Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მატარებელი გაივლის გაუჩერებლად” - რა დაემართა მეტროსადგურ “გოცირიძეს”?


მეტროს სადგური „გოცირიძე“
მეტროს სადგური „გოცირიძე“

2020 წლის ზაფხულში მეტროს სადგური „გოცირიძე“ მხოლოდ რამდენიმე თვით დაიკეტა, თუმცა მისი გახსნა სულ მცირე, ორი წლით გადაიდო. რატომ ვერ გათვალა მერიამ სადგურის რეკონსტრუქციის ვადა და ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით, 3 მილიონით გაიზარდა? 

„ძვირფასო მგზავრებო, მატარებელი სადგურ გოცირიძეს გაივლის გაუჩერებლად“, - აცხადებს მეტროს დისპეტჩერი, მატარებელი სიჩქარეს ერთიორად ანელებს და გაუჩერებლად სცდება ბაქანს. მგზავრები, რომლებიც „გოცირიძეზე“ უნდა ჩასულიყვნენ, გზას აგრძელებენ.

მეტროს სადგური „გოცირიძე“ კაპიტალური რემონტისთვის 2020 წლის ზაფხულში ჩაიკეტა და აღარ გაიხსნა.

1960-იან წლებში აშენებული სადგური „გოცირიძე“ (ყოფილი „ელექტროდეპო“) დიდუბისა და ნაძალადევის სადგურებს შორისაა. ახლა მას მაღალი სამშენებლო ღობე აკრავს. ღობის მიღმა მუშები ახალი ბაქნისთვის რკინის კონსტრუქციას ამზადებენ. ძველისგან მხოლოდ ბურჯებიღაა შემორჩენილი, სადგურს უკვე აქვს ახალი სახურავი. კარზე შორიდან შესამჩნევი აბრა კიდია, წარწერით - „სადგური არ მუშაობს“.

მას შემდეგ, რაც სადგური დაიკეტა, ზესტაფონის ქუჩის მხარეს მერიამ ავტობუსი დანიშნა: მეტრო გოცირიძე - მეტრო დიდუბე.

სადგურს ერთ მხარეს ზესტაფონის ქუჩა ესაზღვრება, რომელიც ცოტნე დადიანის ქუჩას უერთდება. მეორე მხრიდან გრძელი, საფეხმავლო ხიდით მატარებლების სადგომის, „დეპოს“ გავლით წერეთლის გამზირს უკავშირდება. სწორედ ამ ხიდით ბრუნდება ხოლმე ყოველდღე სამსახურიდან ნინო ბორტიშვილი, რომელიც სახლამდე ორ ტრანსპორტს იცვლის.

„მე აქვე [სადგურთან ახლოს] ვცხოვრობ და თუ მეტრო მჭირდება, მიწევს, ან ნაძალადევზე გავიდე ცალკე, დამატებითი ტრანსპორტით, ან დიდუბისკენ წავიდე, ან ფეხით გავიარო. გზას მაინც გვიმრუდებს, მაინც მოქმედებს… მით უმეტეს, როცა გაიზარდა ტრანსპორტის ღირებულება, გაორმაგებული გადასახადი გიწევს. სულ იმას მეკითხებიან, როდის? რაიმე ხომ არ იცი, რამეს ხომ არ ამბობენ [როდის გაიხსნება]? სამწუხაროდ, არაფერი ვიცი. რამდენჯერმე აქვე მუშებსაც ვკითხე, მაგრამ არავინ არაფერი იცის, კონკრეტულ პასუხს და ვადას ვერ გვეუბნებიან“.

რა დაემართა სადგურ “გოცირიძეს”?

ადრე, სანამ სადგური დაიხურებოდა, მგზავრებს ბაქანზე ღია ცის ქვეშ უწევდათ ლოდინი. მერიამ გადაწყვიტა, მოსაცდელი გადაეხურა და სადგური რემონტისთვის დახურა. 3 წლით ადრე, მერიამ კერძო კომპანია შპს „მდგრადობის ექსპერტი“ დაიქირავა და სადგურის შესწავლა დაავალა. კომპანიამ სადგურიც შეისწავლა და ბაქნის სახურავის კონსტრუქციაც დაგეგმა. ამის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, რომელიც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავს, სადგურის რეკონსტრუქციაზე დაიწყო ფიქრი და ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მსურველი ვერ იპოვა. 2018-დან 2020 წლამდე ტენდერი კიდევ რვაჯერ გამოცხადდა და რვაჯერვე უშედეგოდ.

მეცხრედ გამოცხადებულ ტენდერში აზერბაიჯანული კომპანია „კაიზენის“ ქართულმა ფილიალმა გაიმარჯვა. ამ დროს იხურება სადგურიც.

გამარჯვებულმა პირობა დადო, რომ 7 თვეში (210 დღეში) დაასრულებდა სადგურის რეკონსტრუქციას, გადახურავდა ბაქანს, შეცვლიდა საკომუნიკაციო ქსელებს, გაარემონტებდა სადგურს შიგნიდანაც და გარედანაც. სანაცვლოდ კი, დაახლოებით 1 მლნ დოლარს (1 010 851.66) მიიღებდა.

2020 წლის ზაფხულში მშენებლობა დაიწყო, თუმცა დეკემბერში, პროექტის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, „კაიზენმა“ თბილისის მერიას მისწერა, რომ დასასრულებლად დამატებითი თანხა სჭირდებოდა.

„კაიზენი“ მერიას სწერდა, თქვენს მოწოდებულ პროექტში დაახლოებით 250 ათასი ლარის მასალები და სამუშაოები იყო გამორჩენილი და ეს მხოლოდ რეკონსტრუქციის დაწყების მერე აღმოვაჩინეთო.

მერიამ კომპანიას 250 ათასი ლარი ($79 011) დაუმატა, მაგრამ „კაიზენი“ დათქმულ ვადაში მაინც ვერ ჩაეტია და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ითხოვა. ასე კიდევ 6-ჯერ მოხდა, თუმცა 2021 წლის სექტემბერში რეკონსტრუქცია მაინც ვერ დაასრულა. მერიამ კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტა.

“რადიო თავისუფლება” კაიზენთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

კონტრაქტის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე „კაიზენმა“ ბოლოჯერ ითხოვა ვადის გახანგრძლივება. ხელშემშლელ მიზეზებად იგივე იყო მითითებული, რაც მანამდე - პანდემია და „ფარული და გაუთვალისწინებელი სამუშაოები“.

საქმე ისაა, რომ 5 წლის წინ რეკონსტრუქციის დაწყებამდე სადგური „გოცირიძე“ მერიის დაკვეთით შპს „მდგრადობის ექსპერტმა“ შეისწავლა და დასკვნაში დაწერა, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბაქნის დაშლის აუცილებლობაზე დასკვნაში არაფერი ეწერა, თუმცა მითითებული იყო, რომ მოპირკეთების მოშლის შემდეგ ბაქნის მდგრადობა თავიდან უნდა შეეფასებინათ.

როცა ბაქანს ბეტონისა და გუდრონის ფენა მოაშორეს, ხელმეორედ შეამოწმეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მერია გააფრთხილა, ამ ძველმა კონსტრუქციამ ახალი სახურავის სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოსო. დასკვნას თან დაურთეს ფოტოები იმის დასადასტურებლად, რომ ბაქნის ბეტონის ზოგიერთი ფილა და ლითონის კონსტრუქციები ისე იყო დაზიანებული, რომ „ხელით [შეხებისას] იშლება“.

დაზიანებული კონსტრუქციების ფოტოები სამხარაულის დასკვნიდან:

პროექტის გზადაგზა შეცვლით, სამუშაოები გაიწელა, „კაიზენმა“ კი ვადის 7-ჯერ ამოწურვის მომენტისთვის სამუშაოს ნახევარიც ვერ მოასწრო. მერიამ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა, „კაიზენი“ შემსყიდველების „შავ სიაში“ შეიყვანა (კომპანიას 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აეკრძალა) და ჯარიმაც დაახლოებით 352 ათასი დოლარი დააკისრა.

თუმცა, საეჭვოა, მერიამ ფული სრულად დაიბრუნოს. „კაიზენს“ საგარანტიო თანხად 640 ათასი ლარი ($202 ათასი) აქვს მითითებული. ეს თანხა მისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ ჰყოფნის. კომპანიამ თბილისის ბიუჯეტს კიდევ ნახევარ მილიონამდე ლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა არ გადაუხდია. „კაიზენს“ საქართველოში არც რაიმე უძრავი ქონება გააჩნია. მის იურიდიულ მისამართზე კი კომპანიის ოფისი არ დაგვხვდა.

„კაიზენის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა სატრანსპორტო კომპანიამ, თუმცა რა თანხას ედავება, არ ამხელს. „ინფორმაციის გაცემა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, - მისწერა რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიამ.

„თუ სარჩელი შეიცავდა რაიმე საიდუმლო ინფორმაციას, ეს ინფორმაცია უნდა დაეშტრიხათ, ან ამოეღოთ. “მიზანშეწონილად არ მიმაჩნია” რაღაცის გაცემა, არაა კანონთან თავსებადი“, - ამბობს IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური.

მაშ, როდის დასრულდება რეკონსტრუქცია?

ბოლო ორ წელში მერიის მიერ დაანონსებული სადგურის გახსნა ბევრჯერ გადაიდო.

მას შემდეგ, რაც „კაიზენმა“ პროექტი ისე დატოვა, რომ სამუშაოს ნახევარიც ვერ შეასრულა, რაშიც 1 მლნ 600 ათასი ლარი აიღო, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციის დასრულება კომპანია „მამისონის“ ვალდებულება გახდა. მერიამ მთავრობის განკარგულებით, ტენდერის გარეშე, 2021 წლის ნოემბერში ახალი კონტრაქტი ამ კომპანიასთან გააფორმა. „მამისონი“, პარალელურად, მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეკონსტრუქციას უძღვება.

…[მეტროს სადგურის] თუნდაც ერთი სადგურის მნიშვნელოვანი დროით გაჩერება დისკომფორტს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სადგურის მიმდებარე საწარმოებსა თუ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს“, - ასე ახსნა მერიამ ახალი კომპანიის ტენდერის გარეშე შერჩევის გადაწყვეტილება.

მერია ახალ კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის დამატებით 4,7 მილიონ ლარს უხდის. ხელშეკრულების მიხედვით, ახალ კომპანიას სადგურის რეკონსტრუქცია 9 ივნისს უნდა დაესრულებინა, თუმცა სადგური ისევ არ გაიხსნა. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ გახსნამ 2022 წლის აგვისტოსთვის გადაიწია.

მეტროსადგურ „გოცირიძით“ თვეში, დაახლოებით, 100 ათასამდე მგზავრი სარგებლობდა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG