აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის ინტერესთან დაკავშირებულ კითხვას მედიასთან საუბარში უპასუხა. მას ჰკითხეს თუ აშშ-ში მიმდინარე პროგრამაში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობა სანქცირებას არ ნიშნავს, მაშინ, მოსამართლეს აინტერესებს, რას უწოდებს ამას აშშ-ის ელჩი.
„ვფიქრობ, ამ კითხვას რამდენჯერმე გავეცი პასუხი , თუმცა კიდევ ერთხელ გავცემ. ჩვენ ჩვენს პროგრამებს ვინმეს სანქცირებისთვის ან დასასჯელად არ ვიყენებთ“,- განაცხადა კელი დეგნანმა და გაიმეორა, რომ აშშ-ის პროგრამები ღიაა მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, ადვოკატებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან მონაწილეობა მიიღონ ამერიკელ კოლეგებთან ერთად გაცვლით პროგრამეში გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ამასთან აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალისმევა 30 წლის განმავლობაში საქართველოში მიმართული იყო ღია და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის და „ძალიან სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ მოსამართლეებზე აქ ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა აშშ-ის საელჩოდან არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისი განმარტებით აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობდა გავლენის ან ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე. „მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ“,- თქვა დეგნანმა.
ლაშა ჩხიკვაძემ „რუსთავი 2"-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში დაწერა: „მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ამერიკის ელჩისგან ელოდებიას პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავის უკადრია.
15 ივლისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.