„არ დატოვო კვალი“ (2021, პოლონეთი-საფრანგეთი, რეჟისორი იან მატუშინსკი)
რამდენ რამეს გაგახსენებთ ეს კარგი ფილმი! თანაც, არა მარტო იმათ, ვისაც საბჭოთა რეჟიმში გიცხოვრიათ; არ ვიცი, როგორ უყურეს მატუშინსკის თითქმის სამსაათიან კინორომანს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც შარშან პირველად უჩვენეს „არ დატოვო კვალი“, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები აქ საკუთარ თავს (და საკუთარ ქვეყანას) იცნობენ - ყველაფერს, რაც სულ ახლახან გამოვიარეთ და რასაც, სამწუხაროდ, ასე, უსასრულოდ გავდივართ.
იან მატუშინსკი ჯერ დაბადებულიც არ იყო იმ დროს - 1983 წელს, კომუნისტური პოლონეთის უკანასკნელი დიქტატორის, ვოიცეხ იარუზელსკის ეპოქაში, როცა პოლიციის მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცის დაკრძალვას 60 000 ადამიანი ესწრება, როცა „სოლიდარობის“ მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი აქტივისტები დაპატიმრეს, დღითი დღე ძლიერდება. სწორედ 19 წლის გჟეგოჟ ფშემიკის მკვლელობის ამბავი დაედო საფუძვლად პოლიტიკურ ტრილერს „არ დატოვო კვალი“, რომელიც მიუხედავად სამსაათიანი ქრონომეტრაჟისა, ერთი წამით არ მოგაწყენთ. თუნდაც იმიტომ, რომ 1983 წლის ვარშავა უჩვეულოდ ახლობელი და „განცდილი“ მოგეჩვენებათ.
გჟეგოჟს, „სოლიდარობის“ აქტივისტის, პოეტი ქალის ერთადერთ შვილს, სასიკვდილოდ სცემეს პოლიციელებმა. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს არ ჩატარდეს სამართლიანი გამოძიება და არ დაისაჯონ მოძალადეები. ამისათვის რეჟიმისთვის დამახასიათებელ ყველა ხერხს მიმართავს - შანტაჟს, ფაბრიკაციას, დაშინებას, ცრუ მოწმეებს. ფილმის პირველ ეპიზოდებში ფიზიკური ძალადობის ნატურალისტურ სურათებს ვიხილავთ, თუმცა შემდეგ ფიზიკური ძალადობა გადაიზრდება უფრო სასტიკში - მორალურ ძალადობაში, რომლის ნიუანსებს ახალგაზრდა რეჟისორი ისეთი ოსტატობით გამოხატავს, რომ „არ დატოვო კვალი“ ჰოლივუდის „ოქროს კლასიკას“ გაგახსენებთ, პირველ რიგში, ალან პაკულას და სიდნეი ლიუმეტის პოლიტიკურ ტრილერებს.
სცენარი და დიალოგები ძალიან კარგია, ფილმში ფაქტობრივად არ არის ერთი ცარიელი ეპიზოდიც კი - დაძაბულობა მუდმივად მატულობს. უძლიერესი სამსახიობო ანსამბლი არ უნდა გაგიკვირდეთ - პოლონური კინო ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი მსახიობებით. მაგრამ „არ დატოვო კვალის“ მნიშვნელობას პირველ რიგში მაინც რეჟისორის ოსტატობა განსაზღვრავს; მატუშინსკიმ კატოვიცეში, ქშიშტოფ კიშლოვსკის კინოსკოლაში ისწავლა. დიდი ოსტატის ადრეული ფილმების გავლენას აუცილებლად იცნობთ მის სტილში - რეჟისორი წარმოგვიდგენს მხოლოდ ფაქტებს. კამერა ფილმის ბოლომდე ინარჩუნებს დისტანციას პერსონაჟებთან. ცხადი ხდება, რომ ავტორი მაქსიმალურად გაურბის ლირიკულ ინტონაციებს და მით უმეტეს პათეტიკას. თუმცა ამით ფილმის ემოციური ზემოქმედება მხოლოდ ძლიერდება - რამდენიმე ეპიზოდი ისეთია, გაგიჭირდებათ შეიკავოთ ცრემლი და, რაც მთავარია, გაბრაზება. „არ დატოვო კვალი“ ძალიან, ძალიან გაგაბრაზებთ!
კაფკიანური სახელმწიფო სისტემის სახე აქ იქმნება 80-იანი წლების დასაწყისის ვარშავის უაღრესად ზუსტი რეკონსტრუქციის პროცესში. ვხედავთ პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც ხალხის მხარეს რჩება. ფილმის მრავალრიცხოვან გმირებს შორის ვხედავთ ეჟი პოპელუშკოს, მღვდელს, რომელიც მხეცურად მოკლეს პოლონეთის სპეცსამსახურებმა ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ. ვხედავთ პოლიციელებს, რომლებსაც ადამიანებზე ძალადობის ტექნიკაც შემუშავებული აქვთ; „მუცელში დაუმიზნე, კვალი რომ არ დარჩეს“, - ასე მიმართავენ ერთმანეთს. კვალი რჩება. გჟეგოჟის მეგობარი, ამ ძალადობის ერთადერთი მოწმე, გადარჩება, მაგრამ სისტემას ეს ნაკლებად აშინებს - ახალგაზრდა კაცის დაშანტაჟება, დაშინება მას არ უნდა გაუჭირდეს! როგორც ფილმის ფინალური ტიტრებიდან ირკვევა, დიახაც, არ გაუჭირდა! ამდენი წელი გავიდა, მაგრამ გჟეგოჟის მკვლელების დასჯა თავისუფალი პოლონეთის სასამართლომაც ვერ მოახერხა.
ფილმში ჩართულია შესანიშნავი სცენა, რომელშიც გენერალ იარუზელსკის ვიხილავთ, შავ სათვალეში. დიქტატორი ფაქტობრივად ხმას არ იღებს, მაგრამ აშკარაა, რომ ვხედავთ ურჩხულს, რომელიც განაგებს ამ უსამართლობას. ძალადობრივი სისტემა ასე, უხმაუროდ, შავ სათვალეში უნგრევს ადამიანებს სიცოცხლეს, ახალგაზრდობას. მე ვიტყოდი, რომ „არ დატოვო კვალი“ არა მხოლოდ ტოტალიტარიზმის მხილება, არამედ ახალგაზრდობის, იმედის, ბედნიერების განცდის თავისებური რეკვიემიცაა ადამიანთა მანიპულაციის ღრმა და არასწორხაზოვანი გამოხატვით.
კი, ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ პოლონეთი განთავისუფლდება. მაგრამ „არ დატოვო კვალის“ რეჟისორი მაინც მოერიდება ოპტიმისტურ ინტონაციებს. სურათის ავტორებისთვის მთავარია გაგვახსენოს, რომ ინსტიტუციური ძალადობის წინაშე ყველა ადამიანი უსუსურია და თუკი მაინც დაუპირისპირდება ასეთ სისტემას, მან უნდა იცოდეს, რომ განწირულია მარტოობისთვის და შესაძლებელია, მსხვერპლშეწირვისთვისაც კი.
ის ხალხი, რომელიც „სტრუქტურირებულ ძალადობას“ ემსახურება და აქედან იღებს ხელფასს, არასდროს მოინდომებს ძალადობრივი სისტემის დანგრევას. ეს ილუზიაა, რომ ასეთი სისტემები „შიგნიდან“ ინგრევა... ყოველ შემთხვევაში, თუ ხდება, ძალიან, ძალიან იშვიათად. ფილმის ფინალში ამას რომ გავიაზრებთ, კიდევ ერთხელ გავბრაზდებით - ოღონდ ამჯერად საკუთარ თავზე და ჩვენს თავს ვკითხავთ: „იქნებ დროა, მოქმედებაზე გადავიდეთ?“