ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან http://workabroad.moh.gov.ge/ -ზე დაიწყო.
2021 წლის განმავლობაში, საქართველოს 1000 მოქალაქე დასაქმდება. შეირჩევიან ისინი ვისაც აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
დამხმარე მუშაკებს ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა:
სამუშაო დრო: დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით - კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.
შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები:
- საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში)
* 10 სამუშაო დღეში ბიომეტრიული პასპორტის ღირებულება 100 ლარია დაჩქარებული წესით აღებისას ფასები იცვლება და 205 -ლარამდე ადის
- ისრაელში გამგზავრების ბილეთის საფასური; (დამოკიდებულია რომელი ავიახაზებით იმგზავრებთ და რამდენი ხნით ადრე შეიძენთ ბილეთს)
- სამედიცინო გამოკვლევის საფასური; ( ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა გამოკვლევები შედის იმ სამედიცინო ფორმაში, რომელსაც ისრაელის მხარე გამოგზავნის, ჯერ ეს დეტალი უცნობია)
- COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური.( ტესტის ღირებულება 100 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს, გააჩნია პასუხის ვადებს;)
შრომის ანაზღაურება:
კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ მცირე 5300 შეკელს (2021 წლის 12 აპრილის კურსის შესაბამისად, 1608 აშშ დოლარის ეკვივალენტი), ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში - 8023 შეკელი (დაახ. 2434 აშშ დოლარი თვეში).
ხელფასის დაბეგვრა:
- საშემოსავლო გადასახადი: დარიცხული ხელფასი 6330 შეკელამდე (12 აპრილის კურსით) 1920 აშშ დოლარი - იბეგრება 10%-ით, ხოლო 6631-დან 9080-მდე (2000 დოლარიდან -2754 -მდე) - 14%-ით;
- სოციალური დაზღვევის გადასახადი: ხელფასის 0.04%, თუ დარიცხული ხელფასის ოდენობა არ აღემატება 6330 შეკელს, ხოლო თუ დარიცხული თვიური ხელფასი 6330 შეკელზე მეტია, გადასახადის განაკვეთია 0.87 % ყოველ დამატებითი შეკელზე.
როგორც დასაქმების სააგენტო აცხადებს, ყველა გადასახადის გადახდის შემდეგ ე.წ. „ხელზე ასაღები“ ხელფასი თვეში იქნება სულ ცოტა 1100 აშშ დოლარი (კვირაში 42 საათის მუშაობის შემთხვევაში), ან 1800 აშშ დოლარი (კვირაში 58 საათის მუშაობის შემთხვევაში).
გარდა ამისა, დამსაქმებელი მიგრანტი მუშაკის სადეპოზიტო ფონდში ყოველთვიურად რიცხავს დარიცხული ხელფასის სულ მცირე 12.5%-ს, რომელიც საქართველოში გამომგზავრების დროს უბრუნდება დასაქმებულს შესაბამისი გადასახდელის (15%) გამოკლებით. სადეპოზიტო თანხა დაახლოებით 2-3 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტია და დამოკიდებულია დარიცხული ხელფასის ოდენობაზე.
როგორი პროცედურების გავლა მოუწევს ისრაელში დასაქმების მსურველს?
პირველი ეტაპი ონლაინ რეგისტრაცია: www.workabroad.moh.gov.ge;
მონაცემების გადამოწმების შემდეგ შეარჩევენ კანდიდატებს და დაიბარებენ გასაუბრებაზე, სადაც შეამოწმებენ რუსული/ინგლისური ენის ცოდნის დონეს - ამ უცხო ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის რომ დამსაქმებელმა შეგარჩიოთ.
შემდეგი ეტაპი წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენაა და შემდეგ კი სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს კანდიდატს.
(*სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო);
საბოლოო შერჩევა ხდება ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ. თუკი დასაქმების მსურველი თანახმა იქნება შეთავაზებულ პირობებზე უფორმდება შრომითი ხელშეკრულება იმ დაწესებულებასთან სადაც შინ მოვლის სპეციალისტი სჭირდებათ.