Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: თვითონ საელჩომ გააკეთოს განმარტება


მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის პროგრამის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. „აღარანაირი კომენტარი, თვითონ საელჩომ გააკეთოს განმარტება", - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ჩხიკვაძემ.

ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება. ცნობა დადასტურებულია.

ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს; გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც წესი, არ აკეთებს კომენტარს მისი პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე.

18 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამერიკული პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრაზე საელჩოში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად".

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.

XS
SM
MD
LG