Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავიგეთ მეტი? კითხვები და პასუხები მაიმუნის ყვავილის შესახებ


მსოფლიოში გავრცელებული ვირუსული ინფექცია მაიმუნის ყვავილი, ბოლო მონაცემებით, ვირუსისთვის არაენდემურ 23 ქვეყანაშია დადასტურებული, მათ შორის ევროპაშიც: ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და იტალიაში.

საერთო ჯამში, ამ ქვეყნებში დაფიქსირებულია 300-მდე შემთხვევა.

იმისთვის, რომ ადვილად მოხდეს საქართველოში ამ ვირუსით დაავადების დიაგნოსტირება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ივნისის დასაწყისში "სპე­ცი­ა­ლუ­რი PCR ტეს­ტი შე­მო­ვა, რო­მე­ლიც ვირუსს 2 სა­ათ­ში ამო­იც­ნობს".

იქამდე კი, თუ საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ლუგარის ლაბორატორიაში გე­ნო­მის სეკ­ვე­ნი­რე­ბით (გაშიფვრით), რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბა.

რა სიმპტომები აქვს მაიმუნის ყვავილს?

NCDC-ის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილის მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21 დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში ვლინდება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით - შემცივნება, ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების შეშუპება.

სამი დღის შემდეგ იწყება გამონაყარი სახესა და სხეულზე, რომელიც შემდეგ იკეთებს მღვრიე ჩირქოვან შიგთავსს და ბოლოს ფუფხებს აყალიბებს, რომელიც საბოლოოდ სხეულიდან იქერცლება და შეიძლება ნაწიბურებიც დატოვოს.

რატომ ჰქვია დაავადებას მაიმუნის ყვავილი?

დაავადებას მაიმუნის ყვავილი ეწოდება, რადგან ის პირველად გამოვლინდა ტყვეობაში მყოფი მაიმუნების კოლონებში, რომლებსაც კვლევისთვის იყენებდნენ 1958 წელს. ეს ვირუსული ინფექცია მხოლოდ მოგვიანებით, 1970 წელს აღმოაჩინეს ადამიანებში.

როგორ შეიძლება გადაედოს მაიმუნის ყვავილი ერთი ადამიანიდან მეორეს?

ვირუსის გადადება ხდება ინფიცირებული ადამიანის კანთან უშუალო კონტაქტით, ბიოლოგიური სითხეების საშუალებით, ან დაინფიცირებულების ტანისამოსის, საერთო ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა გადადების მასშტაბი და რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს, მაგალითად, კორონავირუსის შემთხვევაშია.

ვინ არის რისკის ქვეშ?

ადამიანები, რომლებიც მჭიდროდ ურთიერთობენ დაავადებულ ადამიანთან. შესაბამისად, ჯანდაცვის მუშაკები, დაავადებულის ოჯახის წევრები და სექსუალური პარტნიორები, ინფექციის უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ორსულები და ახალშობილები, რადგან ორსულისგან შეიძლება ნაყოფზე პლაცენტიდან გადავიდეს ვირუსი, ან ინფიცირებული მშობლისგან ბავშვზე დაბადების დროს, მის კანთან კონტაქტისას.

ასევე დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ონკოპაციენტები და ა.შ., რომლებთანაც შესაძლოა სიმპტომები უფრო მძიმედ გამოვლინდეს.

ადამიანებს, რომლებსაც ყვავილის ვაქცინაცია გაუკეთეს, სავარაუდოდ, აქვთ გარკვეული დაცვა მაიმუნის ინფექციისგან, თუმცა, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში შეწყდა 80-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ყვავილი გახდა პირველი დაავადება, რომელიც აღმოიფხვრა.

გადადის თუ არა მაიმუნის ყვავილი სქესობრივი კონტაქტით?

ჯერ უცნობია, გადადის თუ არა მაიმუნის ყვავილი სქესობრივი გზით (უშუალოდ სპერმით ან ვაგინალური სითხით), მაგრამ ვინაიდან გამონაყარი ზოგჯერ სასქესო ორგანოებზე და პირის ღრუშიც არის, ეს სავარაუდოდ, ხელს უწყობს ვირუსის გადაცემას სქესობრივი კონტაქტის დროს. ასევე, ცნობილია, რომ მაიმუნის ყვავილი გადაეცემა მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის გზით.

ამავე დროს, მაიმუნის ყვავილის რისკი არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალურად აქტიური ადამიანებით. ნებისმიერი, ვისაც ახლო ფიზიკური კონტაქტი აქვს ინფიცირებულ ადამიანთან, რისკის ქვეშ იმყოფება.

"მაიმუნის ყვავილის" გამონაყარი შეიძლება წააგავდეს ზოგიერთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას, მათ შორის, ჰერპესსა და სიფილისს, რითაც შეიძლება აიხსნას, თუ რატომ ხდება ამ შემთხვევების დაგროვება სქესობრივი ჯანმრთელობის კლინიკებში.

მიზეზი, რის გამოც დაავადების გავრცელებისას მეტი ცნობები გაჩნდა ჰომოსექსუალ მამაკაცებში მაიმუნის ყვავილის შემთხვევების შესახებ, შეიძლება იყოს ამ დემოგრაფიულ ნაწილში ჯანმრთელობის პოზიტიური ქცევა, ანუ ისინი მეტად აქცევენ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას.

"ჩვენ ვიცით, როგორ შევაჩეროთ ეს დაავადება და როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები. სტიგმა და დისკრიმინაცია არასოდეს არის კარგი და ეს არ არის კარგი ამ ეპიდემიასთან მიმართებაში. ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამაში", - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

არის თუ არა საჭირო ვაქცინაცია?

"არაენდემურ" ქვეყნებში დაფიქსირებული "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევები
"არაენდემურ" ქვეყნებში დაფიქსირებული "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევები

23 ქვეყნიდან "მაიმუნის ყვავილის" 300-მდე დადასტურებული შემთხვევაა "არაენდემურ" ქვეყნებში.

ჯანმო დაავადების გავრცელებას არ აძლევს ეპიდემიის კვალიფიკაციას და ცდილობს იმის დადგენას, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი, რათა მოხერხდეს დაავადების გავრცელების ეფექტიანი პრევენცია.

სანამ ეპიდემიოლოგები ზუსტად შეისწავლიან ვირუსის ქცევასა და გამომწვევ მიზეზს "არაენდემურ" ქვეყნებში, მთავრობები ვაქცინებს იმარაგებენ.

ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტიანია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგაც.

მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია არ დაწყებულა. აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიულ მარაგში აქვს იმ რაოდენობის ვაქცინა, რომ შეუძლიათ აშშ-ის მთელი მოსახლეობა აცრან.

არსებობს ყვავილის სამკურნალო ანტივირუსული საშუალებებიც, რომელთა გამოყენებასაც გეგმავენ ქვეყნები, სადაც ვირუსული ინფექცია დაფიქსირდა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ საჭიროა მომავლისთვის საქართველოსაც ჰქონდეს ვაქცინების თავისი მარაგი და, საუკეთესო შემთხვევაში, ანტივირუსული პრეპარატების მარაგიც.

ამ მომენტისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ მიმართულებით არ მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის, ინფექციის შემთხვევების ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაეგზავნა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებს. უახლოეს მომავალში სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებითაც დაიწყებენ მუშაობას და განსაზღვრავენ, როგორ მოიქცევა სახელმწიფო ვირუსის გავრცელების შემთხვევაში.

თუმცა, როგორც ანა კასრაძე ამბობს, ამ დროისთვის საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი დაბალია.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG