Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ომის საწინააღმდეგო მოძრაობა ექვსი თვის შემდეგ: რა დაემართა პლანეტის "ყველაზე მნიშვნელოვან ხალხს"?


6 მარტს რუსეთის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავა 69 ქალაქში, რომლებიც აპროტესტებდნენ იქამდე ორიოდ კვირით ადრე მოსკოვის შეჭრას უკრაინაში.

OVD-Info-ს თანახმად, რომელიც რუსეთში რეპრესიების მონიტორინგს ახორციელებს, შეჭრიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში, რუსეთში, მთლიანობაში, დაახლოებით 13 500 ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი იყო დაკავებული, ხანდახან სასტიკი ფორმითაც.

ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ, 11 მარტს ციხიდან მოუწოდა რუსებს, ნუ დაუჯერებდნენ სახელმწიფო პროპაგანდას და ნუ შეეშინდებოდათ, და გამოაცხადა, რომ "შეშლილ მანიაკ [პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინს ყველაზე სწრაფად შეაჩერებს რუსი ხალხი, თუ ისინი ომის წინააღმდეგ გამოვლენ".

ნავალნიმ მათ, ვინც პროტესტს გამოხატავს, უწოდა "ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი პლანეტაზე" და თავისი პოსტით ინსტაგრამზე მათ არწმუნებდა, რომ ომის წინააღმდეგ გამოსვლა "არ არის ფუჭი ბრძოლა".

დაახლოებით იმავე დროს, სოციოლოგმა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ისკანდერ იასავეევმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის ომისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა "რამდენიმე კვირაში შესუსტდება".

"ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიწყებს ვითარების შედარებას იმასთან, რასაც საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ", თქვა იასავეევმა. "ისინი მიხვდებიან, რომ სიცრუესა და პროპაგანდას ხედავენ".

"სადამდე გაგრძელდება ეს?" - განაგრძო მან. "ვიტყოდი, რომ მანამდე, სანამ ხალხს შეეძლება საკუთარი თავის მოტყუება. არსებობს უამრავი ინფორმაცია, მათ შორის, სანდო მონაცემები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. ვფიქრობ, ხალხი დაიწყებს ფიქრს იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ომი სინამდვილეში".

თუმცა, ექვსი თვის შემდეგ, ნავალნისა და იასავეევის მსგავსი განცხადებები არ გამართლდა.

დასავლეთის ყველაზე სანდო შეფასებებით, სულ მცირე, 15 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში გასული ექვსი თვის განმავლობაში. ეს რიცხვი აღემატება 1980-იან წლებში ავღანეთში საბჭოთა ომში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვს.

მეტიც, იელის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, 1000-ზე მეტმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი - ეს მხოლოდ ერთ-ერთია ყველაზე თვალსაჩინო ნიშანთაგან დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების შედეგისა, რომლებიც რუსეთის შეჭრის შედეგად დაწესდა.

ბევრი ომის მოწინააღმდეგე მომიტინგე დააპატიმრეს ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, რაც ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ასობით ათასმა რუსმა - მათ შორის ბევრი ომის წინააღმდეგია - ქვეყანა დატოვა.

ომის გაჭიანურების პირობებში, უკიდურესად ძნელი გახდება ომის საწინააღმდეგო მასობრივი მოძრაობის ან თუნდაც მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების რაიმე ნიშნების დანახვა.

ომის საწინააღმდეგო მოძრაობა შემოიფარგლება მამაცი ინდივიდების მცირე რაოდენობით, რომელთათვისაც მორალურად მიუღებელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრა იმ მომენტიდან, როცა ამის შესახებ შეიტყვეს.

"სრული უსუსურობის შეგრძნება"

"მე მზად ვარ, ციხეში წავიდე", - თქვა სამედიცინო სკოლის მასწავლებელმა, ოლგა ნაზარენკომ, რომელიც შეჭრის შემდეგ თითქმის ყოველკვირეულად აწყობს ერთკაციან საპროტესტო გამოსვლას ივანოვოში, მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 250 კილომეტრში მდებარე ქალაქში.

"თუ ეს მოხდება, მოვიხდი ჩემი პატიმრობის ვადას და როცა გამათავისუფლებენ, კვლავ გავაგრძელებ ჩემს პიკეტებს. მე ციხის არ მეშინია. ხალხი იქაც ცხოვრობს. ყველას ვერ ჩაგვსვამენ ციხეში. ყველას ვერ გააჩუმებენ".

ნაზარენკომ თქვა, რომ თავიდან ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ როცა ისინი სულ უფრო და უფრო იშვიათად იმართებოდა, ერთკაციან საპროტესტო გამოსვლებზე გადავიდა, რასაც, როგორც ხედავდა, სხვები სოციალურ მედიაში აკეთებდნენ.

მან დასძინა, რომ ბევრი მის საპროტესტო გამოსვლებზე "აგრესიულად" რეაგირებდა. საღებავი შეასხეს, ვიღაცამ ლათინური ასო Z დააწერა - სიმბოლო, რომლითაც კრემლის მომხრეები მხარს უჭერენ ომსა და რუს სამხედროებს, მისი სახლის საფოსტო ყუთს დააწერეს "უკრაინელი ცხოველი".

ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის დაკავება. 2022 წლის 6 მარტი. ეკატერინბუგრი, რუსეთი.
ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის დაკავება. 2022 წლის 6 მარტი. ეკატერინბუგრი, რუსეთი.

"მაგრამ მე ეს წარწერა ლურჯი და ყვითელი ყვავილებით მოვრთე და ახლა ის საკმაოდ ლამაზადაც კი გამოიყურება", - ამბობს ნაზარენკო.

სამხრეთით მდებარე ქალაქ ასტრახანში, 19 წლის სტუდენტმა, რომელმაც თავისი ვინაობის დასახელება ითხოვა მხოლოდ სახელით - დილარა, იმის შიშით, რომ მისი შეხედულებების გამოხატვას შედეგები მოჰყვებოდა - თქვა, რომ ქალაქში ახლა "თითქმის არ არსებობს პოლიტიკური ცხოვრება".

"გასულ წელს რაღაც მცირე იმედი არსებობდა ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე", თქვა მან. "მაგრამ ახლა, მსგავსს ვერაფერს ვხედავ. სრული შეგრძნებაა უსუსურობისა, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლებები, არანაირი გავლენა. თუ ომის წინააღმდეგი ხარ, გარიყული ხარ..."

ილმირა რახმატულინა, 30 წლის ქორეოგრაფი უფიდან, ბაშკირეთის დედაქალაქიდან, რეგულარულად აპროტესტებს ომს 24 თებერვლის შეჭრის შემდეგ. ის იყო ერთ-ერთი იმ 5000 რუსიდან, რომლებიც 6 მარტს დააპატიმრეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების დროს.

"რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა ომის ამ ეტაპის დასაწყისში, რუსეთში სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი იღებს მონაწილეობას ომის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში", უთხრა მან რადიო თავისუფლებას. "მათ ეშინიათ რეპრესიების საკუთარი თავის და თავიანთი ოჯახების წინააღმდეგ. მე ჯერჯერობით არ მყავს ქმარი ან შვილები, ამიტომაც ალბათ შემიძლია უფრო მამაცი ვიყო. მე არ განვსჯი იმ ხალხს იმის გამო, რომ ეშინიათ. მაგრამ, ამავე დროს, არ შეიძლება გაჩუმებულები ვიყოთ".

"ვერაფერს ვხდები"

რახმატულინა ამბობს, რომ სჯერა იმის, რომ მისი საპროტესტო გამოსვლები "ამაო არ არის", რადგან ზოგიერთი გამვლელი მხარს უჭერს ცერა თითის მაღლა აწევით ან სხვა რამ მსგავსი ჟესტით. ის ამბობს, რომ "აგრესიის მხარდამჭერებთან" დისკუსიებისას, ცდილობს, დაარწმუნოს ისინი თავის პოზიციაში.

"მაგრამ მათ უმრავლესობასთან ვერაფერს გახდები, ისინი საფუძვლიანად არიან ზომბირებული პროპაგანდით".

მოსკოველმა სოციოლოგმა, ლევ გუდკოვმა, სოციოლოგიური სააგენტო "ლევადა ცენტრის" მთავარმა მკვლევარმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ხანმოკლე საწყისი პერიოდის დაბნეულობის შემდეგ, რუსეთის საზოგადოების დიდმა ნაწილმა - "პროპაგანდის გავლენის ქვეშ" და იმის გამო, რომ აიცილოს "ამ ომის უსიამოვნო გარემოებები" - განიცადა "აპათიის, ინდიფერენტულობის გაძლიერება, დისტანცირება ყველაფრისგან, რაც იქ ხდება".

"და რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ეს ხდებოდა ზუსტად იმ ჯგუფებს შორის, ვისგანაც სრულიად განსხვავებულ რეაქციას მოველოდი - ახალგაზრდა ხალხისგან, უფრო შეძლებული ხალხისგან, უფრო განათლებული ხალხისგან", - თქვა გუდკოვმა. "ისინი ყველაზე სწრაფად გატყდნენ და დაიწყეს ყველაზე მეტი გულგრილობისა და ტოლერანტების გამოვლენა ამ ომის მიმართ“..

გუდკოვმა თქვა, რომ კვლევამ აჩვენა "ემპათიისა და ადამიანურობის ნაკლებობა", რასაც ის ნაწილობრივ მიაწერს "მასობრივი ცნობიერების ძალადობრივ ტოტალიზებას", რომელიც პუტინის სისტემამ განახორციელა 2003-04 წლებში.

მისი თქმით, ამ პროცესის გამოვლინება იყო სამხედროებისა და საიდუმლო პოლიციის განდიდება, იმ იდეის პროპაგანდა, რომ ხელისუფლებას აქვს სუვერენიტეტი მოქალაქეებზე, და საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის რეაბილიტაცია.

"ნორმალური ხალხი უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში"

ბოლო ექვსი თვის გამოცდილებით, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომლებიც რადიო თავისუფლებას ესაუბრნენ, მომავალს შეშფოთებით უყურებენ და მათი უმეტესობა აღიარებს, რომ რეალურ ცვლილებებს რუსეთში წლები ან შეიძლება თაობები დასჭირდეს.

ასეთი ხანგრძლივი ვადები მცირე ნუგეშია უკრაინელებისთვის, რომლებიც მასობრივ შეჭრას სიცოცხლის და მატერიალური ზარალის ფასად იგერიებენ.

"მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - თქვა ბაშკირელმა საპროტესტო გამომსვლელმა, რახმატულინამ. "მთავარია, რომ ნორმალური ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ 15 ან 20 წლის განმავლობაში, რუსეთი ამოძვრება ამ ორმოდან, რომელშიც ჩავარდნილია და დაიწყებს ნორმალური, ადამიანური საფუძვლების აღდგენას".

ვლადიმირ კუზნეცოვი, 37 წლის ყოფილი ჟურნალისტი პენზიდან, უკრაინაში შეჭრას თებერვლის შემდეგ აპროტესტებს და თავის განსხვავებულ აზრს ხელოვნების ნიმუშების პერფორმანსით გამოხატავს.

"ეს ომი ოდესღაც დამთავრდება", თქვა მან, "მაგრამ ხალხმა სული უნდა განიკურნოს. როგორ? მჯერა, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ხელოვნების დახმარებით".

"სანამ არ შევცვლით საკუთარ თავს და მთავრობას, რეალურად არაფერი შეიცვლება", თქვა მან.

რობერტ ლატიპოვი ახლა დახურული, უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ პერმის ფილიალის ყოფილი დირექტორია. მან ივლისში გამოაცხადა, რომ რუსეთს ტოვებს.

„იქნება ნათელი მომავალი და იმედი მაქვს, რომ მოვესწრებით“, - ფიქრობს ლატიპოვი. „მგონია, რომ როცა ჩვენი პოლიტიკური რეალობა შეიცვლება, გამოჩნდება შესაძლებლობა. მაგრამ ჯერ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს“.

„ვხედავთ, რა დონეზეა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ზომბირებული“, განაგრძობს ის. „მათ ძალიან უბრალო ამბებზე უნდა ველაპარაკოთ, რომ ომი ომია და მშვიდობა მშვიდობაა. საჭიროა გავწმინდოთ „ავგიას თავლა“, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა რეჟიმმა ააშენა“.

სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ვორონეჟში ცხოვრობს ნიკიტა გოლოვიზინი. მას თებერვლის მერე თავის აივანზე უკრაინის დროშა ჰქონდა გამოკიდული წარწერით: „არა ომს!“

მისი მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეები „გაწამებული არიან სიცრუით“ და მრავალწლიანი უსუსურობით - ზემოქმედება მოახდინონ მოვლენებზე.

„ხალხი თავიანთ უსუსურობას უკვე ნორმად თვლის“, ამბობს ის. „ისინი მიეჩვივნენ ნეხვში ცხოვრებას და ეს ნორმალური ჰგონიათ“.

გოლოვიზინის თქმით, 24 თებერვალ უკრაინაში შეჭრამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა:

„24 თებერვლამდე მომავალზე ვფიქრობდი, გეგმები მქონდა, - ამბობს ის, - მაგრამ მათგან არაფერი დარჩა. გამოყრუებული ვცხოვრობ. ძალიან ძნელია უყურო, როგორ იჭერენ ხალხს ანტისაომარ გამოსვლებზე, ძნელია იკითხო ინტერნეტის სტატიები, იარო ქუჩებში და უყურო ამ ხალხს, Z-ის ნიშნით რომ დადიან“.

„მაგრამ სანამ არ მოვკვდებით, ვიცოცხლებთ, - დაასკვნის ის, - ანუ, მოვალე ვართ. ხალხი უარეს პირობებში ცხოვრობდა, საკონცენტრაციო ბანაკებსა და გულაგში“.

გოლოვიზინი დასძენს, რომ ბევრი გერმანელი იყო ჰიტლერის წინააღმდეგი, „მაგრამ ყველას მოუწია მისი [დანაშაულისთვის საფასურის] გადახდა. და ყველა ჩვენგანსაც მოუწევს გადახდა“.

ივანოვოში აქციის მონაწილე, ნაზარენკო მოელის, რომ რუსეთში ცვლილებებს „ასი წელიწადი“ დასჭირდება.

„თუ ჩვენი შვილების სწორად აღზრდას შევძლებთ და ისინი კი თავიანთ შვილებს აღზრდიან სწორად, რაღაც დროს საკმარისი იქნება იმ ადამიანების რიცხვი, რომ ცვლილებები დაიწყოს. მაგრამ ჩემი თაობა ამას ვერ მოესწრება“, - ამბობს ის.

XS
SM
MD
LG