Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილი: როგორ შეიძლება ეს საკითხი ვთარგმნოთ, როგორც პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები?


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მმართველი გუნდის ინიციატივით, კანონში ცვლილებები შედის საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო დავის წამოწყება შესაძლებელი გახდება, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორე სახელმწიფო ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება რაიმე მოქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია.

ოპოზიცია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პრეზიდენტზე ანგარიშსწორებად აფასებს. შეგახსენებთ, კანონპროექტის მომზადება დაიწყო მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ საუბარი დაიწყო მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ანრი ოხანაშვილი, აბსურდულს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებებს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ სპეკულაციურ ხასიათს ატარებს:

„როგორ შეიძლება სანქცია ეწოდოს იმას, რაც ყველა იმ ევროპული ქვეყნის ქვაკუთხედია, რომელიც ეფუძნება საპარლამენტო რესპუბლიკას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებია განსაზღვრული და სადაც ერთ-ერთ უფლებამოსილებად საკონსტიტუციო სასამართლოს მინიჭებული აქვს, რომ, თუკი ვერ ვთანხმდებით ვისია უფლებამოსილება, მაშინ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. როგორც შეიძლება ეს საკითხი ჩვენ ვთარგმნოთ ისე, რომ ეს ნიშნავს, თუნდაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში სანქციის გამოყენებას, ეს არის სრული ნონსენსი. აქ მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ მე მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში იმისთვის, რომ დაგიდგინო შენ, რომ დაარღვიე კონსტიტუცია, არა, აქ მთავარი მიზანი არის ის, რომ შესაბამისი კონსტიტუციური ორგანო მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში იმისთვის, რომ ერთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მომიჯნავე უფლებამოსილების დროს დაადგინოს, ვისია ეს უფლებამოსილება. ეს არის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დავის მთავარი აზრი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტი სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას.

რატომ გაახსენდა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებები მაინცდამაინც ახლა, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადებების შემდეგ საუბარი დაიწყო მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე? "რეფორმების ჯგუფის" წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამ კითხვით დაინტერესდა:

„რატომ არ იყო ეს საკითხი კანონთან შეუსაბამო, მაგალითად, 2020-ში, როდესაც თქვენმა გუნდმა ერთი ცვლილება შეიტანა თვითმმართველობის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში? მაშინ რატომ არ გაგახსენდათ, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყო ეს ჩანაწერიც? და რატომ გახდა ის შეუსაბამო მას შემდეგ, რაც ქალბატონი ზურაბიშვილი მოიქცა ისე, როგორც თქვენ უთხარით, რომ არ უნდა მოქცეულიყო“.

ფრაქცია „ლელოს“ დეპუტატის, დავით უსუფაშვილის თქმით, კანონპროექტს სერიოზულ დაღს ასვამს ის პოლიტიკური და ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტი, რაც ამ ინიციატივას ახლავს თან.

კანონპროექტის არსი

რაც შეეხება კანონპროექტის დეტალებს, როგორც მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ შექმნილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად ადგენს იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს მინიჭებული. ერთი-ერთი ასეთი უფლებამოსილება კი არის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი, ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის განხილვა (საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 60, პუნქტი 4, „დ“ ქვეპუნქტი).

ამასთანავე, კანონპროექტის ავტორების თქმით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებების შესახებ დავების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს შესაბამისი ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების არა მხოლოდ სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მის არსს, მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკასაც.

კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილება და მისი განხორციელების პირობები ჯეროვნად არ არის ასახული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რაც ნათლად მიუთითებს ამ კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე. მათი თქმით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მოქმედი ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ნორმას აქცევს ფიქციად და გამორიცხავს მისი სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება შედის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 26-ე მუხლსა და 34-ე მუხლში. კერძოდ, კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ითვალისწინებს შემდეგ ნორმებს:

  • შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულია/გამოცემულია სამართლებრივი აქტი ან განხორციელდა მოქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში მოპასუხეა სადავო სამართლებრივი აქტის მიმღები/გამომცემი, სადავო მოქმედების ან უმოქმედობის განმახორციელებელი. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს უგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს განმცხადებელი მოპასუხედ ჩააბას საქმეში.
  • საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე სადავო სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ხოლო სადავო მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
  • შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, ან იმ მოქმედების, ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად აღიარებას, რომელმაც სრულად, ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

კანონპროექტის ავტორები არიან მმართველი გუნდის წევრები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში სამივე მოსმენით მიიღებს.

დღეს მოქმედი კანონით, ერთ სახელმწიფო ორგანოს მეორეს მიმართ დავის წამოწყება მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია ანუ მხოლოდ ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს (და არა მოქმედება ან უმოქმედობა).

XS
SM
MD
LG