საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“(RSF) სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულს და უპრეცედენტოს უწოდებს სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს. ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ განაჩენი გადაიხედოს.
RSF-ის მიერ 24 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს არის საქართველოში ოპოზიციური მედიასაშუალების ხელმძღვანელის დაპატიმრების პირველი შემთხვევა. საერთაშორისო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელის, ჯინ კაველიეს შეფასებით, საეჭვო საფუძვლის მქონე საქმეზე გამოტანილი მკაცრი განაჩენი იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზანი ოპოზიციური მედიასაშუალების დასუსტებაა.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ სასამართლოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი შემოწმება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, შეასრულოს ყველა მედიასაშუალებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საერთაშორისო ვალდებულებები.
16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი იყო. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეები.