ნესტორ ლაკობა (1893-1936) საბჭოთა აფხაზეთის დროს სახელმწიფო მოღვაწე იყო, ის აფხაზეთში ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებად მიიჩნევა. აფხაზი ისტორიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი 1936 წლის დეკემბერში თბილისში, ლავრენტი ბერიას სუფრაზე მოწამლეს. როდესაც მატარებლით გამოგზავნილი ცხედარი აფხაზეთში გაკვეთეს, აღმოჩნდა, რომ თბილისში გვამისთვის ხორხი, საყლაპავი მილი და კუჭი ამოეჭრათ. რაში უნდა დასჭირვებოდათ ეს, თუ არა დანაშაულის დასაფარად?!
მართალია, ნესტორ ლაკობა მაშინ პატივით დაიკრძალა, მაგრამ უკვე 1937 წელს ის ხალხის მტრად გამოაცხადეს. ლაკობას აფხაზეთის კონტრრევოლუციურ ნაციონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ბრალდებოდა. მისი ნეშტი, ღამით სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან ამოთხარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. ბერიას ჯალათებმა ამოწყვიტეს მთელი მისი ოჯახიც: მეუღლე სარია ჯიხ-ოღლი-ლაკობა, დედა შახუსნა, ვაჟი რაუფი.
„ხალხის მტრად“ ლაკობა სტალინის სიკვდილამდე დარჩა, ანუ ორი ათეული წელი. რეაბილიტირება მხოლოდ ამის მერე მოხერხდა. მისი სახელი ეწოდა ქუჩებს, სკოლებს... 1983 წელს, ლაკობას დაბადებიდან 90 წლის აღსანიშნავად მისი სახლ-მუზეუმიც გაიხსნა. ამ სახლში ის 1923-1936 წლებში ცხოვრობდა. მაგრამ მუზეუმს დიდხანს არ უმუშავია, ომი დაიწყო.
8 წლის წინ მუზეუმი ისევ გახსნეს, წელს კი, 28 ივნისს აქ გამოფენა გაიმართა, რომელიც ნესტორ ლაკობას შვილის რაუფის ხსოვნას ეძღვნებოდა. მას 100 წელი შეუსრულდებოდა. ექსპოზიცია, რომელშიც ოჯახის 80-ზე მეტი ფოტო შედიოდა, აგურის კედლებზე იყო განთავსებული.
„დღეს ჩვენ რაუფ ლაკობას ვიხსენებთ. ნესტორ ლაკობას ოჯახიდან არავინ გადარჩენილა. რაუფი 15 წლისა დააპატიმრეს. რამდენადაც ვიცით, ის კარგი ბავშვი იყო, ნათესავები და მეგობრები უყვარდა“, - თქვა გამოფენაზე მუზეუმის დირექტორმა ლუდმილა მალიამ.
1937 წლის 31 ოქტომბერს დაპატიმრებული რაუფი ოთხი წლის განმავლობაში სოხუმის, თბილისისა და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა. მას აწამებდნენ, მასთან ერთად აწამებდნენ მასზე უმცროს ნიკოლაი ლაკობას, თენგიზ ლაკობასა და ნიკოლაი ინალ-იპას. მათ საქმეს ასევე ერქვა: „აფხაზი ყმაწვილების საქმე“. დაპატიმრებულები 13-15 წლისანი იყვნენ. ბრალი ედებოდათ კონტრრევოლუციურ, ტერორისტულ საქმიანობაში. 1941 წლის 6 ივლისს სსრკ-ს უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ რაუფს, ნიკოლაისა და თენგიზს დახვრეტა მიუსაჯა. 28 ივლისს სასჯელი სისრულეში მოიყვანეს.
ლუდმილა მალიამ გაიხსენა, რომ 40 წლის წინ, რაუფ ლაკობას დაბადების დღეზე მუზეუმში მისი ბავშვობის მეგობრები მოვიდნენ, მათ შორის, გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძეც. ზურაბმა თქვა, რომ რაუფთან ერთად ხშირად იკრიბებოდნენ ამ სახლში, შემდეგ როიალს მიუჯდა და ის მელოდია დაუკრა, რომელსაც მაშინ რაუფთან ერთად უკრავდნენ. თვალები ყველას ცრემლიანი ჰქონდა.
„ეხო კავკაზა“ ლუდმილა მალიას დაუკავშირდა. საუბარი სწორედ ამ ეპიზოდიდან დაიწყო.
„ძალიან მოწყენილები, ნამტირალები მოვიდნენ... ზურაბმა გვთხოვა, როიალთან დაგვესვა და დაუკრა...
- როგორ შეინარჩუნეთ ექსპონატები ომის დროს?
სოხუმში ჩვენი თანამშრომელი ნანა კამკია დარჩა. მაშინ კულტურის მინისტრის მოადგილედ ჯერ კიდევ შოთა აბუთიძე მუშაობდა. მან ჯანიანი ბიჭები გააყოლა, რომ ნივთები გამოეტანათ და თეატრის ცოკოლით გადახურულ ნაწილში შეენახათ“.
ამ პერიოდში მუზეუმს არაერთხელ ესტუმრნენ ქართველი ჯარისკაცები, რომ იქ თავიანთვის სასარგებლო რამე ეპოვათ. მათ დიმიტრი გულიასა და ეფრემ ეშბას ძეგლები ავტომატებით დაცხრილეს, ამიტომ აქაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ომის ბოლო დღეებში შენობაში ხანძარი გაჩნდა. ლუდმილა მალია იხსენებს, რომ ხანძრის დროს ცეცხლში ჩახტა მეზობლად მდგარი სახლის პატრონი, ის დაიღუპა.
„მისთვის ტრაგედია იყო, რომ ყველაფერი იწვოდა“, - ამბობს ლუდმილა მალია.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.