აშშ განაგრძობს დამოუკიდებელი მედიის მტკიცე მხარდაჭერას, იქნება ეს საქართველოში, თუ სადმე სხვაგან, მსოფლიოში. ამის შესახებ ვაშინგტონში 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა. მას „მთავარი არხის“ კორესპონდენტმა ჰკითხა, როგორ შეაფასებს ამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას აშშ-ისთვის მედიის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით.
პრაისის თქმით, აშშ მკაფიო და გულწრფელია ქართველ პარტნიორებთან, როცა საუბარია დემოკრატიის საყრდენების განმტკიცების უწყვეტობაზე და ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას. ნედ პრაისის განცხადებით, გააგრძელებენ პარტნიორობას ქართველ ხალხთან მის დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.
შეკითხვას, რა ზიანს აყენებს საქართველოში მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს და აშშ-ს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, აქვს კარგი შესაძლებლობები, წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე და ქვეყანამ გადადგას ნაბიჯები გაუმჯობესებისკენ.
როგორც პრაისმა თქვა, საქართველოს მისწრაფებების რეალიზება შეუძლებელია ერთი წლის და ერთი ათწლეულის განმავლობაშიც კი და ამას სჭირდება მძიმე შრომა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსები. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის ამოცანის ნაწილია, განაგრძოს საქართველოსთან პარტნიორობა და ამ გზაზე დახმარება რესურსებით და ბევრ შემთხვევაში, პირდაპირი მხარდაჭერით.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოს, პოლიტიკურად მოტივირებულს და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.