შანტაჟი, დათმობა, ბრალდებების დადასტურება... - რა (არ) თქვა ივანიშვილმა მისთვის უჩვეულოდ მოკლე წერილში?
27 ივლისს ბიძინა ივანიშვილი ისევ წერილით გამოჩნდა. ღია წერილში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პირდაპირ ლაპარაკობს საქართველოს „ომში ჩათრევის“ სცენარზე, აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, შვეიცარიულ ბანკში დაბრკოლებულ ფულზე. აქებს „ქართულ ოცნებას“ და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფრთხილებისკენაც მოუწოდებს.
ეს წერილი სხვადასხვაგვარად იქნა აღქმული საერთაშორისო პარტნიორებში, ოპოზიციასა და ექსპერტებში. ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „ომში ჩართვის“ შესახებ შეთქმულების თეორია ბიძინა ივანიშვილის შექმნილია.
მაშინ, როცა პარტიიდან წასულ დეპუტატებს აშშ-ის ელჩისა და ვაშინგტონის მისამართით უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბრალდებები აქვთ, აშშ-ის ელჩთან ხანგრძლივი შეხვედრის ხსენებით ივანიშვილი „ხელს აწერს“ ამ ბრალდებებზე, თვლიან ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა.
„ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარი ალიბი შეუქმნა დეპუტატების სამეულის ნათქვამს, რომ ისინი რასაც ლაპარაკობენ, სწორია. დაადასტურა ირიბად ყველაფერი. თან ხაზი გაუსვა, რომ ელჩთან შეხვედრა 3 საათს მიმდინარეობდა - ანუ მასშტაბური და მნიშვნელოვანი საუბარი იყო. მან არაფერი უარყო მათი ნათქვამიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
რა თქვა და რის თქმა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
გოგაშვილი მორიგ წერილში პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატის შესახებ წერს
„რუსული ოცნება VS ქართული ეკლესია“ - ამ სათაურით მორიგ წერილს აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი. ამჯერად ის წერს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები დაინტერესებულები არიან, პატრიარქი სასურველი კანდიდატით ჩაანაცვლონ.
„რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის - მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე „ეფ-ეს-ბე“-ს გავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება“, - წერს გოგაშვილი ბოლო წერილში.
ის ასევე აცხადებს, რომ ქართული ძალოვანი უწყებები რუსულ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში.
„პირველ კანდიდატად განიხილებოდა მეუფე შიო, რომელზეც ორივე მხარე მუშაობდა“... აცხადებს გოგაშვილი. „...როგორც ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვთქვი, ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან“, - ვკითხულობთ გოგაშვილის წერილში.
თურქეთმა გახსნა მარცვლეულის საკოორდინაციო ცენტრი, კიევი ამბობს, რომ სამხრეთში სამი პორტი მუშაობს
თურქეთში მუშაობა დაიწყო საკოორდინაციო ცენტრმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი. უკრაინა კი ამბობს, რომ მუშაობა განაახლა შავ ზღვაზე სამმა პორტმა, რომელიც რუსეთთან ახლახან მიღწეულ შეთანხმებაში იყო დასახელებული. აღნიშნული შეთანხმება გაეროს შუამავლობით შედგა.
თურქეთში გახსნილი ახალი საკოორდინაციო ცენტრის ამოცანებს შორის იქნება უკრაინის მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა განსაზღვრულ მარშრუტებზე, შავ ზღვაზე, ორივე მიმართულებით. ცენტრი ასევე უხელმძღვანელებს ამ გემების შემოწმებას აკრძალულ იარაღზე.
უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. მისი პორტები კი ქერით, სიმინდით, მზესუმზირითა და ხორბლით ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავი ზღვის პორტები იერიშების სამიზნე გახდა, რამაც კრიზისი შექმნა.
კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზრის შემოწმების დროს გამოავლინა ჩინური წარმოების (He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD) კერამიკული თეფშებიდან ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2).
როგორც სააგენტო იუწყება, საქართველოში აღნიშნული პროდუქციის თეფშების (Ambition Junior, დიამეტრი - 19 სმ, რაოდენობა - 144, პარტიის ნომერი - 281799BB), მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ - სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.
Credit Suisse-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას გოთშტაინმა თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელი ულრიხ კიორნერი დირექტორის მოვალეობის შესრულებას 1 აგვისტოდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ Credit Suisse-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
ბანკის პრესრელიზის თანახმად, ცვლილების მიზეზი ყოვლისმომცველი სტრატეგიული მიმოხილვის ჩატარებაა, შემდგომში პირველი კლასის მომსახურების გასაწევად.
ბანკში აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის ფონია რამდენიმე სასამართლო დავა და უკანასკნელ რამდენიმე თვეში განცდილი ზარალი, რომელიც 1,5 მლრდ დოლარს აჭარბებს.
ორგანიზაციასთან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.
რატომ არის სისტემა IRIS-T მნიშვნელოვანი უკრაინისათვის?
გერმანია, რომელსაც 24 თებერვლამდე რუსეთთან არცთუ ურიგო დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა, რუსეთის მიერ მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სულ უფრო მეტად ზრდის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას.
კვირის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინაში უკვე ჩავიდა გერმანიიდან გაგზავნილი საზენიტო-სარაკეტო სისტემა Gepard-ის პირველი პარტია, რომელშიც სამი ერთეული ტექნიკა და საბრძოლო მასალა შედის.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე IRIS-T სისტემის გადაცემა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რომლის თქმითაც, ბერლინი აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისისთვის შეძლებს IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემას.
უკრაინელი სამხედროები და ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სისტემის მიღებით უკრაინის საჰაერო ძალები კიდევ უფრო გააძლიერებენ რუსეთის საჰაერო იერიშებისგან სამხედრო ობიექტებისა და დასახლებული ქალაქების დაცვას.
წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.
ეს არის ამბავი იმაზე, როგორ შეიძლება შეიცვალოს შენი ცხოვრება, როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენი შვილი ვერ გაივლის იმ ასაკში, როცა სხვების შვილები უკვე დარბიან, რეაბილიტაციას კი წლები დასჭირდება.