Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტში იმსჯელებენ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე


ოთხშაბათს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებზე.

ბოლო პერიოდში მედიაგარემოსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ძირითადად, კრიტიკა ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.

ლექსო ლაშქარავას, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ოპერატორის, გარდაცვალება ევროპის საბჭომ შეიტანა 2021 წლის ანგარიშში - „პრესის თავისუფლების დაცვა დაძაბულობის და კონფლიქტების დროს“. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

5 ივლისის ძალადობაზე საუბარია მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა, რომელმაც დამაჯერებლად არ გამოიძია და არ დასაჯა 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.

ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე არის კიდევ ერთი სადავო საკითხი. გვარამიას დაკავება - რუსთავი 2-ის დირექტორობისას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - ფართოდ აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის „მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა“.

XS
SM
MD
LG