“სამი მეგობარი“ (2006, ნიდერლანდი-რუსეთი, რეჟისორი მარია ნოვიკოვა)
იუტუბზე შემთხვევით წავაწყდი ამ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც თავის დროზე შოკივით იმოქმედა. თუმცა დროთა განმავლობაში სულ გადამავიწყდა. ისევე როგორც ბევრს, ძალიან ბევრს გადაავიწყდა ჩეჩენი ხალხის ტრაგედია და რუსეთის მხეცური „სამხედრო ოპერაცია“, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან განსხვავებით, კრემლი სწორედაც რომ „ომს“ უწოდებდა. მეტიც, დააკონკრეტეს კიდეც - „ჩეჩნეთის პირველი ომი“, „ჩეჩნეთის მეორე ომი“... არ უნდა გაგვიკვირდეს - სწორედ ამ ომში გამარჯვებამ, კადიროვის ხელისუფლებაში მოყვანამ და „ჩეჩნების საკითხის გადაწყვეტამ“ გაზარდა პუტინის პოპულარობა რუსეთში.
მარია ნოვიკოვა დიდი ხანია უკვე ნიდერლანდში მოღვაწეობს. 2005 წელს, როცა რეჟისორი „სამ მეგობარზე“ მუშაობას შეუდგა, ჯერ კიდევ შეიძლებოდა რუსეთში ახალი მასალის მოძიება ჩეჩნეთის ომზე, შემდეგ კი უკომპრომისო დოკუმენტური ფილმის ჩვენება რომელიმე კლუბში. ახლა ეს შეუძლებელია. არადა, „სამი მეგობარი“ დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე იმხანად, როცა სანდენსის და როტერდამის კინოფესტივალებზე ტრიუმფით გაიმართა ნოვიკოვას ფილმის პრემიერა.
„სამი მეგობარი“ საუკეთესო ფილმია ჩეჩნეთის ომზე იმ სურათებს შორის, რაც მინახავს. მისი ზემოქმედების ძალას განსაზღვრავს პირველ რიგში უნიკალური, დაახლოებით ექვსსაათიანი ვიდეომასალა, რომელიც „გაასუფთავა“ და განაახლა მარია ნოვიკოვამ - ფილმის ერთ-ერთი გმირის, რამზან მეჟიდოვის მიერ გადაღებული კადრები. ეს ადამიანი, რომელიც თავისი კამერით 90-იანი წლების გროზნოს იღებდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, ალბათ, რომ მისი ნახევრად პროფესიული აპარატი ისტორიას შეინახავდა. და არა მარტო იმას, თუ როგორ იბრძოდა რიგითი ჩეჩენი დამოუკიდებლობისთვის (რა დარჩა დღეს არაღიარებული იჩქერიიდან?), არამედ იმ ბედნიერ წუთებსაც, რომლებსაც ერთად ატარებდნენ რამზანი და მისი ორი მეგობარი - ისლამი, მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, ნაომარ ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად რომ დაბრუნდა, და ასევე პროფესიით ოპერატორი, რუსლანი, რომელიც 1995 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რამზანმა თავისი სახლის ფანჯრიდან გადაიღო გროზნო ავბედითი 1995 წლის დადგომის ღამეს (1994 წლის 11 დეკემბერს გროზნოში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები შევიდნენ). მერე კი სარაკეტო დარტყმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ვიდეოკასეტა, რომელსაც იგი გადაღებისთვის ინახავდა, სასწაულმა გადაარჩინა. და ახლა ჩვენ ომში დაღუპული ადამიანის მიერ გადაღებულ კადრებს ვუყურებთ - სამ მეგობარს, რომელთაც სიცოცხლე უხაროდათ და სჯეროდათ, რომ მათი სამშობლო აუცილებლაად გახდება დამოუკიდებელი. გასული საუკუნის 80-იან წლებში იტალიელმა რეჟისორებმა, ძმებმა ტავიანებმა დადგეს ასეთი სცენა ფილმში „დილა მშვიდობისა, ბაბილონო“ - ბრძოლის ველზე დაჭრილი ოპერატორები სიკვდილის წინ ერთმანეთს იღებენ. კვდებიან, მაგრამ კამერა ინახავს სიცოცხლეს! „სამ მეგობარში“ უკვე არაფერია დადგმული და მოგონილი. ჩვენ ვუყურებთ სიცოცხლეს, რომელიც ჩვენ თვალწინ უნდა დასრულდეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მაშა ნოვიკოვა თავადაც ცდილობს შეინარჩუნოს ჩეჩენი ოპერატორის გადაღების სტილი. ამიტომ ფილმში არის ეპიზოდები, რომლებიც შესაძლებელია ასევე რამზანის გადაღებული გვეგონოს, თუმცა მოგვიანებით გავაცნობიერებთ, რომ ეს უკვე სხვა დროა, ეს უკვე განადგურებული იჩქერიის ამსახველი კადრებია. რამზანი მკვდარია.
ბევრს ალბათ გახსოვთ, როგორ მუშაობდა იმხანად რუსული პროპაგანდა; 2000-იანების დასაწყისში, ბერლინის კინოფესტივალზე ერთი ჩემი რუსი კოლეგა, ინტელექტუალი, ვისკონტისა და გოდარის მკვლევარი, დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ „თითქმის ყველა ჩეჩენი“ ბანდიტია, რომ ამ ველურებს არ შეუძლიათ ცხოვრება ადამიანების მოტაცებისა და ძალადობის გარეშე. სად არის დღეს ეს ქალი, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ „სამი მეგობრის“ გმირებიდან ორი სწორედ რუსეთის ხელისუფლების ძალადობას და ველურობას შეეწირა, ერთი, ისლამი, გადარჩა, თუმცა ექიმი კაცი, რომლისთვისაც მტერი და მოყვარე არ არსებობდა, რომელიც ერთნაირად იბრძოდა ყველა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, რუსებმა ჯერ ნარკოტიკების გამსაღებლად, მერე კი ლამის ტერორისტად მონათლეს და აიძულეს ქვეყნიდან გაქცეულიყო. ნოვიკოვას ფილმში სწორედ ისლამი ცდილობს გვიამბოს დამსხვრეულ ილუზიებზე, ერის ფაქტობრივ გენოციდსა და დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე, რომელიც თავის მხრივ მსოფლიომ რუსეთს რამდენჯერმე აპატია, მერე კი საერთოდ გადაავიწყდა პუტინის ხელისუფლების სისხლიანი წარსული.