Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მაიმუნის ყვავილის აფეთქებას „საგანგებო მდგომარეობის“ სტატუსი მიანიჭა


 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანი ტედროს ღებრეიესუსი. ჟენევა, 2022 წლის იანვარი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანი ტედროს ღებრეიესუსი. ჟენევა, 2022 წლის იანვარი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტედროს ღებრეიესუსმა 23 ივლისს მაიმუნის ყვავილის სწრაფი გავრცელება გამოაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო „საგანგებო მდგომარეობად.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მაისის შემდეგ 70-მდე ქვეყანაში ამ დაავადების 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება შეეყაროს როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანებს.

ამ ვირუსული დაავადების სიმპტომები ჩუტყვავილას წააგავს, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო მსუბუქი ფორმები აქვს. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი ცხელება, კუნთების ტკივილი, დამახასიათებელი გამონაყარი და ქავილი.

მისი მკურნალობის საშუალება არ მოიპოვება, მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება 2-4 კვირაში. არის აღნუსხული სიკვდილის შემთხვევებიც.

ღებრეიესუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წევრები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, გამოეცხადებინათ თუ არა ამჟამინდელი აფეთქება საერთაშორისო მასშტაბის „საგანგებო მდგომარეობად“ და გადაწყვეტილება მიიღო პირადად მან, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფიცირების რისკი არათანაბარია - ის ევროპაში უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "საგანგებო მდგომარეობის" გამოცხადება არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობები შემოიღებენ გარკვეულ ზომებს, მაგრამ მას შეუძლია აიძულოს ისინი, მაგალითად, გაზარდონ დაფინანსება ვაქცინაციისა და ვაქცინების წარმოებისთვის.

მაიმუნის ყვავილი პირველად 1958 წელს გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მიმდინარე წლის მაისამდე დაფიქსირდა აფრიკაში, მაგრამ მაისში დაავადებამ სწრაფად გავრცელება დაიწყო ევროპაში.

შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენენ 18-დან 50 წლამდე ასაკის კაცები,რომლებსაც ჰქონდათ სქესობრივი კონტაქტი სხვა კაცებთან.

მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ქმედითია ჩუტყვავილას ვაქცინა, რომელსაც ჩვილობის ასაკში დაბადებულებს აძლევდნენ 1970-იანი წლების ბოლომდე, სანამ ჩუტყვავილა ოფიციალურად გამოცხადდა დაძლეულ სენად.

არსებობს ვაქცინა უშუალოდ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც გამოიყენება რისკის ჯგუფებისთვის.

COVID-19-ის პანდემია ასევე გრძელდება მთელ მსოფლიოში. შემთხვევათა რიცხვი კვლავ იზრდება ბოლო კვირებში. დაღუპულთა რაოდენობა პანდემიის პირველ პერიოდთან შედარებით დაბალ დონეზე რჩება.

XS
SM
MD
LG