Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდესაც კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა - ირაკლი კობახიძე


"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში განმარტა, თუ რატომ არ საუბრობდნენ, მათი შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე. საუბარი შეეხება ელჩების დანიშვნის თემას, რომელიც სადაო გახდა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს და „ჭუჭყის გარეთ გამოტანა არ სურდა“.

პასუხი არის მარტივი - „ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა, არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გარეთ გამოგვეტანა. როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. ვიზიტებთან დაკავშირებითაც კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია, ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამ თემაზე საუბრის დაწყების თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ აპირებენ, პრეზიდენტს შეჰყვნენ „კინკლაობის მცდელობაში“ და ფაქტებით საუბრობენ.

კობახიძის განმარტებით, გასული წლის ივნის-ივლისში და წელს პრეზიდენტმა, მთლიანობაში, მთავრობის წარდგინებით 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევას არ მოაწერა ხელი.

ვსაუბრობთ ფაქტებით, ფაქტები კი არის შემდეგი - გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით სამი წარდგინება გაეგზავნა და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია, თითქმის, ერთი წელი, შესაბამისად, პრეზიდენტმა მათ დანიშვნაზე უარი განაცხადა. ამ ნაწილში უკვე არასწორი ინფორმაცია გვაქვს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ასევე, წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ, მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში არათუ უპასუხოდ დატოვა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს ნათქვამი. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული ოფიციალური მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, შესაბამისად, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაუგებარია“, - ამბობს ირაკლი კობახიძე,

მისი განმარტებით, პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული თავისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის სფეროში.

„როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი, ეს მთლიანად მთავრობის პრეროგატივაა. საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია. როდესაც საკუთარი ე.წ. არგუმენტებით პრეზიდენტი იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში და მსჯელობს იმაზე, რა არის მიზანშეწონილი და რა არა, ეს თავისთავად მეტყველებს დამატებით იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“, - თქვა კობახიძემ.

29 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

პარლამენტმა 29 მარტს ორი კვირით გადადო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტს დაჩქარებული წესით ამ კვირაში უნდა მიეღო.

კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო დავის წამოწყება შესაძლებელი გახდება, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორე სახელმწიფო ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება რაიმე მოქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია.

ოპოზიცია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პრეზიდენტზე ანგარიშსწორებად აფასებს. კანონპროექტის მომზადება დაიწყო მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ საუბარი დაიწყო მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე.

XS
SM
MD
LG