(სუბიექტური ჩანაწერები კანის 75-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე)
უკრაინაზე ფიქრმა ობიექტურობაზეც იმოქმედა და პროფესიონალიზმზეც. არ შეიძლება, კინოს უყურო და სულ სხვა რეალობაზე ფიქრობდე! ეს ფიქრები ხელს გიშლის ფილმის აღქმაში. ყველაფერი გაღიზიანებს.
ბევრი ამბობს უკვე - უკრაინის ომით „შუა გაიკრიფა“, კეთილისა და ბოროტის ნიუანსები გაქრა და დარჩა ცალსახად კეთილი და ცალსახად ბოროტი, ცალსახად სოლიდარობა და ცალსახად გულგრილობა, ცალსახად გმირობა და ცალსახად ლაჩრობა. ეს ფაქტობრივად პრეზიდენტმა ზელენსკიმაც უთხრა „ლუმიერების დარბაზში“ შეკრებილ საზოგადოებას კანის 75-ე ფესტივალის გახსნაზე. მაგრამ ფესტივალი, სწორედაც ნიუანსებით, ყოყმანით, ეჭვით გამორჩეული ფილმებით, მაინც ჩატარდა. კინოკრიტიკოსებმა ჟურნალ „Screen“-ში ყველაზე დაბალი ქულებით შეაფასეს საკონკურსო პროგრამა ბოლო წლების კანის კინოფორუმის ისტორიაში. ასეთი შედეგი, მეხსიერება თუ არ მღალატობს, მხოლოდ ერთხელ მიიღო კანმა - 2017 წლის ფესტივალზე. მაშინ „ოქროს პალმა“ შვედ რეჟისორს, რუბენ ოსტლუნდს ერგო ფილმისთვის „კვადრატი“. საოცარი დამთხვევაა - წელს ოსტლუნდმა მეორედ მოიპოვა „პალმა“ ფილმისთვის „სევდიანი სამკუთხედი“.
მივყვეთ თანმიმდევრობით, იმ ჩანაწერების მიხედვით, რომლებსაც ყოველ დილით, 7 საათზე ვაკეთებდი, როცა კანის ფესტივალის გაჭედილ საიტს ვებრძოდი ბილეთების ასაღებად. დავიწყოთ ყველაზე ცუდი ფილმებით („ჩემი აზრით“ აღარ დავუმატე. ისედაც ცხადია ყველაფერი).
21. „და-ძმა“ (საფრანგეთი, რეჟისორი არნო დეპლეშენი)
- დეპლეშენის თითქმის ყველა ახალი ფილმი ჩართულია ხოლმე კანის ძირითად კონკურსში, მაგრამ დღემდე ერთ დიპლომსაც კი ვერ ეღირსა. ესაა ამბავი და-ძმაზე, რომლებიც წლებია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. მაგრამ უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც მშობლების გარდაცვალება მოჰყვა, ისინი სიძულვილის გადალახვას შეეცდებიან... რატომ სძულდათ ერთმანეთი, გაუგებარია. ყველა ჩემს კოლეგას დავეკითხე, რეცენზიების წაკითხვაც არ დამეზარა. მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ვერ ვხვდები, წარმოუდგენელი სიყალბე, რომელიც სურათის ყველა კადრიდან იფრქვევა, მსახიობების ბრალია (მარიონ კოტიარის და მელვინ პუპოსი - უსაყვარლესი გასპარი რომ შექმნა ერიკ რომერის „ზაფხულის ზღაპარში“) თუ სცენარის. ვფიქრობ, ამ როლით კოტიარმა საბოლოოდ გადაუსვა ხაზი თავის კარიერას. ახლო ხედებში, რომლებიც უსაშველოდ ბევრია ფილმში, ისე იღიმება, რომ პირს ოდნავადაც არ აღებს. ამის გამო ყვრიმალები წინ გამოდის, აცრემლებულ თვალს ფარავს და მისი ტირილიც უფრო ტირილის პაროდიას ჰგავს, ვიდრე რაიმე განცდას. იმედია, ეს თვითკმაყოფილი, გაპრანჭული, პათეტიკური დრამა ე.წ. პარიზული კინოს დასასრულია... და იმედია, ასევე, დეპლეშენის ახალ ფილმს ვერასდროს ვნახავთ კანის კონკურსში.
20. „ჩაიკოვსკის ცოლი“ (რუსეთი, რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი)
ევროპა ვერ ელევა რუსეთს. ისევ იქაა - „რუსეთს გონებით ვერ შეიცნობ!“. ეს კარგად იცის სერებრენიკოვმა და სთავაზობს დასავლეთს სწორედ იმას, რასაც რუსი ინტელექტუალისგან ელიან; არსებითად ხომ ანტონინა მილიუკოვას, ჩაიკოვსკის ფიქტიურ ცოლსაც ვერ გაუგებს ადამიანი. რატომ გადაყვა იმ კაცის სიყვარულს, რომელსაც მთელი ცხოვრება სძულდა (ფილმიკომპოზიტორის პანაშვიდით იწყება. მილიუკოვას დანახვაზე ჩაიკოვსკი ცოცხლდება და ახსენებს ცოლს, რომ... ეზიზღება). თავის დროზე ეს ისტორია ბრიტანელმა რეჟისორმა კენ რასელმა მუსიკალურ სატირად აქცია ფილმში „მუსიკის საყვარლები“. მაგრამ „ჩაიკოვსკის ცოლში“ პიოტრ ილიჩის მუსიკა პრინციპულად უარყოფილია. თავად ჩაიკოვსკიც ბუტაფორიაა. მთელი ყურადღება გადატანილია ანტონინაზე და იმის ჩვენებაზე, თუ როგორ იჩაგრებოდა ქალი მეცხრამეტე საუკუნის რუსეთში. უფრო სწორად, ამის თქმა უნდა სერებრენიკოვს, თუმცა ხელოვნურობა, რომლითაც გაჟღენთილია ფილმის ყველა კადრი, უკუეფექტს ქმნის - მთავარი პერსონაჟის ოპერეტული ისტერიკები ერთი წამითაც კი არ გაძლევს თანაგრძნობის საშუალებას. ფრანგული პრესა აღფრთოვანებულია ამ „დრამატული კიტჩით“. არ არის გამორიცხული, რომ ქართველი კრიტიკოსების აღქმაზე ისევ უკრაინის ომმა იმოქმედა. ღრმად ვარ დარწმუნებული - კანის კონკურსში არ უნდა ყოფილიყო ადგილი პუტინის მიერ სწორედ ომის დაწყებისთანავე განთავისუფლებული სერებრენიკოვის ფილმისთვის.
19. „შუადღის ვარსკვლავები“ (საფრანგეთი, რეჟისორი კლერ დენი)
სრული დისპროპორცია ფონსა და წინა პლანს შორის! ორი ექსპატრიატი, ამერიკელი ჟურნალისტი, ახალგაზრდა ქალი დოკუმენტების გარეშე და ბრიტანელი ბიზნესმენი, ინვესტიციების ძიებაში, ხვდებიან ერთმანეთს... რევოლუციურ ნიკარაგუაში. ფილმის შინაარსის მიხედვით, იბადება სიყვარული („შინაარსის“, რადგან, როგორც ჩანს, რაღაც გამომრჩა - ნამდვილი გრძნობის, თუნდაც ვნების გაღვიძება ამ პერსონაჟებში მე პირადად ვერ დავინახე). ცდილობენ გადავიდნენ კოსტა-რიკაში, თუმცა ადგილობრივი პოლიცია მათ კვალს ადვილად მიაგნებს... ორივე მსახიობი, მარგარეტ კუელი და ჯო ელვინი, მოდელებს ჰგვანან ნიკარაგუის ფონზე. ზოგიერთ ეპიზოდში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ „ანტიბონდიანაში“ თანამედროვე კინოს ერთ-ერთი საინტერესო ავტორი (რომელმაც თუნდაც „ლამაზ სამუშაოში“ ადამიანის სხეულის ახლებური გამოხატვით არაერთი კინოს მოყვარული მოაჯადოვა), ექსპერიმენტს მიმართავს - რა ემართება ჰოლივუდის ვარსკვლავს, პირველ რიგში მის სხეულს (მიაქციეთ ყურადღება ფილმის სათაურს), როცა მისთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში მოხვდება? მაგრამ ამ ექსპერიმენტისთვის ორსაათ-ნახევარი, ვფიქრობ, მეტისმეტად ბევრია. აქ უფრო სხვა კითხვა შეიძლება დაგებადოთ - რა ემართება კლერ დენის?
18. „ნოსტალგია“ (იტალია, რეჟისორი მარიო მარტონე)
40 წლის შემდეგ ფელიჩე, მამაკაცი დაღლილი მზერით, ეგვიპტიდან უბრუნდება თავის მშობლიურ ნეაპოლს. ამასობაში, როგორც ირკვევა, ისლამი მიიღო. თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს ნეაპოლის კათოლიკურ ეკლესიაში გრძნობს, ბავშვობის სახლის მახლობლად. მის ახალ ცხოვრებაში ნელ-ნელა ჩნდებიან წარსულის აჩრდილები, რომლებიც ფელიჩეს შურისძიებით ემუქრებიან... ავტორს, რომელიც სხვათა შორის თეატრის რეჟისორია, სურს, ახალი რაკურსიდან დაგვანახვოს მშობლიური ქალაქი, მისი ვიწრო აღმართები და ხმაურიანი ქუჩები, მაგრამ ამისთვის არც კინემატოგრაფიული სახიერება ჰყოფნის და არც სცენარი ეხმარება. მოკლე ფლეშბექები, რომლებიც ხანდახან ჩნდებიან ფილმში, ფელიჩეს ამბავს არაფერს უმატებს. ფელიჩეს პერსონაჟი უბრალოდ არ ვითარდება. ნეაპოლი კი უფრო კარგ ფილმებში გვინახავს.
17. „ნუშის ხეები“ (საფრანგეთი, რეჟისორი ვალერია ბრუნი-ტედესკი)
ფრანგული და იტალიური კინოს ვარსკვლავმა ბოლო წლებში რეჟისურაში სცადა გავარჯიშება, მაგრამ შედეგი კვლავაც საეჭვოა - ამბავი ახალგაზრდებზე, რომლებიც გასული საუკუნის 80-იან წლებში პატრის შეროს თეატრალურ სკოლაში სწავლობენ, უბრალოდ ისეა აგებული, რომ ძალაუნებურად გაგახსენდებათ ალან პარკერის შედევრი „Fame“ (1980), დაიწყებთ შედარებას და მიხვდებით, რომ თანამედროვე ფრანგულ კინოს (რომელსაც თავისი კვოტა აქვს კანის ფესტივალის კონკურსში) მძიმე დრო დაუდგა. 20 სტუდენტია ფილმის გმირი. თავიდან რეჟისორი ცდილობს კიდეც, ყველას ხასიათი მეტ-ნაკლებად გამოძერწოს, მაგრამ თითქოს ხვდება, რომ ამაში არც სცენარი ეხმარება და არც გამოუცდელი მსახიობები... უბრალოდ ივიწყებს სხვებს და ყურადღება ორი ახალგაზრდის სიყვარულზე გადააქვს. პატრის შერო, რომლის როლს ლუი გარელი ასრულებს, ფილმის მეორე ნახევარში ჩნდება. თითქოს მოწყენილი მაყურებლის გამოსაფხიზლებლად. მაგრამ გვიანაა უკვე. რაც შეეხება სურათის ავტორის პრეტენზიას, ახლებურად გამოხატოს „შიდსის ეპოქა“ და კიდევ ერთი სექსუალური რევოლუციის მარცხი, აქ უკვე ერთვება ყოფილი მსახიობებისთვის დამახასიათებელი კომპლექსი, რომელიც არაერთხელ გვინახავს კინოში, როცა არტისტი რეჟისორობას გადაწყვეტს ხოლმე - გაუთავებელი თამაში ახალგაზრდა არტისტების გარდასახვის ნიჭზე, უფრო ისტერიების დემონსტრაციაა („რატომ არ გიყვარვარ!“), ვიდრე ჩეხოვის „პლატონოვის“ ინტერპრეტაცია, რომელსაც მიმართავს პატრის შეროს ეს დასი.
16. „8 მთა“ (ბელგია, რეჟისორები შარლოტა ვანდერმერსი და ფელიქს ვან კრუნინგენი)
კიდევ ერთი გაუგებრობა კანის კინოფესტივალზე, რომელიც ჟიურიმ პრიზით დააჯილდოვა. თუკი მარტონეს სურათში “National geographic”-ის ნეაპოლი ვიხილეთ, ბელგიელი რეჟისორების დრამაში ორი ბიჭის მეგობრობაზე (ბავშვობიდან დაკაცებამდე) ასეთივე სურათოვნებით (საფოსტო ბარათების მსგავსად) ცოცხლდებიან იტალიური ალპები. ოღონდ პეიზაჟები მართლა უფრო იქცევს ყურადღებას, ვიდრე ცოცხალი ადამიანები, რომლებიც „8 მთას“, მიუხედავად მოლოდინისა, მაინც ვერ გადააქცევენ „კუზიან მთად“. ფილმს კატასტროფულად აკლია ემოციურობა და სავსეა განმეორებებით, რაც იმიტომაცაა უცნაური, რომ თითქმის 3 საათი გრძელდება (პერსონაჟების ცხოვრების ოც წელს მოიცავს). დათოვლილი მთების ცქერა სასიამოვნოა, თუმცა სურათის ავტორებს ისიც რომ გახსენებოდათ, რომ დროის ამხელა მონაკვეთში რაღაც მაინც უნდა იცვლებოდეს ეკრანზე, ნამდვილად უკეთესი იქნებოდა.
15. „მომავლის დანაშაული“ (კანადა, რეჟისორი დევიდ კრონენბერგი)
აქ მინდა გიამბოთ ფილმებზე საინტერესო ჩანაფიქრით, მაგრამ განუხორციელებელი, ანდა ნახევრად განხორციელებული ფორმით. კრონენბერგი ასეთი კინოს ლიდერებში უნდა გავიყვანოთ. ფანტასტიკის, ფენტეზის, ფუტურიზმის, მისტიკისა და ეროტიკის ნაჯვარი, რომელსაც ცუდი გემო აქვს! ესაა კრონენბერგის ფიქრები კაცობრიობის მომავალზე, როცა ადამიანები არა მარტო ტუჩებს დაიბერავენ, მთელ სხეულს „გალერეად“ გადააქცევენ სასაცილო ნახატებით, არამედ უფრო შორს წავლენ, მეტი ეფექტისა და დაუვიწყარი პერფორმანსებისთვის ორგანოებს დაიმატებენ სხეულზე - მაგალითად, ყურებით, ნამდვილი ყურებით გაიფორმებენ მკერდს და მუცელს... ადამიანის სხეული უკვე საშიში და, ამავე დროს, სასაცილო ტრანსფორმაციის ზღვარზეა! ერთი შეხედვით, დევიდ კრონენბერგი, რომელსაც დიდი ხანია ახალი ფილმი არ გადაუღია, თავის თავს არ ღალატობს - თუკი კინოხელოვნება მოძრავი სხეულის (ტანის!) ხელოვნებაა, რატომ უნდა მოვერიდოთ კინოკამერის საშუალებით სხეულის დათვალიერებას, იმ საიდუმლოს გააზრებას, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ატარებს? მაგრამ ამ ახალ სურათში ყველაფერი ისეთი ზედაპირულია, რომ კითხვა უბრალო კითხვად რჩება. კინო არ არის! მოძრაობა არ არის. მკვდარია ყველაფერი - გარემოც (პრინციპში, გარემო კრონენბერგს დიდად არც არასდროს აინტერესებდა) და ხასიათებიც.
14. „ბიჭი სამოთხიდან“ (შვედეთი, რეჟისორი ტარიკ სალეხი)
ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი ფილმი, რომელსაც ბოლომდე ვერ ვუყურე. ამბავი ახალგაზრდა მეთევზეზე, რომელიც კაიროს პრესტიჟულ უნივერსიტეტში იწყებს სწავლას, მაგრამ სტუდენტ-ექსტრემისტების მახეში გაებმება და უნებლიეთ ეგვიპტის სასულიერო და პოლიტიკური წრეების დაპირისპირების მსხვერპლი ხდება. ნამდვილად შეიძლებოდა კარგი ფილმის გადაღება ექსტრემიზმის ბუნებასა და სასულიერო პირების ფარისევლობაზე, იმაზე, თუ როგორ ახერხებს რელიგიური ინსტიტუტი საზოგადოების და ხელისუფლების მანიპულაციას, მაგრამ კრიმინალური სიუჟეტი სადღაც ფილმის მეორე ნახევარში მთლიანად გადაწონის აქტუალურ თემას და მაყურებლის ფიქრებს ფანტავს. მით უმეტეს, რომ რეჟისურა ტრადიციულია და გვაგონებს თუნდაც ფრანგულენოვანი TV 5-ის სატელევიზიო სერიალებს, რომლებიც ძირითადად საფრანგეთის ყოფილი კოლონიებისთვის კეთდება. მაშინაც კი, როცა მასობრივ სცენებში (გეომეტრიული სიზუსტით აგებულ მიზანსცენებში) ავტორს ეპიკურობის ეფექტის გათამაშება სურს.
13. „სევდის სამკუთხედი“ (შვედეთი, რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი)
სპოილერს ვერ გავბედავ - ფილმის ეფექტს მისი სიუჟეტი ქმნის. დიალოგები ძალიან სასაცილოა. საერთოდ, ბევრად უფრო მხიარული ფილმია, ვიდრე „კვადრატი“, თუმცა შვედ რეჟისორს ისევ არ ჰყოფნის უნარი, წერტილი დაუსვას თავის სოციალურ სატირას - ვერ გველევა, გვიღეჭავს, უბრალოდ არ გვენდობა. „უსიყვარულოდ“ სწორედ კანის წლევანდელი ფესტივალის ტრიუმფატორის გამო დავარქვი ამ მიმოხილვას. როდესაც სატირა კარიკატურაში გადადის, სიყვარულისთვის ადგილი არ რჩება ხოლმე. მით უმეტეს, როცა კინოკამერა ისეთი ფაქიზი და ყურადღებიანი არ არის, პერსონაჟების გროტესკულ სახეებზე ადამიანი რომ აღმოაჩინოს. ოსტლუნდს ნიჭის თვალსაზრისით ბევრი აკლია, მაგალითად, აკი კაურისმიაკამდე, ანდა ულრიხ ზაიდლამდე, სატირის და თანაგრძნობის გაერთიანება რომ შეძლოს. წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, ზაიდლის „რიმინი“ ბერლინის წლევანდელი ფესტივალის ჟიურიმ სრულიად უყურადღებოდ დატოვა. სამაგიეროდ, ოსტლუნდის „გემი მიცურავს“, ფელინის ეპიგონის ეს მორიგი ანტიკაპიტალისტური „კომედი შოუ“ კანის ფესტივალის „პალმით“ დააჯილდოვა. ფროიდის მეტი ვერაფრით ვხსნი კინემატოგრაფიული ელიტის ამ ვნებას - თითქოს თავს იმართლებენ: „ის, რასაც ეკრანზე ვხედავთ, ახალგაზრდა შვედი რეჟისორის მწარე იუმორი და „სოციალური ქილიკი“ სხვებს ეხება, მაგრამ მე არა. მე არ ვცხოვრობ მისი პერსონაჟივით!“. არადა, ცხოვრობენ. ვცხოვრობთ! ალბათ ოსტლუნდიც, მთელი თავისი მორალისტური პოზით.
12. „ბროკერი“ ( იაპონია, რეჟისორი ჰიროკაძუ კორეედა)
მიუხედავად იმისა, რომ კორეედას „მაღაზიის ქურდები“ ძალიან მიყვარს, ამ ფილმის ფაქტობრივი განმეორების ყურება ადვილი არ იყო. მე პირადად ვერ გავუძელი კორეაში გადაღებულ, ხელოვნურად გაწელილ „როუდ მუვის“ (როგორც აღმოჩნდა, ასე საათ-ნახევრის მერე ბავშვის გაყიდვის თავგადასავალი ახალ ჟანრში გადადის, თუმცა მეორე ნაწილი აღარ მინახავს). ამიტომ ვერ გავბედავ, გირჩიოთ, არ ნახოთ კანის ჟიურის მიერ მოწონებული ეს სურათი. ბავშვებით მოვაჭრეები ამავე დროს „ჯიგრები“ არიან... ავტორის და მსახიობების (ერთ-ერთი, სონ კან-ჰო, კანის ფესტივალის ჟიურიმ მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლადაც კი ცნო) ეს პოზიცია არანაირად არაა არგუმენტირებული, რადგან გროტესკი, სენტიმენტალურობა და კრიმინალური სიუჟეტი მუდმივად უშლის აქ ხელს ერთმანეთს. ზედმეტად ილუსტრაციული საუნდტრეკი ემოციას ვერ აძლიერებს, მრავალრიცხოვანი პერსონაჟები კი, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან ფილმში, არანაირად არ გამახსოვრდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეისთვის ფილმში დაყენებული პრობლემა ძალიან აქტუალურია (შვილად აყვანას მკაცრად არეგულირებს კანონმდებლობა), „უცხო შვილის“ თემა ამ რეჟისორთან უკვე იმდენჯერაა გადამუშავებული, რომ „ბროკერი“ მხოლოდ კორეედას მხურვალე გულშემატკივრებს თუ ასიამოვნებს.
11. „წმინდა ობობა“ (შვედეთი, რეჟისორი ალი აბასი)
საინტერესო ფილმია იმაზე, თუ როგორ შეიძლება იქცეს ქალზე ძალადობა ლამის სახელმწიფო პოლიტიკად, როცა საზოგადოება პატრიარქალურია და ქვეყნის მართვა - ავტორიტარული. ძალიან ლამაზი ქალია მთავარ როლში, ზაჰრა ამირ ებრაჰიმი, რომელიც თამაშობს ჟურნალისტს, ირანელი მეძავების მკვლელობების საქმეს რომ იძიებს. მაგრამ უხერხულობის გრძნობა პირველივე ეპიზოდებიდან შეიძლება გაგიჩნდეთ, თუკი გაიაზრებთ, რომ ირანიდან დევნილი შვედი რეჟისორის ფილმი არა ირანში, არამედ სადღაც ევროპაშია გადაღებული. ეს ბუტაფორული ფონი (ღამის ქალაქის შორი ხედებით) ეწინააღმდეგება სათქმელს - თუკი გარემო ისეთივე მოძალადეა, როგორც მანიაკი, რომელიც ქალებს ალაჰის სახელით კლავს, მაშინ გარემო აუცილებლად უნდა ჩანდეს ფილმში. ჰოლივუდში რომ იღებდნენ საბჭოთა კავშირზე ფილმებს, ხომ გახსოვთ? კიტჩი იყო, მაგრამ კარგი ფილმებიც ხომ გადაიღეს „იმიტირებულ გარემოში“? არადა, რა საინტერესო იქნებოდა თუნდაც შვედეთი ირანიდან დევნილი რეჟისორის თვალით. იმედია, მაყურებელს ალი აბასის ასეთი კინოც დააინტერესებს - კანში იგი უკვე ბევრმა კრიტიკოსმა აღიარა.
10. „გამოცხადება“ (აშშ, რეჟისორი კელი რეიჰარდტი)
ჰოლივუდი რეიჰარდტთან გადმოყირავებულია - მისი კამერა თითქოს ხელუხლებლად ტოვებს ამერიკულ სინამდვილეს, მაგრამ წინა პლანს უთმობს იმათ, ვინც ნაკლებად ჩანს ამერიკულ კინოში. გარიყულ, ანდა ჰოლივუდისთვის ნაკლებად საინტერესო ადამიანებს. ამას ემატება მცირე ბიუჯეტის „პრინციპული დემონსტრირება“ - მინიმალიზმი და ამ კინოსთვის ტრადიციული, ნაცრისფერი გამოსახულება „მერყევი კამერით“. ამბავსაც ოსტატურად აგებს და შეუძლია შეკრას ქაოტური სინამდვილე ისე, რომ ხასიათების გამოძერწვაც მოასწროს. ისტორია მხატვარ ქალზე, რომელიც გამოფენისთვის ემზადება, თუმცა ამავდროულად ცდილობს გაუმკლავდეს ოჯახურ პრობლემებს, ამერიკული „წარმატების მითის“ მიმართ ირონიითაა სავსე. რეიჰარდტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გმირის მიმიკას, ჟესტიკულაციას, თამაშობს სიტყვისა და ჟესტის წინააღმდეგობებზე (რომერი!), მაგრამ სახიერების დეფიციტი და ეს პრინციპული მინიმალიზმი ნელ-ნელა ქმნის დისტანციას პერსონაჟთან. იმის მაგივრად, რომ „შეხვიდე“, სრულიად ემიჯნები იმპროვიზებულ მიზანსცენებს. ასეთი კინო, ვიმეორებ, რეჟისორის არჩევანია. სხვა საქმეა, რამდენად არაა მოსაწყენი ეს ყველაფერი.
9. „მშვიდობა“ (საფრანგეთი, რეჟისორი ალბერტ სერა)
თავისთავად ასეთი ფილმის გადაღება შემოქმედებით თავხედობას და განსაკუთრებულ სითამამეს მოითხოვს - ხუმრობა ხომ არ არის, აიძულო მაყურებელი, სამი საათის განმავლობაში დააკვირდეს, თუ როგორ ურევს ტვინს საფრანგეთის წარმომადგენელი ტაიტის მოსახლეობას, არწმუნებთ რა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ატომური იარაღის გამოცდას. თავიდან ცდილობ, ყურადღებით ჩააცქერდე სტატიკურ ხედებს (ახლო ხედები თითქმის უარყოფილია); შედარებით „ლამაზი პეიზაჟი“ (მაგალითად, ტალღების „ატრაქციონი“ ზღვაზე) ხანდახან გამოგაცოცხლებს კიდეც. ხვდები, რომ დიალოგების მოსმენას აზრი არა აქვს - ბენუა მაჟიმელის პერსონაჟი ბევრს ქაქანებს ამინდზე, მაგრამ მისი ტექსტები არც სასაცილოა და არც დამაფიქრებელი. ფილმის პირველსავე ეპიზოდებში ნათელია, რომ სერას სურს ამხილოს დასავლეთის პოლიტიკა აფრიკაში და გაგვახსენოს, რომ კოლონიალიზმი უკვდავია, უბრალოდ მან ფორმა შეიცვალა და უფრო ფარისეველი გახდა (წყალქვეშა ნავიც გამოჩნდება, როგორც „რეაქტიული სახე“, რომლითაც ვიგებთ, რა არის ფილმის მთავარი გმირის მიზანი). მიზანსცენებში, რომლებიც თითქმის რეალურ დროში ვითარდება, მსახიობები არ თამაშობენ - ადგილობრივი მოსახლეობა ემსგავსება თოჯინებს, რომლებიც ცივი და ცარიელი მზერით უსმენენ „წარმომადგენლის“ ბოდვას. პოლინეზია მკვდარი სამოთხეა. აქ არაფერი მოძრაობს („ტალღების ატრაქციონის“ გარდა). შესაბამისად, ფილმს რიტმი არა გააჩნია. კინოც მკვდარია. ესაა სერას „შავი კვადრატი“, რომელიც მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ კინო, როგორც ხელოვნება, დასრულდა. გმირულად გავუძელი იმ ავტორის ფილმს, რომელმაც საყოველთაო კრიზისის დროს საკუთარი სახე შექმნა! თუმცა ხანდახან, გართობის მიზნით აქეთ-იქით ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი კანის ფესტივალის დიდ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას - წამდაუწუმ საათზე რომ იხედებოდა, მაგრამ ჩემსავით გმირულად იჯდა დარბაზში. წლევანდელი კონკურსის ჟიური ხომ იხილეთ? ხომ ნახეთ, რა ხალხია? ახლა ის მაინტერესებს, რამდენჯერ დაიხედეს მათ საათზე სეანსის დროს.
8. „რ.ნ.მ.“ (რუმინეთი, რეჟისორი კრისტიან მუნჯიუ)
წლებია ველოდი ამ ფილმს. კრისტიან მუნჯიუს „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“, ისევე როგორც „გორაკებს მიღმა“, საუკეთესო ფილმებია, რომლებიც კანის კინოფესტივალის დარბაზში მინახავს. მისი სტილი, მისი გრძელი ხედები, რომლებშიც ძალიან ბევრი სივრცეა, მისი დაკვირვებული კამერა და მაგარი მსახიობები... იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, თუ როგორი ახლობელია მუნჯიუს თემატიკა ჩვენთვის, სწორედ ისაა, რასაც „ჩემი კინო“ ჰქვია. თითქოს მუნჯიუს ახალი ფილმიც საინტერესოდ იწყება - მატიასი ანებებს თავს სამსახურს გერმანიაში და მშობლიურ ტრანსილვანიას უბრუნდება. გერმანიაში მას „ბინძურ ბოშას“ უწოდებენ. ბრუნდება სამშობლოში და ახლა უკვე აქ ხვდება შეუწყნარებლობა და უცხოს მიმართ აგრესია - რუმინელები ვერ ეგუებიან უნგრელებს, უნგრელები რუმინელებს, რუმინელები და უნგრელები ვერ ეგუებიან შრილანკელ ახალგაზრდებს, რომლებიც, მათი აზრით, არა მარტო სამუშაოს ართმევენ, არამედ მათი „ევროპული იდენტობის“ წაშლასაც ცდილობენ. ესაა მუნჯიუს „ლევიათანი“ და „უსიყვარულოდ“ (მატიასს შვილიც ჰყავს, პატარა ბიჭი, რაღაცამ რომ შეაშინა ტყეში და მეტყველების უნარი დაუკარგა), რომელიც ვერ ქაჩავს ვერც რუმინელი რეჟისორის წინა ფილმებამდე და ვერც ზვიაგინცევის შედევრამდე. ფილმში არის 17-წუთიანი გაყინული კადრი, სოფლის მცხოვრებთა კრება, სიძულვილის კრება, რომელშიც ხალხი გმობს უცხოელების შემოსვლას სოფლის ტერიტორიაზე. თუნდაც ამ ეპიზოდისთვის ღირს ფილმის ნახვა. სხვა მხრივ კი, „რ.ნ.მ.“ უსაშველოდ დაშლილი სურათია, რიტმული ჩავარდნებით და ცუდი მსახიობებით. ცენტრალური ევროპისთვის აქტუალური პრობლემები, ევროკავშირის ეკონომიკური სტრატეგიის მარცხი რუმინეთში, შიდამიგრაცია და ქსენოფობია - ყველაფერზე ერთად მოუნდა ავტორს მსჯელობა და საბოლოოდ გამოუვიდა საშუალოევროპული არტჰაუსი, რომელიც სრულიად სამართლიანად დატოვა უყურადღებოდ კანის ფესტივალის ჟიურიმ.
7. „არგამედონის დრო“ (აშშ, რეჟისორი ჯეიმს გრეი)
ჯეიმს გრეი ძალიან უყვართ კანში, თუმცა მაინცდამაინც არ აფასებენ ჰოლივუდში. რაც კი ამერიკულ კინოს კლიშე დაუგროვდა, ყველაფერია მის ფილმებში. ასეთი კონსერვატორი მართლა არ ვიცი, სხვა თუ ჰყავთ კიდევ; თითქოს კინოს იმ ხალხისთვის იღებს, ვისაც მხოლოდ და მხოლოდ 50-60-იანი წლების ჰოლივუდის ყურება სიამოვნებს. მაგრამ გამოგიტყდებით, იმ მოსაწყენი ერთფეროვნების ფონზე, რაც უხვად ვიხილეთ კანის კინოფესტივალზე, გრეის ახალ ნამუშევარს მაინც ინტერესით ვუყურე. ესაა ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმი, რომელიც აღადგენს გასული საუკუნის 80-იანი წლების ამერიკას და გრეის ბავშვობის ხანას - უთანასწორობისა და რასიზმის გამოვლინებებით. პატარა მაიკლ ბენკ რეპეტი არაჩვეულებრივია მთავარ როლში და, მე თუ მკითხავ, ბაბუაზე (ენტონი ჰოპკინსი) უფრო თავისუფალია კამერის წინ. პრესკონფერენციაზე გრეის ჰკითხეს, აღიარებს თუ არა „400 დარტყმის“ გავლენას მის ფილმზე, რაზეც უპასუხა, რომ ამის უარყოფა შეუძლებელია, ყველამ რაღაც ვისწავლეთ ტრიუფოს შედევრისგანო. ფრანსუა ტრიუფოსთან შედარება ნამდვილად კომპლიმენტია გრეისთვის - არაფერი ახალი ამ ფილმში არ თქმულა. სენტიმენტალიზმი და ბავშვის გრძნობებზე თამაში მოქმედებს მაყურებელზე, მაგრამ ვფიქრობ, „არგამედონის დრო“ ერთი ნახვის შემდეგ ყველას დაავიწყდება.
6. „უმცროსი ძმა“ (საფრანგეთი, რეჟისორი ლეონორ სარაი)
საკმაოდ უცნაური ფრანგული ფილმია, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა კანის საკონკურსო პროგრამაში - ფესტივალის ბოლო დღეს უჩვენეს, როცა აბსოლუტურად ყველა დაღლილია ხოლმე - კრიტიკოსებიც და ჟიურიც. ვფიქრობ, სარაის სურათი ამით ცოტა არ იყოს დაიჩაგრა. არადა, საუკეთესოა ფრანგულ პროგრამაში. ფილმის გმირი, ჟანა, კოტ-დ’ივუარიდან ჩადის საცხოვრებლად გასული სააუკუნის 80-იანი წლების საფრანგეთში, თავის ორ პატარა ვაჟიშვილთან ერთად. თხრობა გრძელდება დღევანდელ დღემდე - ბავშვები იზრდებიან, უმცროსი სწავლობს და მთლად ფილოსოფიის მასწავლებელი ხდება. უფროსი შავ სამყაროს უკავშირდება და ბოლოს იძულებულია მშობლიურ აფრიკას დაუბრუნდეს. სოციალური (და რასობრივი) უთანასწორობის თემა იხსნება ყოველგვარი პათეტიკის და სწორხაზოვანი პუბლიცისტიკის გარეშე. გაზრდის, დავაჟკაცების, შეგუებისა და პროტესტის პროცესი აისახება თანმიმდევრულად, მშვენიერი მსახიობებით. შესანიშნავი ფრანგი ოპერატორის ელენ ლუვარის კამერა დროის ცვლილებას ასახავს არა იმდენად ყოფის დეტალებით, რამდენადაც განათებისა და ფერის ცვლით. რაც უფრო გვიახლოვდება დრო, მით უფრო რეალისტური ხდება კადრი. პორტრეტები იმდენად შთამბეჭდავია, რომ მსახიობებს დიდი ოსტატობა არც მოეთხოვებათ. თუმცა დედის როლის შემსრულებელი, ანაბელ ლენგრონი, ვფიქრობ, მალე გაგვაოცებს თავისი ახალი სახეებით.
5. „იო“ (პოლონეთი, რეჟისორი ეჟი სკოლიმოვსკი)
პოლონური და მსოფლიო კინოს კლასიკოსი ეჟი სკოლიმოვსკი ჯერ კიდევ 10 წლის წინ წერდა, რომ მისი ერთადერთი საყვარელი ფილმია რობერ ბრესონის „მაგალითად ბალთაზარი“ და სანამ ცოცხალია, აუცილებლად უნდა გააცოცხლოს ბრესონის შედევრი. 84 წლის რეჟისორმა მიზანს მიაღწია - გადაიღო ფილმი სახედარზე, რომელსაც ცხოველთა უფლებების დამცველთა მოთხოვნით ცირკს ჩამოაცილებენ. თუმცა, იო (ასე ჰქვია სკოლიმოვსკის ვირს) ადამიანთა სისასტიკეს მაინც ვერ გაექცევა. მას თავისუფლება უყვარს - იწყებს „მოგზაურობას“ ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც განსხვავებულ ხალხს ხვდება. ბოლოს, როგორც ბრესონთან, კვდება დაღლილი და მარტოობისგან გამოფიტული. ბრესონი გვახსოვს, თუმცა არის ერთი განსხვავება. თუკი ფრანგ კლასიკოსთან ჩვენ უფრო ბალთაზარის თავგადასავალს ვაკვირდებით სიყვარულისგან დაცლილ სამყაროში, აქ ვხედავთ თანამედროვე ევროპას უკვე... ვირის თვალებით. იმდენად, რომ ხანდახან სკოლიმოვსკი სუბიექტური კამერის ეფექტსაც მიმართავს. ცხადი ხდება, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არა საწყალი სახედარია, არამედ დაქსაქსული და თანასწორობას მოკლებული სამყარო, რომელსაც „ევროკავშირი“ ჰქვია. ფილმის მთავარი ღირსება კი ისაა, რომ მოკლეა და უაღრესად კომპაქტური. ვაი რომ, კანის კონკურსში ჩართული სამსაათიანი სურათების ფონზე, სკოლიმოვსკის უნარი, ფაქტობრივად სრულმეტრაჟიან კლიპში გვითხრას სათქმელი, დასაფასებელია. ჟიურიმაც დაააფასა. „იო“ სპეციალური პრიზით აღნიშნეს.
4. „წასვლის გადაწყვეტილება“ (კორეა, რეჟისორი პაკ ჩხან უკი)
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფილმი კანის კონკურსში, თანამედროვე კინორეჟისურის ეტალონი, ერთგვარი აღმოსავლური „ვერტიგო“, რომელიც მაყურებელსაც დაუტრიალებს გონებას დაუვიწყარი კინემატოგრაფიული სახეებით. ფესტივალის ბოლომდე სწორედ ეს სურათი ლიდერობდა კრიტიკოსთა გამოკითხვებში. თავად სიუჟეტი ახალი არაა და არაერთხელ გამოუყენებიათ კინოში - დეტექტივი ჩადის მთაგორიან სოფელში ერთი საკმაოდ უცნაური საქმის გამოსაძიებლად; ახალგაზრდა კაცი კლდიდან გადმოვარდა. თვითმკვლელობაა? ერთადერთი მოწმე მისი ყოფილი ცოლია, რომელსაც გამომძიებელი დაკითხავს და... შეუყვარდება. ტრილერი და დეტექტივი არ არსებობს თავსატეხის გარეშე. მაგრამ მხატვრული ნაწარმოები არ არსებობს გრძნობების გარეშეც. თავსატეხი და ემოციები (ასახული თანამედროვე ტექნოლოგიებში - სმარტფონებში, აბსოლუტურად მექანიზირებულ ავტომობილებში, ლეპტოპებში) მუდმივად ცვლის ერთმანეთს და ქმნის დაუვიწყარ სანახაობას... სწორედ სანახაობას, რომლის დეფიციტი მუდმივად იგრძნობოდა კანის ფესტივალის წლევანდელ ფილმებში. დაუმატეთ ამას ბრწყინვალე საუნდტრეკი და „წასვლის გადაწყვეტილებას“ თვალდახუჭულმაც შეიძლება „უყუროთ“ - მაინც ისიამოვნებთ!
3. „ლეილას ძმები“ (ირანი, რეჟისორი საიდ რუსტაი)
პრემიერის შემდეგ გავბედე, მივედი რეჟისორთან და გამოვუცხადე, რომ მისი ფილმი „პალმის“ მთავარი კანდიდატია (არადა, საკონკურსო პროგრამა ჯერ არ იყო დასრულებული). თავი გააქნია, არა მგონიაო. იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ლეილას ძმები“ საერთოდ დაავიწყდებოდა კანის ჟიურის. თუმცა ძმებმა-კრიტიკოსებმა ივაჟკაცეს და ირანული ფილმი „ფიპრესის“ მთავარი პრიზით აღნიშნეს. კოლეგები თუ დააფასებდნენ ამ საოჯახო ქრონიკას, რომელიც აბსოლუტურად ახალი კუთხით ასახავს თანამედროვე ირანს და, რაც პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოკლებულია ირანული კინოსთვის დამახასიათებელ კლიშეებს, კეკლუცობას იგავისებური ფორმებით. ფილმის ცენტრალური ფიგურა ლეილაა, რომელიც ცდილობს როგორმე დაეხმაროს თავის გაჭირვებულ, გაღატაკებულ ძმებს და მათ ოჯახებს. ეგაა, რომ დასახული გეგმის ჩაშლას მოინდომებს ოჯახის პატრიარქი, მოხუცი მამა, ვერა და ვერ რომ ელევა ტრადიციებს, ხავსმოკიდებულ წარმოდგენას ღირსებასა და ავტორიტეტზე. ესაა თანამედროვე ირანის, სტაბილურობას მოკლებული პატრიარქალური სამყაროს ნამდვილი სოციალური, პოლიტიკური კვლევა - შესანიშნავად გადაღებული, ვირტუოზულად აწყობილი, უნიკალური სამსახიობო ანსამბლით, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა პრიზს ინტერპრეტაციისთვის. დაიმახსოვრეთ რეჟისორის სახელი! სწორედ ამ ახალგაზრდა კაცს შეუძლია დაიხსნას ირანული კინო კრიზისისგან. თუკი, რა თქმა უნდა, სადღაც შვედეთში არ გადაიხვეწა და იქიდან არ დაიწყო დასავლელი მაყურებლის გაბრუება ზედაპირული პუბლიცისტიკით.
2. „ტორი და ლოკიტა“ (ბელგია, რეჟისორები ჟან-პიერ დარდენი, ლუკ დარდენი)
ემიგრანტებით ვაჭრობა ძმები დარდენების საყვარელი თემაა. ბავშვებიც. მათი საყვარელი სახეა კამერისგან შებრუნებული, უსუსური, სუსტი ბავშვი, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს. ამ ხალხის გადარჩენა მხოლოდ კინოს შეუძლია, მხოლოდ კამერას, რომელიც თანამედროვე კინოში არსადაა ისეთი მგრძნობიარე, როგორც დარდენებთან. ჰო, დარდენებს უყვართ ტყეც დიდი ქალაქის გარეუბანში, გზატკეცილის პირას, იქ, სადაც ვერავინ ბედავს დაეხმაროს დევნილებს. მაგრამ კამერა ხომ არც ღმერთია და არც მხოლოდ კეთილშობილი ავტორი (ავტორები). კამერა ჩვენ ვართ. სწორედ ჩვენში იღვიძებს დახმარების და დაუცველი ადამიანის გადარჩენის სურვილი. სხვა რომ არაფერი აკეთონ, მუდმივად რომ იმეორონ ერთი და იგივე, დარდენები მაინც გაგვაკვირვებენ და მაინც ვიტყვით, რომ მათთვის პრიზები და „პალმები“ არ უნდა დაენანოთ. ტორი და ლოკიტაც ბავშვები არიან, არალეგალური ემიგრანტები ბენინიდან. გოგონა 15 წლისაა, ბიჭი - 9 წლის. ასაკის გამო ბელგიიდან ვერ ასახლებენ. ქვეყანაში დარჩენის უფლების მოსაპოვებლად მათ უნდა დაამტკიცონ, რომ და-ძმა არიან. მაგრამ ისინი მხოლოდ თამაშობენ დას და ძმას. შიმშილით რომ არ დაიხოცონ და ვალები გადაუხადონ იმათ, ვინც ბელგიაში ჩამოიყვანა, ტორი იძულებულია სხეულით ივაჭროს, ორივე ერთად კი ყიდის პიცას, მაგრამ სინამდვილეში ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ჩართული. რაღაც მსგავსი უკვე ჰქონდათ ხომ დარდენებს? „ლორნას სიჩუმე“, მაგალითად. კი, ამ თემებს ვერ ელევიან. და სხვა რა არის კიდევ მნიშვნელოვანი თანამედროვე სამყაროში, რომლის პრობლემებს დარდენები არასდროს ემიჯნებიან. აგერ სხვებისგან განსხვავებით ეყოთ გამბედაობა და ანტონ დოლინთან ინტერვიუში პირდაპირ განაცხადეს, პუტინს მხოლოდ სამხედრო ოპერაცია დაამარცხებსო. კრიტიკოსები, რომლებმაც დარდენების ფილმი დაიწუნეს, აღნიშნავენ, რომ მასში მეტისმეტად სწორხაზოვანია ეს დაყოფა დადებით და უარყოფით პერსონაჟებად. კინემატოგრაფიული სამყარო ისევ ნიუანსებს ითხოვს. დარდენები კი გვიამბობენ სევდიან ზღაპრებს და ისევ ამტკიცებენ, რომ ბოროტებას დიდი ხანია აღარ გააჩნია ნიუანსები.
1. „ახლოს“ (ბელგია, რეჟისორი ლუკას დონტი)
რეცენზიაში, რომელიც ლუკას დონტის ამ სურათს ეძღვნება გრეგორი ელვუდი, „Playlist“-ის კინომიმომხილველი წერს, რომ ცხოვრებაში პირველად იტირა ფილმზე. გამიკვირდა. დავბერდი კაცი და კარგი კინო, ხანდახან კომედიაც კი, მატირებს ხოლმე. თუმცა ტირილის მიზეზი ყოველთვის ფილმი არ არის. კინო შეიძლება მხოლოდ საბაბად იქცეს იმისთვის, რომ გული აგიჩუყოს. მაგალითად, როცა შენი ფიქრები სხვაგანაა, ხან უკრაინა გახსენდება, ხანაც 17 მაისი, ხანაც ძალადობა, რომელსაც ამ სამყაროში არა აქვს დასასრული, ნამდვილად შეიძლება ატირდე. ეს დიდი კინოს მაგიური ზემოქმედებაა - ბნელ დარბაზში, სადაც კარგად ვერ გხედავენ, შეიძლება რამდენიც გინდა იმდენი იტირო. იმპულსი გჭირდება მხოლოდ. და სწორედ ეს იმპულსი იყო ლუკას დონტის ფილმი კანის ფესტივალზე. ამავე დროს, „ახლოს“ იყო ერთადერთი სურათი კანში, რომელმაც ჩვენი (და არა მარტო ჩვენი) პრობლემები დაგვავიწყა, ის, რაც დროებითია და რასაც ეშველება (ან არ ეშველება) - გაგვახსენა, როგორ ვიზრდებოდით, როგორ ვერ ვხდებოდით რაღაცებს, მაგრამ ვერ ვბედავდით კითხვას, როგორ ვემშვიდობებოდით ბავშვობას, როგორ შევეჯახეთ პირველად ღალატს, ახლობელი ადამიანის დაკარგვას, სიკვდილს... „ახლოს“ შესანიშნავი სათაურია. ზუსტად ასახავს ახალგაზრდა ბელგიელი რეჟისორის სტილს (32 წლისაა და უკვე გახდა კანის ფესტივალის გრანპრის ლაურეატი) - მხოლოდ კინოს შეუძლია ახლოდან დაგვანახვოს ცოცხალი მზერა და ისიც კი, რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს - ყველაზე დამალული გრძნობები. „ყვავილების ქვეყანა“ (ყვავილი ლუკას დონტის ფილმის მთავარი სახეა), რომელშიც ლივლივებენ ლეო და რემი, 13 წლის ბიჭები, მარადიული არაა. ყვავილი დაჭკნება, დიდ ბედნიერებას ტრაგედია შეცვლის, სამოთხე დარჩება მოგონებად, რომლის შენახვა დიდ კინოს თუ შეუძლია. დაკარგულ სამოთხესთან ზიარება კი აგატირებს, აბა, რას იზამს.