Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი, გვარამია, დოდონი - რატომ ადარებს "ოცნება" პატიმრებს


იგორ დოდონი და ვლადიმირ პუტინი 
იგორ დოდონი და ვლადიმირ პუტინი 

„ცა და დედამიწა“ - ასე შეაფასა განსხვავება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ინტერვიუს დროს, როცა პარალელებს ავლებდა მიხეილ სააკაშვილისა და იგორ დოდონის ბრალეულობებს შორის.

კობახიძე ამბობს, რომ შეკითხვები არც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვრამიას დაკავების საფუძველებთან დაკავშირებით უნდა ჩნდებოდეს.

საქართველო და მოლდოვა, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობენ და განაცხადზე ბრიუსელის პასუხს ელოდებიან. კობახიძის "კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს" - ეს ევროპელი პარტნიორების მისამართითაც იყო ნათქვამი.

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსი პოლიტიკოსი, იგორ დოდონი, კორუფციის ბრალდებით ამჟამად შინაპატიმრობაშია. ამ ფაქტს არ მოჰყოლია ისეთივე კრიტიკული რეაქციები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც ეს საქართველოში დაკავებებს მოჰყვა.

  • რამდენად რელევანტურია და რას გვაძლევს ორ ქვეყანაში დაკავებული ყოფილი პოლიტიკოსების ერთმანეთთან შედარება?
  • რა არის მთავარი განსხვავება, რაც დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოსა თუ მოლდოვისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში?

დოდონი შინ

პროკურატურის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მოლდოვის სოციალისტური პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, გამოკვეთილად პრორუს ექსპრეზიდენტს (2016-2020), იგორ დოდონს, სასამართლომ, 26 მაისს, 30-დღიანი შინაპატიმრობა შეეფარდა.

ეს გადაწყვეტილება არც სააპელაციო პალატამ შეცვალა, 31 მაისის სხდომაზე.

პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობას ითხოვდა.

ფიციალური ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დოდონი ეჭვმიტანილია ასევე სახელმწიფო ღალატში, დანაშაულებრივი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღებასა და ქონების უკანონო დაგროვებაში.

ძირითადი ბრალდების თანახმად, იგორ დოდონმა ქრთამი არაპირდაპირი გზით აიღო მოლდოველი ოლიგარქის, დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერისა და მოლდოვის „რუხ კარდინალად“ წოდებული ვლადიმირ პლაჰოტნიუკისგან, რომელსაც, ოჯახის წევრების ჩათვლით, აშშ-მა, 2020 წელს, სანქციები დაუწესა.

გამოძიება ეყრდნობა 2019 წლის ფარულ ვიდეოჩანაწერებს. კადრებში ასახულია, რომ პლაჰოტნიუკი ცდილობდა, შავი პაკეტი გადაეცა იგორ დოდონისთვის, რომელიც იმხანად ჯერ ისევ მოქმედი პრეზიდენტი იყო.
დოდონი პაკეტს არ მიეკარა, მაგრამ უთხრა - „თქვენ კვლავ პარკით ხართ“ და შემდეგ, სთხოვა, რომ ვინმე „კოსტასთვის“ გადაეცა ის. ვიდეოში დოდონი და პლაჰოტნიუკი ასევე მსჯელობენ პარლამენტში კოალიციის შექმნაზე, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებოდა.

დოდონი ძალაუფლებისთვის ახლაც იბრძვის და, მათ შორის - ქვეყნის სათავეში დაბრუნების დაპირებებით, შინაპატიმრობიდან ფეისბუკზე უამრავ პოსტს აქვეყნებს.

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ინფორმაციით, მისი განცხადებები ქვეყანაში ამძაფრებს დისკუსიებს იმის შესახებ - რომ ექსპრეზიდენტს მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენა დისტანციურადაც შეუძლია - ასეთი ფართო და შეუზღუდავი, ღია კომუნიკაციის საშუალებით.
პროკურატურა შიშობს, რომ შინ მყოფ დოდონს ასევე გამოძიებისთვის საინტერესო მასალების განადგურებაზე მიუწვდება ხელი.

დოდონის შინაპატიმრობიდან წერს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს, მაია სანდუს მოლდოვის ომში ჩართვა აქვს გადაწყვეტილი.

„[ჩემს დაკავებაში - რთ] არის გეოპოლიტიკური შემადგენელიც, რადგან ხელისუფლება უახლოვდება ნატოს, ემზადება უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვისთვის და არ სურს, რომ ვინმემ შეუშალოს ხელი ამ პროცესს“, - წერს დოდონი ფეისბუკის ერთ-ერთ ბოლო პოსტში.

დოდონი ყოველთვის აპროტესტებდა პრორუსი პრეზიდენტის სტატუსს და თავს ეროვნულ, პრომოლდოვურ ხელისუფლად თვლიდა. თუმცა მისი საქმიანობა საწინააღმდეგოზე მეტყველებდა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული მისი ინაუგურაციის შემდეგ, უკვე 26 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.
რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გამოკვეთილად ლოიალური დამოკიდებულებისა და მოსკოვში სტუმრობების გარდა, ისტორიამ შემოინახა არაერთი ფაქტი. მაგალითად, 2020 წელს, მისი პრეზიდენტობის ბოლო კვირებში, ხელი მოაწერა კანონებს, რომელთა მიხედვითაც - რუსულ ენას მოლდოვაში ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და ასევე მოიხსნა 2017 წელს დაწესებული აკრძალვა რუსეთის სახელმწიფო არხების გადაცემების ტრანსლირებაზე.
2021 წლის ივნისის შემდეგ, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ორგანიზაციას „მოლდოვურ-რუსული საქმიანი კავშირი“.

დოდონის დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ფართოდ აშუქებს რუსეთის მედია და ისმის უკმაყოფილება რუსეთის სახელისუფლებო წრეებიდან; თუმცა, როგორც კიშინიოვში აცხადებენ, რუსეთის რეაქციები ზეგავლენას ვერ მოახდენს კორუფციასთან ბრძოლის პროცესზე და პროცესები კანონის უზენაესობის შესაბამისად წარიმართება.

„ახლოსაც ვერ მივა“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იგორ დოდონი, „შავი პარკის“ ისტორიითა და კორუფციის დანაშაულთან დაკავშირებული ვარაუდებით, ახლოსაც ვერ მივა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაპატიმრების ისტორიებთან.

ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი Live“ 1 ივნისს განაცხადა შემდეგი:
„მას შემდეგ, რაც განაცხადი წარადგინა მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატობაზე, მას შემდეგ აღძრეს საქმე ყოფილ პრეზიდენტზე, იგორ დოდონზე და რამდენიმე დღეში დაიჭირეს კიდეც...
იმავე დოდონს ვერავინ ედავება იმ ტიპის დანაშაულებს, რაც მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ჩადენილი აქვს იმ ხელისუფლებას, სააკაშვილის რეჟიმს და სააკაშვილის ხელისუფლებას. მათ შორის არის ის 5 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც აღძრულია ბრალი ან შეფარდებული აქვს სასჯელი სააკაშვილის მიმართ და ასე შემდეგ...
გვარამიას შემთხვევაში, არის ძალიან ცხადი სქემა დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ გაიძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 6,7 მილიონი ლარით. აქაც ცა და დედამიწაა...
რეალურად რომ აიღო ეს შემთხვევები, არის ცა და დედამიწა და ნაკეთებ საქმეებს რაც შეეხება, მიუხედავად მისი [დოდონის - რთ] ორიენტაციისა, ახლოსაც ვერ მივა, სამწუხაროდ“.

დოდონის დაკავებასთან გავლებული პარალელების ფონზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, კიდევ ერთხელ დახატა ბოლო პერიოდში არაერთხელ ნათქვამი სცენარი, რომ: ოპოზიციასა და მის უცხოელ ლობისტებს სურთ - საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი; შემდეგ, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა.

ამ სცენარს აბსურდს უწოდებს ოპოზიცია, რომლის ლიდერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სწრაფად მოხდეს საერთაშორისო პარტნიორების შენიშვნების გათვალისწინება, რათა საქართველო არ ჩამორჩეს უკრაინასა და მოლდოვას.
ასეთ საფრთხეზე ლაპარაკობენ ანალიტიკოსებიც.
ოპოზიციის სახელით, ბრიუსელში გაგზავნილია წერილი, წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მოთხოვნით.

ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მწვავედ რეაგირებს საერთაშორისო კრიტიკაზე და კრიტიკოსების უმეტესობას „კრიმინალების მფარველად“ თუ ომის სცენარის მოსურნედ მოიხსენიებს.

შედარებასა და განსხვავებაზე

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ყოფილი პოლიტიკოსების დაკავების ფაქტების შედარება აზრს მოკლებულია, თუკი არ მოხდება პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემებისა და გადადგმული ნაბიჯების შედარება და მაგალითად, „რამდენად უზრუნველყოფილია პატიმრის უფლებები, მათ შორის - აღკვეთის ღონისძიებასთან მიმართებით“ და „რამდენად უზრუნველყოფს სასამართლო პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას“.

ამ ჭრილში ლევან ალაფიშვილი 2 ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:

  • „იგორ დოდონის შემთხვევაში, სასამართლომ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეზე [აღკვეთის ღონისძიებად - რთ] შინაპატიმრობა გამოიყენა [და არ განათავსა ის იზოლატორში]... ეს შესაძლოა მცირე დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია მგრძნობიარე საქმის განხილვის შემთხვევაში“;
  • „დოდონის შემთხვევაში, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, განაჩენი არ არსებობს; ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში განხილვები მიდის და საქმეების ნაწილი დასრულებულია. ბუნებრივია, შედარებით დაბალია შეფასების სტანდარტი, როდესაც გამოძიებაზეა ლაპარაკი, ვიდრე - სასამართლო განხილვებისა და დამდგარი განაჩენის შემთხვევაში“.

და რატომ ხდება, რომ საერთაშორისო პარტნიორები შეკითხვებს სვამენ საქართველოსთან დაკავშირებით, ხოლო იგივე არ ხდება დღეს, მოლდოვის შემთხვევაში?

ლევან ალაფიშვილი გვეუბნება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას არა აქვს სათანადო ნდობა, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, რადგან - „არ გვაქვს მმართველი პარტიის მიმართ არანეიტრალური სასამართლო სისტემა და დასავლელ პარტნიორებს აქვთ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების სამივე შტო არის ერთი პოლიტიკური დღის წესრიგის მსახური“.

შედეგად კი, „ბუნებრივია, ყოველთვის იქნება კრიტიკა დემოკრატიული ოჯახიდან და უფრო ინტენსიური იქნება განსაკუთრებით მგრძნობიარე საქმეებზე“.

ლევან ალაფიშვილი განმარტავს, თუ რატომ არის სასამართლო ასეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული სამყაროსთვის:
„ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლების 3 შტო არსებობს. აქედან საკანონმდებლო [პარლამენტი - რთ] და აღმასრულებელ [მთავრობა - რთ] შტოებს შეუძლიათ პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება, მათ შორის - პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახები კანონების მიღება, თუ უდიდესი რეპრესიული აპარატის პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგით გამოყენება...
სწორედ ამ ორი პოლიტიკური შტოს დასაბალანსებლად არის საჭირო მესამე შტო - სასამართლო ხელისუფლება.
სასამართლოს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურად ნეიტრალური არბიტრის როლი აქვს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ სასამართლო უზრუნველყოფდეს სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების რეალიზებას და, რაც მთავარია - ნდობა ჰქონდეს ძალიან მაღალი. კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს პოლიტიკური მიუკერძოებლობა - არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“.

საქართველოს სასამართლო სისტემის კრიტიკა სააკაშვილისა და გვარამიას დაკავების შემდეგ არ დაწყებულა.

მაგალითად, ჯერ კიდევ შარშან მარტში, აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრაზე განმარტავდნენ, რომ:

  • სასამართლო სისტემა ფართოდ აღიარებულია, როგორც არადამოუკიდებელი და მიკერძოებული“ ;
  • სასამართლო რეფორმის პროცესი ძალიან, ძალიან გახანგრძლივდა“;
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი ნდობის პრობლემაც დიდწილად სასამართლოს მიმართ უნდობლობამ განაპირობა.

მას შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ მრავალჯერ მოისმინა რეკომენდაციები სასამართლო სისტემის, როგორც სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედის რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ერთ-ერთი უმთავრესია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ქვეყნების შეფასების პროცესშიც.

თბილისის პასუხია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოთხოვნილი რეფორმები უკვე შესრულებულია და სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია.

ყოფილი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოლდოვაში, წინა წლებში აღძრული არაერთი საქმის მიუხედავად, რომლებიც ძირითადად კორუფციას უკავშირდებოდა, საერთაშორისო პარტნიორებს არ ჰქონიათ (დღევანდელი საქართველოს მსგავსი) მწვავე შეფასებები მაია სანდუს ხელისუფლების მიმართ და ხშირად აღინიშნებოდა, რომ მოლდოვის ხელისუფლება სწრაფად მიიწევს წინ დემოკრატიის გზაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG