საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს უფლება არ აქვს, უარი თქვას რომელიმე ელჩის დანიშვნაზე ან გათავისუფლებაზე - იმ გადაწყვეტილებების ხელმოწერაზე, რომელთაც სამთავრობო გუნდი მიიღებს. ამ საკითხზე უფლებამოსილებების გასამიჯნად მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს 6 ივნისს მიმართა.
"საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამთავრობო გუნდი ამ განცხადებაში არ აკონკრეტებს, აღნიშნულ სარჩელს უძღოდა თუ არა წინ ელჩების დანიშვნა/მოხსნაზე პრეზიდენტის მიერ მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილება. ამ საკითხზე საუბარი იყო 2022 წლის მარტში, როცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გასული წლის ივნის-ივლისში და წელს სალომე ზურაბიშვილმა, მთლიანობაში, მთავრობის წარდგინებით 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევას არ მოაწერა ხელი.
"სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის გამწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი", - აღნიშნავდა "ქართული ოცნება" 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მაშინ "ქართულ ოცნებას" უპასუხა, რომ "2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება".
ელჩების დანიშვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 მარტს თავის ყოველწლიურ მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მას მთავრობამ უარი უთხრა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ოფიციალური ვიზიტების განხორციელებაზე, რისთვისაც პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა.
იმავე 15 მარტის განცხადებაში, "ქართული ოცნება" აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე ვიზიტი კონსტიტუციის დათქმის დარღვევით შეასრულა.
"აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია", - ეწერა მმართველი პარტიის განცხადებაში.
"ქართული ოცნების" მხრიდან 14 მარტს დაყენებული ეს სადავო საკითხი არ გამხდარა კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი მიზეზი.
არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობას უფლება არ ჰქონდა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თუმცა კანონმდებლობა დაჩქარებული წესით შეიცვალა. 14 აპრილს მიღებული ცვლილებებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონი უკვე უშვებს შესაძლებლობას საკონსტიტუციო დავებს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხზე. ოპოზიცია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პრეზიდენტზე ანგარიშსწორებად აფასებდა.