯავშანმანქანა უკრაინელი სამხედროების მიერ ხერსონთან დაზიანებულ ანტონოვკის საავტომობილო ხიდზე

უკრაინის ხერსონის ოლქის პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხერსონის მცხოვრებთ გაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ სამუშაო ადგილები უნდა დატოვონ. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხერსონში დილიდან ისმის აფეთქებების და სროლის ხმა.

აფეთქებებს ადასტურებს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“. მისი ცნობით, დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ იერიშის მოსაგერიებლად სულ მცირე ხუთი რაკეტა გაუშვა. ამავე სააგენტოს ხერსონის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დღეს ისევ მიიტანეს იერიში მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვკის საავტომობილო ხიდზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდის მწყობრიდან გამოყვანა ივლისიდან დაიწყეს ამერიკული სარაკეტო სისტემებით(HIMARS).

29 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა დაჯგუფება „კახოვკამ“ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში გაარღვიეს რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველი ხაზი. რუსეთის მიერ ხერსონი ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.

29 აგვისტოს ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში სამი მიმართულებით სცადეს შეტევა, რომელიც წარუმატებელი იყო. დღისით, ხერსონის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არ გადასულან და ხერსონში სიმშვიდეა.

გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს და ყირიმს. ზელენსკიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, თუ თავის გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ, ან ტყვედ ჩაბარდნენ.

XS
SM
MD
LG