Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროკავშირში გაწევრიანება იქნება კატასტროფა” - ჰომოფობებს დასავლეთი არ უნდათ


ჰომოფობიური აქცია თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ, 6 ივნისი.
ჰომოფობიური აქცია თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ, 6 ივნისი.

ულტრამემარჯვენე დაჯგუფება ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების გაძევებას ითხოვს - ქვიარების მხარდაჭერის გამო. სად აქვს დასაყრდენი ამ პოზიციას?

ნეტა რა მოხდება, თუკი საქართველო ერთ დღესაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის და აშშ-ის ელჩებს ქვეყნიდან გააძევებს?

ბოლო ოთხ დღეში ჰომოფობიური და ქსენოფობიური პოზიციით ცნობილმა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებმა - „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ” და „ზნეობამ” უკვე მეორე აქცია გამართეს ამ მოთხოვნით.

ამჯერად ისინი საელჩოებს ღია წერილის გამო დაუპირისპირდნენ, რომელიც ქართული ქვიარ თემის მხარდასაჭერად დიპლომატებმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის დადგომამდე, 16 მაისს გაავრცელეს.

როგორც რუსეთში

ჰომოფობიური განცხადებები და სიძულვილის ენა ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიმართ ულტრამემარჯვენეების დემონსტრაციების მთავარი სათქმელია, - ამბობს თამარ ხიდაშელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან“ (DRI).

თამარ ხიდაშელი
თამარ ხიდაშელი

ბოლო ორი წელია, DRI აკვირდება და იკვლევს, თუ როგორ ატარებენ მანიფესტაციებს ექსტრემისტული ჯგუფები. აქციები იმართებოდა, ძირითადად, კოვიდპასპორტების, ელჩების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ეთნიკური უმცირესობების… და ქვიარების წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ორგანიზაციის დამკვირვებლები 30-მდე დემონსტრაციას დაესწრნენ.

„ხშირად აქცენტი განსაკუთრებით აქვთ სექსუალური უმცირესობების მიუღებლობაზე”, - ამბობს თამარ ხიდაშელი და აღწერს, როგორ მანიპულირებენ ქვიარების მიმართ საზოგადოების წინასწარგაწყობებითა და სტერეოტიპებით.

უკვე წლებია, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” დამფუძნებელი, გურამ ფალავანდიშვილი ითხოვს, საქართველომ გაიმეოროს რუსეთის გამოცდილება, რომელმაც 2013 წელს კანონით აკრძალა „არასრულწლოვნებს შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა”.

2017 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასთან, რადგან შეუძლებელია, ადამიანს შთააგონო მისი სექსუალობა.

ფალავანდიშვილი ასევე ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონში „გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის” ჩაწერას, 2019 წელს კი ცდილობდა, ჩაეშალა თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება. ამ ფილმში ქართული ხალხური ანსამბლის ორ მოცეკვავეს, მერაბს და ლევანს ერთმანეთი უყვარდებათ.

ორმაგი სტანდარტები

წლებია, ექსტრემისტები ცდილობენ, განდევნონ საჯარო სივრციდან გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და აუკრძალონ მანიფესტაციის უფლება.

მაგალითად, შარშან, 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს ქვიარების დაგეგმილი „ღირსების მარში“, დაარბიეს ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი და სცემეს 53 ჟურნალისტს.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადება, სადაც მან თქვა, რომ „უმცირესობა უნდა დაემორჩილოს უმრავლესობის ნებას”.

„ამით [პრემიერ-მინისტრმა] ძალადობას მწვანე შუქი აუნთო”, - ამბობს თამარ ხიდაშელი. „სახელმწიფომ მიგვაჩვია, რომ თავის ვალდებულების შესრულებაზე უარს ამბობს, თითქოსდა, ლეგიტიმური მიზეზით”.

არათანმიმდევრულია პოლიციაც. ის შერჩევით ექცევა მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას - ძალადობრივ ჯგუფებს ხშირად აცდის, მშვიდობიან დემონსტრანტებთან კი ხისტი და ფორმალურია.

მაგალითად, 6 ივნისს, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 7 ადამიანი „წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის” დააკავა და იმავე დღეს, ხელწერილით გაათავისუფლა.

იმავე ბრალდებით ხშირად აკავებენ ხოლმე სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს მართავენ. მაგალითად, 7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „სირცხვილიას” 10-ზე მეტი წევრი დააკავეს და ყველას ერთად 30-ათასლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

„მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის შეგნებულად ტოლერანტული ამ ჯგუფების მიმართ. რაში სჭირდება სახელმწიფოს ეს? ამაზე ჩემი მსჯელობა მხოლოდ სპეკულაცია იქნება”, - ამბობს თამარ ხიდაშელი.

ორი აქცია ოთხ დღეში

ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ, 20-მდე დემონსტრანტს, სულ ცოტა, 40-მდე პოლიციელი დაუხვდა.

ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა გრძელი განცხადება წაიკითხა, და სათითაოდ ჩამოთვალა 30-ზე მეტი დასავლური ქვეყნის ელჩი. მათ მიათვალა იაპონიის, კანადისა და ახალი ზელანდიის ელჩებიც. 7 წუთი ლაპარაკობდა. მოკლე შინაარსი: ელჩები უნდა წავიდნენ, რადგან ემსახურებიან სატანას და „მსოფლიო სოდომიტურ მაფიას”.

6 და 9 ივნისს აქციის მონაწილეებს ბევრი მსგავსი ბანერი ეჭირათ
6 და 9 ივნისს აქციის მონაწილეებს ბევრი მსგავსი ბანერი ეჭირათ

იქვე მდგომ მის შვილს, ალექსანდრე ფალავანდიშვილს ვკითხე, უნდა თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება.

„ევროკავშირში გაწევრიანება იქნება კატასტროფა. ჩვენ რომ ევროკავშირში გვიღებდნენ ისეთებად, როგორებიც ვართ, მაშინ არ გვექნებოდა პრობლემა”, - მიპასუხა მან.

ორ დღეში, 9 ივნისს ამდენივე ადამიანი, კრწანისის დასახლებაში, ლიეტუვის საელჩოს წინ შეიკრიბა. ამჯერად ოთხი კაცი დააკავეს (მამა-შვილი ფალავანდიშვილები უკვე მეორედ) - მათ ევროკავშირის ქაღალდის დროშა დახიეს. ეს ისჯება მას შემდეგ, რაც შარშან, 5 ივლისს მოძალადეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს, დაწვეს და აღმართეს ჯვარი, რომელიც დღემდე იქ დგას.

„ახლა ლაპარაკია იმაზე, მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში. ვინმე კითხულობს, ჩვენ მივიღებთ თუ არა ევროკავშირს?“ - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“შემთხვევითი არ არის”

„ის 21 ადამიანი, რომელიც ახლა 5 ივლისის საქმეზე არის მსჯავრდებული, ალბათ არ იქნებოდა იქ, სადაც არის, რომ არა ძალიან მკვეთრი და უარყოფითი დამოკიდებულება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”, - ამბობს მკვლევარი თამარ ხიდაშელი და წუხს, რომ ხელისუფლება ამ საფრთხეებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

მისივე თქმით, ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებულები, რაც, ღირსების კვირეულის მოახლოების და ულტრამემარჯვენეების კვლავ გააქტიურების ფონზე, სახიფათო სიგნალია.

ყოველ წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ივნისის თვე ლგბტქი ადამიანებისთვის საკუთარ პრობლემებზე საუბრის დროა. სხვადასხვა ღონისძიების გამართვით ისინი საზოგადოებას თავიანთ არსებობას და საკუთარი უფლებების დაცვის მნიშვნელობას შეახსენებენ.

წელს „ღირსების კვირეული” საქართველოში 28 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თუმცა ქვიარები მსვლელობის მოწყობას არ აპირებენ.

„ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება… ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არაღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია”, - წერია არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის” განცხადებაში, რომელიც 31 მარტს გავრცელდა.

იმავე დღეს, „ღირსების კვირეულის” ჩაშლით დაიმუქრა ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია.

მაისის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში შედარებით შემცირდა ჰომოფობიური განწყობები.

მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 53%-მა თქვა, რომ გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს კანონით უნდა აეკრძალოთ შეკრება და საკუთარი აზრის გამოხატვა. ავტორების თქმით, ეს პროგრესია - 6 წლის წინ გამოკითხულთა 78% იყო ქვიარების წინააღმდეგი.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ორგანიზაცია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” თანახმად, მას მოსახლეობის სრული უმრავლესობა უჭერს მხარს. 2022 წლის აპრილის მონაცემებით - გამოკითხულთა 88%.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება „შემთხვევითი არ არის” მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG