Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე": პანიკის საფუძველი არ არსებობს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ პანიკის საფუძველს არ იძლევა მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან ის არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები. გამყრელიძის კომენტარს დაავადების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. განცხადებია ფონია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, ამ დაავადების სწრაფ გავრცელებას მიენიჭოს "საგანგებო მდგომარეობის" სტატუსი.

„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- ასე ხსნის ამირან გამყრელიძე ჯანმოს გადაწყვეტილებას.

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" ათ სავარაუდო შემთხვევას სწავლობდნენ ექიმები, მათგან მხოლოდ ერთი დადასტურდა ივნისის თვეში და პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა „მაიმუნის ყვავილი“, ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა, აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. ანუ არ გავრცელებულა ვირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს" - უთხრა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მაისის შემდეგ 70-მდე ქვეყანაში ამ დაავადების 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება შეეყაროს როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანებს.

ამ ვირუსული დაავადების სიმპტომები ჩუტყვავილას წააგავს, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო მსუბუქი ფორმები აქვს. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი ცხელება, კუნთების ტკივილი, დამახასიათებელი გამონაყარი და ქავილი.

მისი მკურნალობის საშუალება არ მოიპოვება, მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება 2-4 კვირაში. არის აღნუსხული სიკვდილის შემთხვევებიც.

მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ქმედითია ჩუტყვავილას ვაქცინა, რომელსაც ჩვილობის ასაკში დაბადებულებს აძლევდნენ 1970-იანი წლების ბოლომდე, სანამ ჩუტყვავილა ოფიციალურად გამოცხადდა დაძლეულ სენად.

არსებობს ვაქცინა უშუალოდ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც გამოიყენება რისკის ჯგუფებისთვის.

XS
SM
MD
LG