Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ტოვებენ სამსახურს პოლიციელები? - შსს ახალ თანამშრომლებს ეძებს


ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების მასობრივი გადინების შესახებ, რამდენიმე თვეა ვრცელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, თანამშრომლების ნაწილი საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, ნაწილი კი საქართველოშივე, სხვა სამსახურის ძებნას იწყებს. უწყების ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლაც, შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე ასეული პატაკია დაწერილი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

თანამშრომლების მასობრივი გადინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, 17 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანსიის დასაკავებლად.

განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ არა მხოლოდ უწყების იმ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა, სადაც როგორც წესი, მსგავსი ტიპის ვაკანსიების სია ქვეყნდება, არამედ ინფორმაცია სამინისტროს ფეისბუკის გვერდზეც ატვირთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს 47 პატრულ-ინსპექტორს, 38 მესაზღვრე კონტროლიორს და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის 60 შემსრულებელს.

რატომ გაიხადა ელენემ პოლიციელის ფორმა?

ელენე (სახელი შეცვლილია) 48 წლისაა. საპატრულო პოლიციაში 15 წელი იმუშავა. პოლიციელის ფორმა 2021 წლის აგვისტოში გაიხადა. ზუსტად ერთ კვირაში კი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, ოჯახში დამხმარედ სამუშაოდ წავიდა.

ელენეს, კაპიტნის წოდებით, ახლაც უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ ის პოლიციელი აღარ არის და ფორმას, რომელიც 15 წელი ატარა, აღარასდროს ჩაიცვამს. ლაპარაკისას ცრემლებს ვერ იკავებს.

მიზეზი, რის გამოც საპატრულო პოლიცია დატოვა, ფინანსურ პრობლემებს არ უკავშირდებოდა. თუმცა, სამსახურიდან წასვლის საფუძვლად სწორედ ეს ბანალური მიზეზი დაასახელა. ელენემ სულ სხვა რამის გამო გაიხადა პოლიციელის ფორმა.

სამსახურის დატოვება მან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად სცემეს. ის 11 ივლის, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავებმა მისი ცხედარი ექსპერტიზაზე, ფაქტობრივად, ძალის გამოყენებით, ოჯახის თანხმობის გარეშე გადაასვენეს:

„ლექსოს დაღუპვამ გამიჩინა განცდა, რომ საშინელ ფორმას ვატარებდი და გამიჩნდა შიშის, დაუცველობის განცდა, რომ თუკი სისტემა რაიმეს გადაწყვეტს, ის ყველაფერს გააკეთებს. ამ სისტემის შიგნით თავს დაცულად ვეღარ ვგრძნობდი. ის მოვლენები და რეაქციები, რაც ლექსოს გარდაცვალების დღეს მის სახლში განვითარდა, ჩემთვის იმაზე უფრო დამთრგუნველი აღმოჩნდა, ვიდრე თავად ლექსოს ცემის ფაქტი 5 ივლისს. მქონდა განცდა, რომ ვიყავი ყველაფერი იმის ნაწილი, რასაც ტერორიზმი მოიაზრებს - რომ სისტემა ყოვლისშემძლეა და მას ნებისმიერ დროს შეუძლია რაიმე დაგიშავოს. სწორედ ამ განცდის გამო დავტოვე სამსახური, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრი იყო. არ მინდოდა, რომ იმ სტრუქტურის ნაწილი ვყოფილიყავი, რომელიც წლიდან წლამდე უარესობისკენ იცვლებოდა. არადა, 15 წლის წინ, ეს ფორმა სიამაყით და სიყვარულით ჩავიცვი. დღესაც არ მჯერა, რომ ფორმას აღარასდროს ჩავიცვამ. დღესაც ცრემლების გარეშე არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. 48 წლის ვარ და ეჭვი მეპარება, რომ კიდევ მოვახერხო ამ პროფესიაში დაბრუნება. მეეჭვება, რომ ეს სისტემა დროულად შეიცვალოს და მე ჩემს საქმესთან დაბრუნება შევძლო“.

ელენე გვეუბნება, რომ მის მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არაერთმა მისმა კოლეგამ დატოვა. ელენეს თქმით, ყოფილი პოლიციელები ახლა ცხოვრობენ და მუშაობენ როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ევროპის ჩრდილოეთით, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში:

„ძალიან ბევრმა პროფესიონალმა დატოვა შსს იმიტომ, რომ აღარ უნდოდათ ამ მანკიერი ჯაჭვის რგოლები ყოფილიყვნენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა მითხრა, რომ მე გავიქეცი და შემეშინდა. არ ვიცი, შეიძლება ეს ასეც არის. არასდროს დამიკარგავს ბრძოლის ჟინი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ჩემს უკან იდგნენ ჩემი ოჯახის წევრები და როცა, მაგალითად, სამსახურში რაიმე პროტესტს გამოვთქვამდი, შეიძლება ეს კარგად არ დასრულებულიყო არც ჩემთვის და არც სხვებისთვის. სამსახურიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემს თანამშრომელს სპექტაკლი დაუდგეს და შემდეგ დააკავეს. მივხვდი, რომ თუკი მათ დღის წესრიგს არ ავუბამდი მხარს, ვერც შიგნით და ვერც გარეთ დაცული ვერ ვიქნებოდი“, - ყვება ელენე.

ყოფილი პოლიციელი, რომელიც ახლა ევროპის ერთ-ერთ ქალაქში მოხუცს უვლის, გვეუბნება, რომ იმ სისტემისთვის, სადაც მან ბოლო წლები იმუშავა „ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს ევროპისკენ უკაფავს გზას", ხელის შემშლელია:

„მე ეს კარგად დავინახე შიგნიდან. და თუკი შენ ამაზე პროტესტს გამოთქვამდი, შესაძლოა, შენც გარკვეული პრობლემები შეგქმნოდა. აი, მაგალითად, თუკი გამოხატავდი ღია მხარდაჭერას ლგბტქი თემის მიმართ, პირდაპირ გკითხავდნენ, ”რატომ უჭერ მხარს, შენც „ლეზბიანკა“ ხომ არ ხარ? ვის იცავ, გეებს?“ ერთეული გამონაკლისები არიან, რომლებიც ასეთ თემებს სხვაგვარად უყურებენ. ახლა რომ ვაანალიზებ, ლგბტ თემა იქნება თუ რელიგიური უმცირესობები, ნებისმიერი ისეთი საკითხი, რომელიც არ არის პრორუსული და არის ევროპული ღირებულებების მატარებელი, ყოველთვის უთანხმოების საგანი იყო. ეს სისტემა სავსეა ადამიანებით, რომლებიც დღესვე გაუღებენ კარს რუსეთს და შემოუშვებენ“.

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სისტემას დღესაც ბევრი პოლიციელი ტოვებს და ამის შესახებ ინფორმაციას მას კოლეგები აწვდიან:

„სამსახურის დატოვების მოთხოვნით დაახლოებით 2000 პატაკი დევს შსს-ში, რომელსაც ხელი არ მოაწერეს. ზოგი ისეც მიდის, რომ საერთოდ აღარ ეკითხება არავის. რამდენიმე ხნის წინ, თბილისში, საპატრულო ეკიპაჟის ერთი სმენა მთლიანად წავიდა სამსახურიდან. დილის სმენა გადააბარეს და წავიდნენ. არც პატაკს დალოდებიან და არც არაფერს. ის, რომ შსს თანამშრომლები ტოვებენ, არ არის მოარული ჭორი. ეს არის რეალობა. ჯერ კიდევ მუშაობენ ამ სისტემაში ადამიანები, რომლებიც ვერ მოდიან სამსახურიდან. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. მე დიდი შვილები მყავს და ეს შევძელი, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს არ შეუძლია, რადგან წასასვლელი არ აქვთ და გაჭედილები არიან. არადა, ძალიან ძნელია გაუძლო საზოგადოების მხრიდან წამოსულ კრიტიკას იმის გამო, რაც ამ სისტემაში ხდება, რომელსაც ემსახურები. ძნელია ასეთ დროს ატარო პოლიციელის მანდატი“.

„ყველაფერი ყელშია ამოსული და ყველამ უნდა ვთქვათ სათქმელი“

საპატრულო პოლიციის კაპიტანს, 36 წლის მარიამს (სახელი შეცვლილია), 13 და 14 წლის შვილები ჰყავს. შვილებს დედასთან ერთად ზრდის. ხელფასი - 1500 ლარი, თვიდან თვემდე არ ჰყოფნის. ბანკის ვალი, კრედიტი, სხვა ყოველდღიური პატარ-პატარა ვალები - ამ ყველაფერმა აიძულა, რომ სამსახურიდან წასვლაზე და სხვაგან დასაქმებაზე დაეწყო ფიქრი.

მეცხრე წელია, მარიამი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. არ წარმოუდგენია, რომ ერთ დღესაც გათენდება დილა, როცა პოლიციელის ფორმას აღარ ჩაიცვამს. ამბობს, რომ მისთვის ეს დღე განსაკუთრებით მძიმე და რთული იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზღვარგარეთ წასასვლელად უკვე დაიწყო ნიადაგის მზადება. შვილებსაც თან წაიყვანს.

„ამ სტრუქტურიდან რამდენიმე ადამიანის წასვლამ, ყველანაირი მოტივაცია გამიქრო. მათ ვთვლიდი სამაგალითო ადამიანებად და როცა ვნახე, რომ ისინიც კი წავიდნენ, ამან უფრო დააჩქარა ჩემი გადაწყვეტილება. ეს ადამიანები არავინ გააჩერა. არ დაუფასდათ ის, რასაც თავი მიუძღვნეს. უნდა იცოდეთ, რომ ამ სტრუქტურიდან საკმაოდ გონიერი კადრი გაედინება... მე რომ მტკივა ჩემი ქვეყნის ტკივილი, ისე შეიძლება ბევრს არ სტკიოდეს, მაგრამ როცა შენს უკან შვილები დგანან, იქ უკვე რთულია სხვა რაღაცებზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე სიგიჟემდე მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის მისაღწევად ძალიან ბევრი ვიბრძოლე და ვიშრომე, იძულებული ვარ, სამსახურიდან წასვლაზე ვიფიქრო. ვხედავ, რომ ჩემი ხელფასით ჩემს შვილებს ვერც მომავალს შევუქმნი, ვერც ნორმალურ განათლებას მივცემ. ამ ასაკის ბავშვებს იმდენი რამ სჭირდებათ... ხელფასიდან ხელფასამდე ვალებით მივდივარ. აქედან წასულ ხალხს რომ ვუყურებ, ელემენტარულად, დამლაგებლად რომ მუშაობენ, იმათაც კი უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე მე. მირჩევნია, რომ ჩემს შვილებს შევუქმნა მომავალი, ვიდრე აქ დავრჩე და ბავშვებს ელემენტარულიც ვერ გავუკეთო. არანაირი სამუშაო არ მეთაკილება, მთავარია, ჩემი შრომით იყოს მოპოვებული. მირჩევნია, რომ წავიდე, იქ ვიშრომო და დაფასებული ანაზღაურება ავიღო, ვიდრე ის, რომ აქ ვიშრომო, ყველაფერი გავაკეთო, მთელი სული და გული ჩავდო საქმეში და ვერანაირი დაფასება ვერ ვნახო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი გადასაწყვეტი არ არის, ახლა ერთადერთი გამოსავალია, რომ წავიდე, უნდა ვცადო. უნდა გავრისკო“.

გარდა ფინანსური პრობლემებისა, როგორც მარიამი გვიყვება, სამსახურში განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, ის არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნეც:

„თითქმის სულ ამ სიტუაციაში ვარ. თუკი მუშაობ საჯარო სამსახურში, უნდა გქონდეს დაშტამპული აზროვნება, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის და როცა ამბობ, რომ ყველაფერი არ არის კარგად, მაშინვე აწყდები წინააღმდეგობას. ალბათ უნდა გამებედა და ჩემი სახელით უნდა მომეყოლა ეს ყველაფერი, რადგან იქნებ სხვებსაც ამოეღოთ ხმა და სასიკეთოდ შეცვლილიყო საქმე, მაგრამ ამ ეტაპზე, ვერ გავბედე. კი ბატონო, ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება მიხვდნენ, რომ მე ვილაპარაკე ეს ყველაფერი და ამის გამო პრობლემები შემექმნას, დროზე ადრეც მომიწიოს სამსახურიდან წამოსვლა, მაგრამ ყველაფერი ყელშია ამოსული და ყველამ უნდა ვთქვათ სათქმელი, რომ რაღაც შეიცვალოს“.

„მე არ ვარ გაბრაზებული პოლიციელი, რომელიც გაბრაზდა და იმიტომ წავიდა სამსახურიდან"

ერთი წლის წინ დატოვა სამსახური 34 წლის ანა აკოფოვამ. 10 წელი მან ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გაატარა - მივიდა როგორც რიგითი და სამსახური გამომძიებლის სტატუსით დატოვა. ძალოვანი სტრუქტურიდან წასვლა მას არ გადაუწყვეტია ფინანსური თუ სისტემის შიგნით არსებული პრობლემების გამო. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მან სამსახურიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დასახულ მიზანს მიაღწია და როცა მიხვდა, რომ მისი ყოველდღიური სამუშაო ავტომატიზირებული, რუტინული გახდა, სახლში წასვლა გადაწყვიტა.

„წლების წინ მე რიგითად დავიწყე მუშაობა და მინდოდა, რომ გავმხდარიყავი სრულფასოვანი გამომძიებელი. ამას მივაღწიე და რაც მთავარია, მივაღწიე აბსოლუტურად დამოუკიდებლად. მე ჩემი საქმე უბრალოდ კი არ მიყვარდა, შეპყრობილი ვიყავი ჩემი საქმით. არასრულწლოვნების სპეციალიზაციით ვმუშაობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ჩემს პრაქტიკაში ბევრი რამ შევცვალე. ვერ ვიტყვი, რომ სისტემაში შევცვალე რაიმე, მაგრამ ჩემს ირგვლივ არსებული მოცემულობა შევცვალე. თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი საქმე ავტომატიზირებული, მექანიკური გახდა, სადაც უკვე ჩნდება რისკი, რომ შეცდომა დაუშვა, გადავწყვიტე, სამსახური დამეტოვებინა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ კი, ზუსტად ახლაა წასვლის დრო, რადგან ეს ყველაფერი რუტინაში გადაიზარდა“.

იმ წლების განმავლობაში, რაც ანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმუშავა, არაერთ პრობლემას თუ სირთულეს გადასწყდომია, მაგრამ როგორც მეუბნება, ცდილობდა, ამ პრობლემებზე ხმამაღლა ელაპარაკა და მისი გადაჭრის გზებზე ეზრუნა:

„მე არ ვარ გაბრაზებული პოლიციელი, რომელიც გაბრაზდა და იმიტომ წავიდა სამსახურიდან. მე ვარ პოლიციელი, რომელიც თუ სათქმელი და გასაკრიტიკებელი იყო, აუცილებლად ვამბობდი ამას სისტემაში და ამ პრობლემების შესახებ ლაპარაკი არ დამიწყია მას შემდეგ, რაც პოლიციიდან წამოვედი. ვერ ვუგებ პოლიციელებს, რომლებიც მიდიან და მერე ლანძღავენ სისტემას. მე თუ რაღაც არ მომწონდა, ამის შეცვლას შიგნიდანვე ვცდილობდი, თუნდაც მინიმალური დოზით“.

ანა აკოფოვა, რომელიც ახლა სულ სხვა, განათლების მიმართულებითაა დასაქმებული, თვლის, რომ კადრების მასობრივი გადინება, სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, რასაც ანალიზი და შემდეგ უკვე პრობლემების გამოსწორებაზე ფიქრი სჭირდება:

„თუ ხელფასია პრობლემა, ხელფასი უნდა გაზარდოს. როდესაც ადამიანს დაწინაურების შესაძლებლობა აღარ ეძლევა იმის გამო, რომ შტატი არ არის, მაშინ შტატი უნდა დაამატოს. უნდა უპასუხოს გამოწვევებს და მოთხოვნებს, რადგან სისტემიდან თანამშრომლების გადინება ტყუილად არ ხდება. ეს პირდაპირ მიუთითებს პრობლემაზე. თუკი გადავხედავთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმს, რომლებმაც ბოლო პერიოდში სისტემა დატოვეს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან აზარალებს სისტემას, რადგან ამ ადამიანებმა რაღაც შექმნეს, რაღაც გააკეთეს. ეს ადამიანები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სტრუქტურის განვითარებაში და სწორი, ევროპული, დემოკრატიული ტენდენციების დასახვაში“.

  • რამდენმა პოლიციელმა დატოვა სამსახური ბოლო ერთ წელში?
  • ხომ არ უკავშირდება 150-მდე ახალი ვაკანსიის გამოცხადება შსს-დან თანამშრომლების მასობრივი გადინების პროცესს?
  • გამოცხადებულა თუ არა აქამდე კონკურსი ერთდროულად ამ რაოდენობის ვაკანსიაზე?

ამ და სხვა კითხვებით რადიო თავისუფლებამ უწყების პრეს-სამსახურს 18 აგვისტოს მიმართა, თუმცა, როგორც პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, კითხვებზე პასუხს მხოლოდ ოფიციალურად გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სახით მივიღებთ, რაც უწყებამ 10 დღის განმავლობაში უნდა გასცეს.

XS
SM
MD
LG