Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონში განადგურებულია რუსი სამხედროების კიდევ ერთი პოზიცია


ფოტოილუსტრაცია: უკრაინელი სამხედროები ცეცხლს უხსნიან რუსულ პოზიციებს საბრძოლო მანქანა 2S7 „პიონიდან“
ფოტოილუსტრაცია: უკრაინელი სამხედროები ცეცხლს უხსნიან რუსულ პოზიციებს საბრძოლო მანქანა 2S7 „პიონიდან“

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, სოფელ ლვოვოსთან გაანადგურეს რუსეთის მიერ მდინარე დნეპრზე მოწყობილი გადასასვლელი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა იუწყება. მისივე ცნობით, ბერისლავის რაიონში შეტევის შედეგად განადგურებულია რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, 2 ტანკი, 6 ჯავშანმანქანა, 11 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის 3 რეაქტიული სისტემა და სხვა ტექნიკა და ლიკვიდირებულია 82 სამხედრო.

29 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა დაჯგუფება „კახოვკამ“ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით(HIMARS) უკვე გაანადგურეს ხერსონის მახლობლად მდებარე პრაქტიკულად, ყველა დიდი ხიდი.

29 აგვისტოს, ოპერატიული დაჯგუფება „კახოვკა“ ასევე, იუწყებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაარღვიეს რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველი ხაზი. რუსეთის მიერ ხერსონი ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წუხელ განაცხადეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში სამი მიმართულებით სცადეს შეტევა, რომელიც წარუმატებელი იყო და უკრაინის არმიამ დაკარგა 560-ზე მეტი სამხედრო, 26 ტანკი, 23 საბრძოლო მანქანა და 2 მოიერიშე თვითმფრინავი. დღისით, ხერსონის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არ გადასულან და ხერსონში სიმშვიდეა.

გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს და ყირიმს. ზელენსკიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, თუ თავის გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ, ან ტყვედ ჩაბარდნენ.

XS
SM
MD
LG