Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატები ელჩებად დანიშნა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების" განცხადებას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩობის თორმეტივე კანდიდატი თანამდებობაზე დანიშნა.

„საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მმართველი პარტიის მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. როგორც „ოცნება" აღნიშნავს, გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, რომლებზეც პრეზიდენტს არაერთგზის, ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ.

„ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს", - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.

„დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც, მისი შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას.

„იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი დღესაც აქტუალურია და დიპლომატიურ წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას ექმნება სირთულეები, საქართველოს მთავრობა იმოქმედებს გაცხადებული სამართლებრივი რეაგირების შესაბამისად", - აღნიშნავს ის.

XS
SM
MD
LG