სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის 20 ივლისის განცხადების შესახებ შეკითხვას უპასუხა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ის ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის ელჩზე კელი დეგნანზე თავდასხმას უარყოფს.
„ვერ გაიხსენებთ ვერცერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი ასეთი რაც იყო, დაისვა ასეთი კითხვები ჩვენი მხრიდან, საუბარი არ მაქვს სხვების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე. ჩვენი კითხვები ეხებოდა ორ თემას: პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესდაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს სდებს აშშ-ის სალეჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ამერიკის ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა“, - განაცხადა მან.
კობახიძემ გაიხსენა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა დასვა რამდენიმე შეკითხვა. „ერთია, რამდენად ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ, როგორც კი ხდება ეს საკითხები საჯარო დისკუსიის ნაწილი, მაგალითად, რამდენად ემიჯნება თუ არა ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. როდესაც ეს კითხვები ისმის, მნიშვნელოვანია, ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. აქაც გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაარკვეული შეკითხვები. როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია, მარტივად პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, სამწუხაროდ, ეჭვებს აღრმავებს. ეს არ არის არცერთ შემთხვევაში თავდასხმა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრობლემა არის, როდესაც ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს და ამით საზოგადოებას ეჭვი უღრმავდება.
„იგივე ეხება შეკითხვას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. როდესაც კითხვა ისმის იმაზე, რამდენად შეხვდა ელჩი ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს, აქაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პასუხის მოსმენა, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ მმართველი გუნდის ვერცერთი განცხადება ვერ ელჩზე თავდასხმად.
მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც მმართველი პარტია იმ მიზეზით დატოვა, რომ "საზოგადოებას ღიად ესაუბრებოდა", ინტერესდება პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრა ხომ არ გაიმართა და რამე ხომ არ მოსთხოვეს ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს. ყაველაშვილმა 19 ივლისს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ "იყო ამაზე საუბარი".
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, რომელიც დეპუტატ მიხელ ყაველაშვილის განცადების კომენტირებას შეეხებოდა განაცხადა, რომ ის საკმაოდ დიდი ხანია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინიტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია და აკვირვებს რა მოტივაციით ხელმძღვანელობს დეპუტატი მსგავსი განცადების გაკეთებისას.
20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.
ნედ პრაისმა 20 ივლისს თავისი ყოველდღიური ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკანასნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი გახდა. ისინი ელჩს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებენ ბრალს.
"ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული ან მისკომუნიკაციას აქვს კვლავ ადგილი იმიტომ, რომ მე არ მგონია ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას. ამას მე ვერ დავეთანხმები და არ მგონია სწორი შეფასება..",- თქვა 21 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან საუბარში.
20 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩისგან კელი დეგნანისგან იმ ბრალდებების უარყოფას ელოდა, რომლის შესახებ საელჩოს მისამართით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველმა მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა.