გუშინ, 8 ივლისს ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ოთხმა წევრმა ქვეყანამ: ესპანეთმა, გერმანიამ, ბელგიამ და პორტუგალიამ მიიღო მაიმუნის ყვავილის ვაქცინის მარაგი. ვაქცინაციის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ის ნებაყოფლობითი იქნება.
ევროკავშირმა 13 600 დოზაზე მეტი ვაქცინა შეიძინა. მათ შორის ესპანეთმა პირველი 5300 დოზა ივნისის ბოლოს მიიღო. იგივე რაოდენობა მიიღო გერმანიამ, პორტუგალიამ - 2700 დოზა, ბელგიამ კი - მხოლოდ 340.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, 6 ივლისის მდგომარეობით, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში მაიმუნების ინფექციის 5950 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის მსოფლიოში ყველა შემთხვევის დაახლოებით ორი მესამედი. შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში (1351), მეორე და მესამე ადგილზეა ესპანეთი და გერმანია (თითოეული დაახლოებით 1250), შემდეგ მოდის საფრანგეთი, პორტუგალია და ნიდერლანდები, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება რამდენიმე ასეულს.
შემთხვევების უმეტესობა 18-დან 50 წლამდე ასაკის კაცები არიან, რომლებსაც ჰქონიათ სექსი სხვა კაცთან. თუმცა, ეპიდემიოლოგებს ჯერ არ შეუძლიათ დაასკვნან, გადაეცა თუ არა მაიმუნის ვირუსი ზუსტად ერთნაირსქესიანთა კონტაქტებით. ამის მიუხედავად, ECDC-ის რეკომენდაციაა, რომ ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფი იყოს ჰომოსექსუალი კაცები და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს ინფიცირებულებთან.
ამ დროის მონაცემებით ცნობილია, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული. ეს ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი 15 ივნისს გახდა.
მაიმუნის ყვავილი 2022 წლამდე ითვლებოდა იშვიათ დაავადებად, რომელიც ძირითადად ეკვატორულ აფრიკაში გვხვდება და ადამიანებს ცხოველებიდან გადაეცემა. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, კუნთების ტკივილს, შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს და კანზე ჩირქოვან გამონაყარს. მოზრდილებში, უმეტეს შემთხვევაში, დაავადება 2-4 კვირაში ქრება, მაგრამ ნაწიბურები შეიძლება დარჩეს სიცოცხლის ბოლომდე.
2022 წელს მაიმუნის ჩუტყვავილას შემთხვევები მოულოდნელად გამოჩნდა ამერიკისა და ევროპის ადრე თავისუფალ ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში დაავადების 6000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, სამი პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო ჯერ კიდევ ვერ ხედავს პანდემიის გამოცხადების აუცილებლობას, მაგრამ ამჯობინებს სიტუაციას სიფრთხილით მოეკიდოს. მაიმუნის ყვავილის ინფექციისგან იცავს ჩუტყვავილას ვაქცინა, რომელიც ჩვილობის ასაკში მიიღო ყველამ, დაბადებულმა 1980 წლამდე, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდა პლანეტაზე ჩუტყვავილას სრული მოსპობა. ასევე არსებობს ვაქცინა უშუალოდ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელსაც რისკჯგუფებში გამოიყენებენ.