Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავი კვამლი: მამა იძიებს კრეისერ „მოსკვაზე“ ვაჟის დაღუპვის გარემოებებს


შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" სევასტოპოლის უბეში. 2022 წ. 10 აპრილი.
შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" სევასტოპოლის უბეში. 2022 წ. 10 აპრილი.

რუსეთის სამხედრო ფლოტის მატროსი ეგორ შკრებეცი კრეისერ „მოსკვაზე“ სამსახურისას დაიღუპა. მამამისმა, დმიტრი შკრებეცმა 21 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი - „შეკითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“.

პუბლიკაციაში შკრებეცი წარმოადგენს მის ხელთ აღმოჩენილ დოკუმენტებს, მსჯელობს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერის დაღუპვის მიზეზებზე და იმაზე, თუ ვინ არის ამაში დამნაშავე.

დმიტრი შკრებეცი ვაჟიშვილ ეგორთან ერთად
დმიტრი შკრებეცი ვაჟიშვილ ეგორთან ერთად

სოცქსელ „ვკონტაქტეში“ დმიტრი შკრებეცმა აქტიურობა დაიწყო 17 აპრილს, როცა მიხვდა, რომ მანამდე სამი დღით ადრე დაღუპული კრეისერ „მოსკვის“ შესახებ ხელისუფლება ტყუილებს ავრცელებდა.

ე.წ. სპეცოპერაციის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ საუბარი დმიტრი შკრებეცმა არ იუსურვა, თუმცა თქვა, რომ დღეს იმისთვის, რომ პრობლემები შეგექმნას, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანისთვის ირიბად შეხედვაც კმარა.

აფეთქება თუ კვამლი?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, კრეისერ „მოსკვის“ სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც საბრძოლო ჭურვების დეტონაცია გამოიწვია. მოგვიანებით შავი ზღვის ფლოტმა დმიტრის განუცხადა, რომ აფეთქდა რაკეტები „ბაზალტი“, რომლებიც ზედა გემბანზე იყო განთავსებული. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც ეგორ შკრებეცი დაღუპულადაა მიჩნეული, ნათქვამია: „2022 წლის 13 აპრილს, 14:20 საათზე, სარაკეტო კრეისერ ‘მოსკვის’ მე-8 და მე-13 ნაკვეთურებში გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომელმაც ფართო ხასიათი მიიღო და მან მოიცვა 3-დან 14-მდე ნაკვეთურები.“

„მოწმეთა ნათქვამიდან ვიცი, რომ 14:20-ზე აფეთქება მოხდა სასადილოსა და კამბუზის რაიონში,“ მოუყვა დმიტრი შკრებეცი რადიო თავისუფლებას. „თუკი 14:20-ზე ამ ნაკვეთურებში ხანძარი გაჩნდა და ამავე დროს აფეთქება და ხანძარი სასადილოსა და კამბუზის რაიონებში, რომლებიც გემის ცენტრთან უფრო ახლოსაა, მაშინ უცნაურ სურათს მივიღებთ. თუკი ვივარაუდებთ რაკეტის მოხვედრას სასადილოსა და კამბუზის რაიონში, მაშინ მივიღებთ მყისიერ აალებას, კერის გარშემო დერეფნებისა და კარების ბლოკირებას გემის სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად. შესაბამისად, ზოგიერთ ადგილას ალი მძვინვარებს. ამის შემდეგ ცეცხლი შეიძლება სამანქანო განყოფილებაზეც გადასულიყო. საბრძოლო კომპლექტის აფეთქების ვერსია გაუგებარია - ის ზედა გემბანზე მდებარეობს. ხანძარი რომ სადმე შიგნით ყოფილიყო, ამუშავდებოდა სახანძრო სიგნალიზაცია, სახანძრო გუნდს ხანძრის ჩაქრობა უნდა დაეწყო. ეს თუ არ გამოუვიდოდათ, გადაკეტავდნენ აალების კერებს და მშვიდად შეუდგებოდნენ სავალდებულო სამსახურის მეზღვაურების ევაკუაციას მაინც. ასე რომ, აქედან ჩემთვის ნათელია, რომ მოხდა რაღაც განსაკუთრებული, რისთვისაც არავინ იყო მზად,“ დაასკვნის დმიტრი.

დარწმუნებული ვარ, მათი გადარჩენა შეიძლებოდა, აფეთქების მომენტში თუ არ დაღუპულან.

დმიტრი ჰყვება, რომ მის ვაჟთან ერთად აფეთქების მომენტში კამბუზში იმყოფებოდა კიდევ ორი ადამიანი. ერთ-ერთ-ერთი მათგანია სავალდებულო სამსახურის მეზღვაური ლეონიდ სავინი, რომლის სიკვდილი ოფიციალურად აღიარა რუსეთის ხელისუფლებამ.

„ერთად მოხვდნენ ‘მოსკვაზე’, ერთად მსახურობდნენ კამბუზში, კარგი ამხანაგები გახდნენ, ერთადაც დაიღუპნენ,“ ჰყვება მამა. „ის ჩემს ვაჟთან ერთად ილუმინატორთან იყო აფეთქების მომენტში. ეს მარცხენა ბორტია - სწორედ იქ მიფრინდა ყველაფერი...უნდა ითქვას, აბსურდული ვითარებაა. ოთხი ადამიანია (მოგვიანებით კიდევ ერთი მატროსი მივიდა იქ სხვა ნაკვეთურიდან), ხდება აფეთქება, ღია ცეცხლი არ არის - ამას ყველა იმეორებდა სასამართლოზე, სადღაც იწვოდა გაყვანილობა, შავი შხამიანი კვამლი კი სხვა სათავსოებიდან მოდიოდა. როგორც მოწმეები ამბობდნენ, თითქოს ეგორმა თქვა, რომ საჭიროა კამბუზიდან გაღწევა და გასასვლელის პოვნა. გამოდის, რომ ერთი ადამიანი გამოდის ნამსხვრევებიდან (საიდან უნდა გაჩენილიყო ისინი?), მეორე - ხორცის განყოფილებიდან, ხოლო იმის ინიციატორი, რომ გაღწევა იყო საჭირო, ჩემი ვაჟი, და ლიონია სავინი კიდევ ცოტა ხანს დარჩნენ შხამიანი კვამლის სასუნთქად? ერთ-ერთი მოწმე კამბუზის მეორე ბოლოში იმყოფებოდა, ის აფეთქების ტალღამ გადააგდო. ნამსხვრევებიდან ისიც კი გამობობღდა დამწვრობებით, თავის ქალისა და თავის ტვინის ღია ტრავმით, ეგორი და ლიონია კი უშუალოდ ილუმინატორთან იყვნენ და პირველებმა მიიღეს დარტყმა საკუთარ თავზე. იმავე მოწმემ ჰოსპიტალში პირველივე საუბრისას მითხრა: ‘ხომ გესმით, ყველაზე შორს ვიყავი’. შეკითხვაზე, მაშინვე დაიღუპნენ თუ არა ლიონია და ეგორი, მან თავი დამიქნია. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მისი ვერსია უკვე შეიცვალა.

ჰოსპიტალში მივედი რამდენიმე შეკითხვისთვის. მკითხა: ‘გნებავთ, რომ მოგიყვეთ, როგორ იყო ყველაფერი?’ ისეთი სახე ჰქონდა, როგორც მოსწავლეს, რომელმაც კარგად მოამზადა გაკვეთილი და მზად არის საპასუხოდ. [ამ მონათხრობში] ეგორი უკვე ცოცხალია, ლიონიაც ცოცხალია, თუმცა ადრე მას არ უთქვამს ეს...

ეგორ შკრებეცი თანამოსამსახურეებთან ერთად.
ეგორ შკრებეცი თანამოსამსახურეებთან ერთად.
იქით ვიხრები, რომ სამაშველო ოპერაცია არ ჩატარებულა.

მოგვიანებით მომცეს ორი მოწმის წერილობითი ჩვენებები. იქ სავინი საერთოდაც არ არის ნახსენები... ჩანს, ადამიანები უბრალოდ დაამუშავეს. სასამართლოზე ვიკითხე, საიდან გაჩნდა კამბუზში კვამლი. მოწმემ მიპასუხა: ‘დარტყმამ გადამაგდო, გონება დავკარგე და არ მახსოვს...’ რას შეეძლო ის გადაეგდო, კვამლს ხომ არა? დარწმუნებული ვარ, რომ მათი გადარჩენა შეიძლებოდა, თუკი ისინი აფეთქების მომენტში არ დაიღუპნენ. შეიძლებოდა, გადაერჩინათ დაჭრილები და ცოცხლები, რომლებიც სათავსოებში იყვნენ მოქცეული. მოწმეები, რომლებიც კამბუზიდან გამოძვრნენ, ამბობენ, რომ მათ არავინ შეხვედრია. თანამოსამსახურეებს შეატყობინეს, რომ კამბუზში ადამიანები დარჩნენ. კარები ჩახერგილი რომც ყოფილიყო, მაშველებსაც ისევე შეეძლოთ გაღწევა, როგორც მოწმეებს. ორმა ბიჭმა დამწვრობებით, ტრავმებით შეძლო გამოღწევა. ჯანსაღმა მეზღვაურებმა კი ვერ შეძლეს შეღწევა. ან სამაშველო ოპერაცია საერთოდ არ ყოფილა, ან გვამები ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მათი ევაკუაციის საშუალებაც არ იყო. მე ვიხრები იმ აზრისკენ, რომ სამაშველო ოპერაცია, როგორც ასეთი, არ ჩატარებულა. ვიღაც თავისით გამოძვრა, ვიღაც შემთხვევით შეამჩნიეს. საქმე ისაა, რომ თავიდანვე თუ აღიარებენ, რომ იყვნენ დაღუპულები, მაშინ მოვითხოვთ გვამებს, გვამებზე კი იქნება იმის კვალი, რომ ბიჭები, მაგალითად, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ამის შემდეგ იძულებული იქნებიან, ანგარიში ჩააბარონ, მოჰყვნენ ვინ როგორ დაიღუპა. და როცა ხალხი გაიგებს, რომ ხანძარი იყო სამანქანო განყოფილებაში, მეზღვაურები კი კამბუზში დაიღუპნენ, შეკითხვები გაჩნდება. უფრო იოლია, არავინ იპოვო და გემი ფსკერზე გაუშვა. მხოლოდ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - გემი რომ სევასტოპოლში ჩაეყვანათ, არავითარი საიდუმლოები არ იქნებოდა.“

საიდუმლო მასალები

დმიტრი შკრებეცი ამტკიცებს, რომ მოიპოვა დოკუმენტები სახელწოდებით „ცნობა-ანგარიში სარაკეტო კრეისერ ‘მოსკვის’ მდგომარეობის შესახებ 2022 წლის 10 თებერვლისთვის“. მისი სიტყვებით, დოკუმენტში „დეტალურად არის აღწერილი ყველა კვანძის, აგრეგატის, სარადიოლოკაციო მოწყობილობისა და მთელი შეიარაღების მდგომარეობა, ხომალდის საწვავისა და მარაგების რაოდენობა; ფლაგმანის ყველა შემადგენლის განვლილი და მომავალი შემოწმებების თარიღები, მატერიალური საშუალებების, მარაგებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობა, მათი ჩატვირთვის თარიღები“.

კრეისერ "მოსკვას“ საფუძვლიანი მოდერნიზაცია უნდა გაევლო, ან მუზეუმად უნდა ქცეულიყო, რაც უკეთესი იქნებოდა.

დმიტრიმ დოკუმენტები სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტთან არსებულ ფსბ-ს განყოფილებაში მიიტანა. იქ მას ჰკითხეს, ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინმესთვის ხომ არ უჩვენებია ეს დოკუმენტები. მოგვიანებით დოკუმენტების ასლები გამოართვეს. რამდენიმე დღის შემდეგ შკრებეცს დაურეკეს და უთხრეს, რომ დოკუმენტები შეიძლება ყალბი აღმოჩნდეს.

სამხედრო პროკურატურაში თქვეს, რომ დოკუმენტები ნამდვილია, მაგრამ ისინი ხუთი წლის წინანდელია, მიუხედავად იმისა, რომ მათში ახალი თარიღები წერია.

დმიტრის მიაჩნია, რომ თუკი ყველაფერი, რაც დოკუმენტებში წერია, სიმართლეა, მაშინ „მოსკვას“ საფუძვლიანი მოდერნიზაცია უნდა გაევლო, ან მუზეუმად უნდა ქცეულიყო, რაც უფრო კარგი იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ კრეისერის ასაკს.

რას აკეთებდნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში სავალდებულო სამსახურის მეზღვაურები?

„მოსკვა“ 10 აპრილს გავიდა ზღვაში. დმიტრის თქმით, მას წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ხომალდი სწორედ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილისკენ გაემართებოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ რადგანაც მისი ვაჟი მსახურობდა არა უბრალო გემზე, არამედ შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე, ის კარგად იყო დაცული ანტისაჰაერო სისტემებით, მხარდამჭერი გემებითა და ავიაციით, სამხედრო თანამგზავრები კი, თავის მხრივ, აუცილებლად შეისწავლიდნენ ყველა ნაპირს მიმდებარე რაიონებში.

„არ ვიცი, რით შეიძლება აიხსნას ნაპირთან ახლოს მისვლის სურვილი. იქნებ დესანტის გადასხმა სურდათ?“ - ამბობს დმიტრი.

მან გამოთვალა, რომ ხანძრის მომენტში გემი დაახლოებით 150 კილომეტრში იმყოფებოდა ოდესიდან. ოფიცერი სამხედრო პროკურატურიდან დმიტრის მოუყვა, რომ კრეისერს დრონი უთვალთვალებდა.

მორჩა, ირა, ჩვენი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

„24 თებერვალს სატელეფონო ზარით გამაღვიძეს,“ იხსენებს დმიტრი შკრებეცი. „დაახლოებით დილის 6 საათი იქნებოდა. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მახსოვს, რომ საწოლზე წამოვჯექი და ცოლს ვუთხარი: ‘მორჩა, ირა, ჩვენი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო’. მეორე დღეს, როცა უკვე კრეისერი კუნძულ ზმეინისთან ვიხილეთ, ყველაფერი გასაგები გახდა. 24 აპრილს ჩატარდა შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. იქ იყო თავად ოსიპოვი (იგორ ვლადიმირის ძე ოსიპოვი - შავი ზღვის ფლოტის სარდალი. ამჟამად მოხსნილია თანამდებობიდან. - რედ.). მათი მხრიდან მინიმუმ 10 ადამიანი იყო: მოადგილეები, სამხედრო პროკურატურის ხალხი, ფსბ-ს თანამშრომლები და ფსიქოლოგები, თუ ვინმე ცუდად გახდებოდა. სწორედ მაშინ შეგვატყობინეს, რომ ჩვენი ვაჟი არ ირიცხებოდა ცოცხლებსა და დაჭრილებს შორის. თავდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე განაგრძობდნენ ტყუილებს, რომ ყველა ცოცხალია... შეკითხვაზე, რატომ არ მოხსნეს გემიდან სავალდებულო სამსახურის მეზღვაურები, ოსიპოვმა გვიპასუხა, რომ გემზე არის პოსტები, რომლებზეც სამსახური შეუძლიათ სავალდებულო სამსახურის მეზღვაურებსაც და რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაშვებულია მათი მონაწილეობა. მაშინ სარდალს ვუთხარი: ‘თქვენ პირველი ბრძანდებით, ვინც უნდა აგოს პასუხი მომხდარისთვის’. არ ვიცი, შეუძლია თუ არა გაიგოს, რას ნიშნავს ვაჟის დაკარგვა. ადამიანები, რომლებიც მის გვერდით ისხდნენ, ცდილობდნენ ისეთი ატმოსფერო შეექმნათ, რომ თავი განმარტოებულად არ გვეგრძნო. მთლიანობაში, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ყველაფერი ეს.“

დმიტრი შკრებეცი რადიო თავისუფლებას მოუყვა, რომ შავი ზღვის ფლოტის სარდალ ოსიპოვის გარდა თანამდებობებიდან მოხსნეს ნაწილის მეთაური და მისი თანაშემწე (სავარაუდოდ ლაპარაკია 84201-ე სამხედრო ნაწილზე).

ფოტო დმიტრი შკრებეცის არქივიდან
ფოტო დმიტრი შკრებეცის არქივიდან

ის აპირებს მიაღწიოს იმას, რომ „მოსკვის“ დაღუპვის წლისთავისთვის სევასტოპოლში აიგოს მემორიალი დაღუპულების სახელებით. „ვინაიდან ხელისუფლებამ დრო ვერ გამონახა, რაიმე სახის სამძიმარი მაინც გამოეხატა, როგორც ეს გააკეთეს ‘კურსკის’ დაღუპვის შემდეგ, მემორიალი მაინც გააკეთონ - მოხარული ვიქნებით,“ ამბობს დმიტრი შკრებეცი. „მარცვალ-მარცვალ გავაგრძელებ ინფორმაციის შეგროვებას და ყოველნაირად შევუწყობ ხელს იმას, რომ მომხდარის საერთო სურათი აღდგეს. ეს იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან სიმართლე, დაეხმარება, შეწყვიტონ დუმილი“.

XS
SM
MD
LG