სეზონური დასაქმების პროგრამის მონაწილე საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში სასამართლო პროცესი მოიგეს. 10 ივნისს, ქალაქ ულმის შრომის სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულებს ათასიდან ორი ათასამდე ევროს გადაუხდიან.
გერმანიაში სახელმწიფო პროგრამით დასაქმებულები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. ისინი საქართველოს დასაქმების სააგენტოსაც უჩივიან, პროცესი ნოემბერში უკვე ჩანიშნულია. საქართველოდან წასული მოქალაქეები, რომლებმაც გერმანიაში სასამართლო მოიგეს, ამბობენ, რომ მათი შემთხვევა გამონაკლისი არ არის, და მათსავით ბევრი სხვა დაბრუნდა იმედგაცრუებული და მოტყუებული.
სასამართლო პროცესის მონაწილე, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ერთ-ერთი დასაქმებილი ჯაბა ჩაჩანიძე საუბრობს მოლოდინის ერთწლიან პროცესზე და ანაზღაურებაზე.
2021 წლის 9 მაისს სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში, მარწყვის საკრეფად საქართველოდან 24 ადამიანი წავიდა. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მეოთხე ჯგუფი, რომელიც გერმანელი ფერმერის შეთავაზებულ ვაკანსიაზე საქართველოს დასაქმების სააგენტომ შეარჩია. მათ წინასწარ გააფორმეს კონტრაქტები და მოლოდინი ჰქონდათ, რომ გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ საათში 9.5 ევროს გამოიმუშავებდნენ. თუმცა გერმანიაში ჩასულებს სამჯერ ნაკლები ანაზღაურება და მიუღებელი საცხოვრებელი პირობები დახვდათ.
გერმანიაში ჩასულებმა ქართულ მედიასთან ღიად ილაპარაკეს პრობლემებზე, რომლებსაც იქ შეეჩეხნენ და ჟურნალისტებს პლანტაციებისა და საცხოვრებელი პირობების ამსახველი კადრებიც მისცეს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეების პრობლემები მედიამ ფართოდ გააშუქა, საქართველოს დასაქმების სააგენტოს შუამავლობით ქართველები სხვა ფერმერთან გადაიყვანეს, მაგრამ პირობები იქაც დაირღვა.
ამის გამო საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უკან დაბრუნდა, თუმცა წამოსვლამდე გერმანული საკონსულტაციო ცენტრის „მირას“ დახმარებით მოახერხეს, სარჩელი სასამართლოში შეეტანათ.
დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები აგვიანებდნენ სამსახურში ან ნასვამები ცხადდებოდნენ, ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს და ამიტომ დაირღვა შეთანხმებული პირობებიც. თუმცა სასამართლოში გერმანელმა ფერმერმა ვერ დაადასტურა პრეტენზიები და საქმე წააგო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია თითოეულ დასაქმებულს იძულებითი მოცდენის ასანაზღაურებლად 2021 წლის 11-დან 31 მაისამდე პერიოდისთვის 1018 ევრო გადაუხადოს, ხოლო 01-დან 17 ივნისამდე პერიოდისთვის - 909 ევრო.
ამ თანხას გამოაკლდება ანაზღაურების ის ნაწილი, რომელიც დამსაქმებლებმა უკვე გადაიხადეს. საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში სასამართლოს პირველი ინსტანცია მოიგეს, თუმცა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე, ვარაუდობს, რომ სააპელაციო სასამართლოც გერმანიაში დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდება.
მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ორიდან ხუთ თვეში შევა ძალაში და, სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში მიიღებენ დაზარალებულები თანხას.
სეზონური დასაქმების პროგრამით იმედგაცრუებულ ლუკას (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით) ჯერ კიდევ ბოლომდე არ სჯერა, რომ კუთვნილ თანხას ოდესმე მიიღებს. როგორც ამბობს, ამ მომენტში მხოლოდ ვალები დარჩა, რომელიც გერმანიაში გამგზავრებისთვის აიღო და ვერ ისტუმრებს. კმაყოფილი კი იმით არის, რომ ბევრს გადააფიქრებინა პროგრამაში მონაწილეობა.
„ის მახარებს, რომ მთელ საჩხერეს გადავაფიქრებინე და გავაგებინე, რომ ეს პროგრამა არის ცუდი. Ჯოჯოხეთი იყო იქ ყოფნა და ამ ფონზე, ჩვენ კიდევ კარგად ვიყავით, სხვა ჯგუფებიდან ზოგი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ პროგრამის გამო“.
გერმანიიდან ჩამოსული საქართველოს 11 მოქალაქე დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგაც ჩივის. ისინი ითხოვენ მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მათ ამ საქმეში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ეხმარება.
სეზონურ სამუშაოზე წასული და უკან დაბრუნებული ჯაბა ჩაჩანიძე იმ გაუგებრობაში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ, დასაქმების სააგენტოს დირექტორს ადანაშაულებს. მისი თქმით, ჯგუფის ის ნაწილი, ვინც გერმანიაში ახალ დამსაქმებელთან გადასვლით დააიმედეს, მესამედ დარჩა მოტყუებული.
„მოატყუა იმანაც, ახლა თანხა არ მაქვს ჯიბეში, წადით და გადმოგირიცხავთ საქართველოშიო, - ეს სიტყვები უთხრა, აგვისტოში გადის ერთი წელი, არცერთს ის თანხა არ მიუღია“
იმავეს უდასტურებს რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი დასაქმებული, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა. ისიც ამბობს, რომ თანხა არც მესამე ფერმერს გადაუხდია და საქართველოში ანაზღაურების გარეშე დაბრუნდა.
დასაქმებულები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სააგენტოს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა შესაძლო დამსაქმებლების შესახებ და მეტი უნდა სცოდნოდა, რა პირობებში უშვებდნენ საქართველოს მოქალაქეებს.
საქართველოს პროფკავშირების იურისტი თამილა გაბაიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გერმანიასა და საქართველოს შორის დაიდო, მხარეებს მონიტორინგის უფლება და ვალდებულებაც ჰქონდათ.
„მონიტორინგი ცარიელი სიტყვები ხომ არ არის? ნიშნავს იმას, რომ აკონტროლო, რა პირობებში იცხოვრებენ და იმუშავებენ საქართველოს მოქალაქეები. ჩემი აზრით, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელია სხვა ინტერპრეტაციის მიცემა ამ პირობისთვის“.
იურისტი აცხადებს რომ სეზონური მუშაკების პრობლემებზე გერმანიის მთავრობა და პროფკავშირი ჯერ კიდევ 2017-2019 წლებში მსჯელობდა. ისინი, ანგარიშებში რუმინელი, ბულგარელი და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩასული დასაქმებულების შემთხვევების განხილვისას, ზუსტად იმავე დარღვევებს აღწერდნენ, რასაც ქართველები წააწყდნენ. ადვოკატ თამილა გაბაიძის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ამ რისკების არსებობის შესახებ უნდა სცოდნოდა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორს ნინო ველთაურს და ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მაგრამ მათთან გასაუბრება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შესაბამისად, დაუზუსტებელია, შეიმუშავა თუ არა ორგანიზაციამ რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ სეზონურ სამუშაოზე წამსვლელმა საქართველოს მოქალაქეებმა უფრო მეტი იცოდნენ საცხოვრებელი და რეალური სამუშაო პირობების შესახებ. როგორ გრძელდება გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამა და თუ არის გათვალისწინებული ის რისკები, რაც შეიძლება წარმოიქმნას. რა ბედი ეწია ან როგორ მიდის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელსა და საფრანგეთში იწვევდა ასევე არაკვალიფიციურ სამუშაოზე.