Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროგნოზები და შეფასებები ევროკავშირის პასუხამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ივნისს


როცა (არ) წუხხარ გასაკეთებელზე - რა პასუხს მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი არა აქვს. ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან წამოსული მესიჯები კი ცალსახად ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს არ იძლევა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიას უკვე 7 ივნისს ექნება მზად დასკვნები „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ კითხვარებზე გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით და შემდეგ, ეს დოკუმენტები შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მოქმედ ევროკავშირის ევროპულ საბჭოში უნდა განიხილონ.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი, რომელსაც ბრიუსელის კულუარებიდან ინფორმაციას საკუთარი წყაროები ხშირად აწვდიან, ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ძირითადი წუხილი სწორედ სასამართლო რეფორმას უკავშირდება.

„სასამართლო სისტემის საკითხი აწუხებს ყველას [ბრიუსელში]... მე ვიტყოდი, რომ საქართველომ დაკარგა დრო, როცა საქმე შეეხებოდა ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებს... გვახსოვს შარლ მიშელის დიდი [უშედეგო მედიაცია - რთ] ძალისხმევა შარშან... მან ხელი აიღო საქართველოზე, გულახდილად რომ ითქვას“, - ამბობს რიკარდ იოზვიაკი.

რას ითხოვდნენ და რას ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსგან? რა გაკეთდა და რის გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად?

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

წაუყენებენ თუ არა ბრალს ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე?

ძმები, გურამ (გუგა) და დავით (დათა) კაკულიები, სამართალდამცავებმა ორთაჭალაში, ნაქირავებ ბინაში, 29-30 მაისის ღამეს დააკავეს. მათ ბრალი სამი მუხლით ედებათ, მათ შორისაა მკვლელობის მცდელობა.

პროკურატურამ მათ ბრალი 27 მაისს, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე წარუდგინა. ძმები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან და თავს დამნაშავედ ბრალის არცერთ ნაწილში არ ცნობენ.

თუმცა გუგასა და დათას სახელები სულ სხვა, გახმაურებულ საქმესაც დაუკავშირდა. მათი სახელები მედიაში ერთი წლით ადრე გავრცელდა, 2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ.

მაშინ ერთ-ერთ ვერსიად მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილები იყვნენ და რომ ეს იყო შურისძიება ნიკო კვარაცხელიას მამაზე, ასევე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე.

მამაზე შურისძიების ვერსიას თავიდანვე გამორიცხავდა ნიკოს დედა, თუმცა ძმები კაკულიების დაკავებას რამდენიმე საათში განცხადებით გამოეხმაურა. იზა ომაძე წერს, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს მისი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთად დასახელებული ძმები.

როგორ აღმოჩნდნენ დაკავებული ძმები ორი საქმის ფიგურანტები? წაიკითხე დეტალები ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ომი უკრაინაში: რუსეთის იერიშების შედეგად სევეროდონეცკში აზოტმჟავას საცავი დაზიანდა

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ სევეროდონეცკის მოსახლეობას 31 მაისს მოუწოდა დარჩნენ თავშესაფრებში, რათა ქიმიური მოწამვლის საფრთხეს თავი აარიდონ. ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც სევეროდონეცკში ქიმიურ ქარხანაზე რუსეთის არმიის იერიშის შედეგად აზოტმჟავათი სავსე კონტეინერი დაზიანდა.

გაიდაის განცხადებით, რუსეთის ჯარები სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა რამდენიმედღიანი ბრძოლის მიუხედავად ქალაქზე ალყა არ არის.

სანამ ქვეყნის აღმოსავლეთი ინტენსიური ბრძოლების ეპიცენტრშია, კიევი თავდაცვით ზღუდეს ქმნის. დედაქალაქზე განმეორებითი იერიშის შემთხვევაში ზღუდე კიევს საარტილერიო ქვედანაყოფებისგან დაიცავს.

წაიკითხე მეტი.

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავეს

თვითმხილველების ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიიდან" სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.

კომპანია „მეტროსითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესაბამის მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა.

დღის ბოლოს უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

„მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით“.


წაიკითხე მეტი.

"თბილისი პრაიდი" კვირეულს აწყობს, თუმცა "ღირსების მარშს" ვერ ატარებს

ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ წელს "ღირსების მარშს" ვერ გამართავენ, რადგან არ აქვთ ამის შესაძლებლობა. ამაზე საუბარია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პრაიდის კვირეულის გეგმებს ეხება.

„წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არაღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. თუმცა გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით“.

წელს პრაიდის კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება და სამ ღონისძიებას მოიცავს: ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებას; რეგიონულ კონფერენციას (აქტივისტების მონაწილეობით საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან) და პრაიდ ფესტივალს.

წაიკითხე მეტი.

ნავალნის თქმით, მას ახალი ბრალდებები წაუყენეს და კიდევ 15 წლით პატიმრობა ემუქრება

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ თქვა, რომ, როგორც გამომძიებლებმა შეატყობინეს, მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძვრება „ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის“ ბრალდებით, რაც დაკავშირებულია მის ორგანიზაციასთან, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“ და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებთან.

„დღეს კვლავ მომაკითხა გამომძიებელმა და ოფიციალურად წარმომიდგინა ბრალდება ახალ საქმესთან დაკავშირებით“, - დაწერა კრემლის კრიტიკოსმა 31 მაისს ტვიტერში.

წაიკითხე მეტი.

„ნახევარი მთაწმინდა რომ ერევანში იყოს დაკრძალული“ - სომხური პანთეონი თბილისში

თბილისში, ავლაბრის მთაზე, სამების ტაძართან ახლოს სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მონახულება სომხეთიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისთვის ვიზიტის პროტოკოლის ნაწილია - აქ მოჰყავთ სომხეთის პრეზიდენტები, პრემიერები, პატრიარქი... რა თქმა უნდა, მოდის უბრალო ხალხიც.

„უფრო სომხეთიდან მოდიან, ვიდრე ადგილობრივები, განსაკუთრებით ზაფხულობით, ბათუმში, ქობულეთში როცა ისვენებენ, აქაც ამოივლიან ხოლმე, - ამბობს გარიკ გრიგორიანი, რომელიც პანთეონს 2000 წლიდან უვლის, - მაშინ მითხრეს, 17 მანეთი გექნება ხელფასიო. მე ვუთხარი, ფული არ მაინტერესებს-მეთქი. აი, ჭიშკრიდან დაწყებული ყველა მონაკვეთი მიყვარს აქაურობის“.

ამ ადგილის ისტორია მე-17 საუკუნიდან იწყება. პანთეონის საინფორმაციო აბრაზე ამოიკითხავთ, რომ როსტომ მეფემ თავის ხაზინადარს აშხარბექ ბეიბუთოვს (ასლან-მელიქ ბეიბუთს) საგვარეულო სასაფლაოს მოსაწყობად ავლაბრის ტერიტორიაზე მიწა აჩუქა. როსტომი ბეიბუთს ძალიან აფასებდა და ამის გამო მას ხოჯაც, ანუ დიდი უწოდა. გარდა იმისა, რომ სასაფლაო მოაწყო, ხოჯამ ამ მიწაზე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც ააშენა, რომელსაც ხალხმა ხოჯავანქი - ხოჯას ეკლესია - შეარქვა. მოგვიანებით ამ სახელის გამოყენება უკვე სასაფლაოს აღსანიშნადაც დაიწყეს.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეზე ნათქვამ ფრაზას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა - ეს ერთწუთიანი კომენტარი მეფეზე, ერთსაათიანი ვიდეოს ნაწილია, სადაც ლევან ბერძენიშვილი ძირითადად ხელისუფლებაზე ლაპარაკობს და აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ბერძენიშვილი, რომელიც სხვადასხვა გამონათქვამის გამო არაერთხელ გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ხელისუფლებას დღეს არცთუ ისე ჭკვიანი იდეოლოგები ჰყავს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG