Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი გარდაცვლილი ორ კვირაში – რა ზრდის პარაპლანით ფრენის რისკს საქართველოში?


პარაპლანით ფრენა სპორტის ექსტრემალური სახეობაა, რაც თავისთავად გულისხმობს ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის რისკს, თუმცა საქართველოში რისკები კიდევ უფრო მაღალია.

„თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 29 ივლისს, მას შემდეგ, რაც გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. მგზავრი, უცხოელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. ამ ბოლო შემთხვევამ იმის გამოც მიიქცია ყურადღება, რომ პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. ჩამოვარდა ვერტმფრენი 8 ადამიანით ბორტზე. ყველა დაიღუპა.

შსს ახლა საჰაერო ტრანსპორტის (პარაპლანის) მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იძიებს. წესების, რომლებიც ფაქტობრივად არ არსებობს.

(არა)ლეგიტიმური პილოტები

„ვის არ უოცნებია, რომ ცად აჭრილი ფრინველივით ზემოდან დაჰყურებდეს პლანეტას?“ - წლებია, კომპანიები ტურისტებს ფერადი, პარაშუტის მსგავსი „ფრთებით“ დაუვიწყარი გასეირნებით ხიბლავენ.

კომერციული ფრენა, დაახლოებით, 20 წუთი გრძელდება და შესაძლებელია გუდაურში, თბილისში, აჭარაში, სვანეთსა და კახეთში. ფრენა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც აქვს სურვილი, მათ შორის, შშმ პირებსა თუ არასრულწლოვნებს, მშობლების თანხლებით. ფასი, საშუალოდ, 60-დან 300 ლარამდე მერყეობს. განსაკუთრებით პოპულარული დანიშნულებაა გუდაური, სადაც პარაპლანისტების 10-ზე მეტი ჯგუფი მუშაობს და დღეში ათობით ტურისტს ემსახურება.

ციცაბო ბორცვზე გაქანებას და ჰაერის ნაკადის დაჭერას, სიმაღლის აკრეფას და ჰაერში „გლაიდინგს“ (სრიალს) სპეციფიკური თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება.

ერთადერთი სივრცე, სადაც პარაგლაიდინგის შესწავლაა შესაძლებელი, ამავე სახელწოდების ფედერაციაა - დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და დღეს, 120-მდე წევრს აერთიანებს.

სკოლაში ასწავლიან ადგილის არჩევას; პარაპლანის ფრთის კონსტრუქციას და მის მართვას; ტურბულენტობის, ღრუბლებისა თუ ქარის მიმართულებების გავლენას ფრენაზე.

„როგორც მანქანას აქვს „პავაროტნიკი“ [ციმციმა] და მოსახვევში უნდა ჩართო, ასეა ფრენის დროს - ხელით ანიშნებ სად და როგორ უხვევ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ინსტრუქტორი გიორგი ფარჯიანი და ამატებს: „დაახლოებით ორი თვე გჭირდება, რომ დამოუკიდებლად ფრენა ისწავლო. დანარჩენი პრაქტიკაა, როგორც მანქანის მართვისას. უბედური შემთხვევისგან სრულიად დაზღვეული არავინაა“.

პილოტების თქმით, სწავლის პროცესი არასდროს მთავრდება და ყოველი მომდევნო ფრენის დროს შეიძლება რაღაც ახალი ისწავლო.

სასწავლო კურსი 8 მოდულს მოიცავს, რომლის გავლის შემდეგ, ფედერაცია გასცემს ტანდემ-პილოტის, მგზავრთან ერთად ფრენის სერტიფიკატს. თუმცა ამ დოკუმენტს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და მას მხოლოდ პროფესიულ წრეებში ცნობენ.

პარაპლანისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიკატების ლეგიტიმაციას დიდი ხანია თავად ემხრობიან, თუმცა ფატალური შედეგის დადგომამდე ამ სფეროს მოწესრიგებით არავინ დაინტერესებულა.

„კვალიფიციურ განათლებას იღებ, მაგრამ სახელმწიფო არ ადასტურებს ამას და არც გეკითხება არაფერს“, - ამბობს ფარჯიანი.

თავად ტურისტსაც არ აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს, არის თუ არა პილოტი კვალიფიციური, თუმცა ამით ისინი, დიდწილად, არც ინტერესდებიან. უმეტესობა ამას თითქმის ისევე უყურებს, როგორც ტაქსიში ჩაჯდომას.

გიორგი ფარჯიანი ამბობს, რომ მესტიაში მასთან მისულებს უმეტესწილად უხსნიან, რომ პარაგლაიდინგი ექსტრემალური სპორტია და გარკვეული რისკი არსებობს. მისივე თქმით, ხელს აწერინებენ დოკუმენტზე, რომლითაც ადამიანი ადასტურებს, რომ შეიძლება ფრენის შედეგად, ფეხი გადაუბრუნდეს, ქვაზე მოუხვდეს, იტკინოს…

რამდენიმე მომხმარებელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნამდვილად მიიღეს საბაზისო ინფორმაცია ფრენის შესახებ, თუმცა რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას ისინი ვერ იხსენებენ.

ამასთან, ენის ბარიერი, ზოგჯერ ამ დოკუმენტზე თანხმობასაც ფიქციად აქცევს.

როგორ უნდა შემცირდეს საფრთხის რისკები?

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ბოლო ორ კვირაში პარაპლანით ფრენისას ორი ადამიანის დაღუპვის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პარაგლაიდინგი, შესაძლოა, აიკრძალოს. მანვე დაამატა, რომ სანამ მოკვლევა დამთავრდება და ლიცენზირების საკითხი გაირკვევა, პარაპლანით ფრენა უნდა შეჩერდეს.

პირველი პირების დაინტერესებამდე, გიორგი ფარჯიანი ამბობს, რომ ფრენების უსაფრთხოების კონტროლს „შიდა სამზარეულოში ცდილობდნენ“.

„ვიღაცამ რომ მოინდომოს თავისით ამ საქმიანობაში ჩართვა, მე მივალ და შევეკითხები, მაგრამ იმის უფლება არ მექნება, რომ მოვთხოვო, არ იფრინოს. გადავა მეორე გორაზე და იქიდან იფრენს“, - ამბობს ის.

რამ გამოიწვია გუდაურში უბედური შემთხვევა, დაზუსტებით თქმა რთულია. როგორც ფარჯიანი განმარტავს, გუდაურის კანიონი კონკრეტული ქარის შემთხვევაში არის საშიში.

„იქ არის კლდის „ჩაშკა“. ზოგჯერ, შეიძლება ძლიერ ტურბულენტობაში მოყვე. ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება მოუვიდეს“, - ამბობს ის.

პარაპლანისტები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ადასტურებენ, რომ ფრენები ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ირაკლი კაპანაძე, პარაგლაიდინგის ფედერაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ფრენების აკრძალვისა თუ შეზღუდვის საკითხი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრეროგატივაა.

„[მინისტრს] რომ ეთქვა, რომ ვიმსჯელეთ და შევთანხმდით სააგენტოსთან ერთადო, ლეგიტიმაციის უფრო მეტი ხარისხი ექნებოდა, თუნდაც ასეთ კატეგორიულ განცხადებას“, - ამბობს ის და ამატებს: „ვერტმფრენი დაიმტვრა, 8 ადამიანი დაიღუპა და ამის გამო პარაპლანებით ფრენას ვკრძალავთ მთელ ქვეყანაში? იცით, რამხელა აგრესიაა პარაპლანისტების მიმართ?“

კაპანაძე განმარტავს, რომ საქართველოს საჰაერო კოდექსით პარაგლაიდინგის კონტროლი სპორტული ავიაციის ნაციონალურ ორგანოს ეკისრება. მან უნდა დაავალოს პროფილურ ორგანიზაციას რეგულაციების შექმნა - კომერციული ფრენებისათვის უსაფრთხოების თუ საფრენი აპარატების შემოწმების რეგლამენტაციის საკითხებში. თუმცა ასეთი ორგანო დღემდე არ ფუნქციონირებს.

ირაკლი კაპანაძე პრობლემას მხოლოდ პილოტების პერსონალურ პასუხისმგებლობაში ვერ ხედავს და მისი მოგვარების გზებს გაცილებით კომპლექსურად სახავს.

„ასეთ უნიკალურ ტერიტორიებს [ასაფრენი მოედანი] უნდა მართავდეს კერძო პირი. ის უნდა აგებდეს პასუხს, რომ ტერიტორია იყოს წესრიგში, უზრუნველყოფდეს უსაფრთხო სასტარტო მოედანს. უნდა იყოს სტაფი, რომელიც აღჭურვილობას მოუვლის. მეტეოსადგური, საერთო სიხშირე, რომელზეც გადაუდებელ დახმარებაზე კომუნიკაცია ხდება. დისპეტჩერი ამბობს, რომ პილოტი მზადაა. დამხმარე სტაფი ამბობს, რომ ფრთა წესრიგშია, ცა სუფთაა, წავიდა“.

განსახილველი შეიძლება იყოს ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა მესამე პირის დაზღვევის ვალდებულება, სამუშაო საათების ლიმიტი და სხვა.

სწორი რეგულაციების შემთხვევაში, კაპანაძე დარწმუნებულია, რომ უბედური შემთხვევები 50%-ით მაინც შემცირდება.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG