ლუკაშენკა აცხადებს, რომ ნატოს ომს ვერ მოუგებს, მაგრამ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს - საკუთარი შეიარაღებით ხელი მიუწვდება უკრაინამდე, პოლონეთამდე, ბალტიის ზღვის ქვეყნებამდე.
ამავე დროს, ომში რუსეთის წარუმატებლობისა და უკრაინისთვის დამტკიცებული ამერიკული ლენდ-ლიზის ფონზე, ექსპერტებმა შენიშნეს ბელარუსის ლიდერის მცდელობები - არ დაწვას ხიდები დასავლეთთან და დაიჭიროს თადარიგი პუტინის რუსეთისგან გასამიჯნად.
სამხედრო აქტივობების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებაში არ მოელიან ლუკაშენკას ჯარის შეყვანას მათ ქვეყანაში.
"ჩვენ ნატოს ომს ვერ მოვუგებთ"
ბოლო დღეებში, ბელარუსში მნიშვნელოვანი სამხედრო გააქტიურება შეინიშნება - გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა საზღვრისპირა რაიონებში ჯარის გაძლიერების შესახებ და ასევე, გამოცხადდა მოულოდნელად დაწყებული „რეაგირების ძალების საბრძოლო შემოწმების“ მეორე ეტაპი.
მინსკიდან წამოსული სიგნალებით, შემოწმების პროცესი უკავშირდება ნატოს მიერ წამოწყებულ მასშტაბურ წვრთნებს პოლონეთში და ასევე ალიანსის ძალების კონცენტრაციას ბალტიისპირა სახელმწიფოებში.
„ჩვენ ნატოს ომს ვერ მოვუგებთ, მაგრამ გვაქვს შესაბამისი შეიარაღება და შეგვიძლია, მივაყენოთ მნიშვნელოვანი ზიანი იმ ტერიტორიებზე, საიდანაც მოხდება ჩვენზე თავდასხმა“, - თქვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 10 მაისს, თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შეკვეთებისადმი მიძღვნილ თათბირზე და იქვე დააზუსტა, რომ ბელარუსის შეიარაღება დაფარავს „პოლონეთის მთელ ტერიტორიას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და პრაქტიკულად უკრაინას“.
უკრაინის საზღვართან საჯარისო კონტინგენტის გაზრდისა და წვრთნების ფონზე - ისევ გაცოცხლდა შეკითხვა - ხომ არ აპირებს ბელარუსი უკრაინაში ჯარის შეყვანას?
თავად ლუკაშენკა ამბობს, რომ არავისზე აპირებს თავდასხმას და უკრაინასაც კი მიეხმარება, თუკი პოლონეთი მის ოკუპაციას შეეცდება. პოლონეთის უკრაინაში შეჭრის უსაფუძვლო ვერსია რუსეთის პროპაგანდის მიერ დაინერგა.
უკრაინაში ბელარუსული არმიის შესვლას არ მოელის კიევი.
„ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ ბელარუსი ემზადებოდეს უკრაინაში ჯარის შესაყვანად“, - თქვა 11 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა ემიგრანტი რუსი პოლიტიკოსის, მარკ ფეიგინის იუთუბარხზე.
თუმცა, ჯარის შეყვანის შემთხვევაშიც კი, კიევში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავენ. არესტოვიჩი ამბობს, რომ ეს სახიფათო იყო ომის საწყის ფაზაში, როდესაც კიევს რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევდნენ და ცოცხალი ძალით ბელარუსის დახმარება მათ შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდიდა. არესტოვიჩის შეფასებით, ახლა მხოლოდ ბელარუსის არმია კიევს ვერაფერს დააკლებს. „აბსოლუტურად ვერ ვხედავ ნერვიულობის საფუძველს“, - ამბობს ის.
ლუკაშენკა უკრაინელი ჯარისკაცების ეფექტიან მოქმედებებზე იწყებს საუბარს.
„ძალიან ეფექტიანად მოქმედებენ უკრაინის მობილური ჯგუფები. ისინი მოულოდნელად და ელვისებურად უახლოვდებიან მოწინააღმდეგეს, რომელიც მათ რიცხობრივად აღემატება და გამაოგნებელ დარტყმას აყენებენ - განსაკუთრებით ზურგში მობილიზებულ არმიას“, - უთხრა სამხედრო მაღალჩინოსნებს ლუკაშენკამ და მათ ბელარუსის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება მოსთხოვა.
ლუკაშენკა დღემდე იმეორებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი არ არის ომი; რომ ეს ყველაფერი ომის შესაჩერებლად კეთდება და რადგან უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა, ამიტომ იყო საჭირო სამხედრო ჩარევა.
ლუკაშენკას მზადება, ახლა უკვე ნატოს თავდასხმის მოსაგერიებლად, ღიმილს ჰგვრის ბელარუს და უკრაინელ ექსპერტებს. ზოგიერთი არ გამორიცხავს, რომ ბელარუსის ტერიტორია რუსეთმა გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუკი ის მაინც გადაწყვეტს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ვლადიმირ პუტინი ახლო მომავალში აპირებენ შეხვედრას. ბელარუსის ლიდერი ამბობს, რომ დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსეთი და ბელარუსი ერთმანეთს, მათ შორის - სამხედრო პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლების პროცესში დაეხმარებიან.
ორმაგი თამაში
„თქვენ შეგიძლიათ არცკი ინერვიულოთ. ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ ბელარუსს. აქ ცხოვრობენ სანდო და სტაბილური ადამიანები. თქვენ ეს ჩემზე ცუდად არ იცით“, - უთხრა ლუკაშენკამ 12 მაისს რუსეთის ელჩს ბელარუსში, ბორის გრიზლოვს და იქვე აცნობა, რომ დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობის მთავარ პრინციპებს „კოოპერაცია და იმპორტის ჩანაცვლება“ წარმოადგენს.
თუმცა რუსეთისა და ბელარუსის მეგობრობას „ძალიან მყიფედ“ მიიჩნევენ ექსპერტები და ლუკაშენკა-პუტინის წყვილს ხშირად „მეგობრულ მტრებადაც“ მოიხსენიებენ.
ექსპერტების ვერსიით, პუტინს არ მოეწონებოდა, რომ ლუკაშენკას ჯარი მას კიევის აღების წარუმატებელ მცდელობაში არ დაეხმარა; ხოლო ლუკაშენკა გაბრაზებული იქნება ე.წ. სპეცოპერაციაში ჩათრევისა და შესაბამისი სანქციების ტვირთის გამო.
საგანგებო ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ 9 მაისს, წითელ მოედანზე, „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავ აღლუმზე, პუტინის გვერდით არ იდგა ლუკაშენკა. მთავარი ვერსიაა, რომ პუტინმა ბელარუსის ლიდერი არ დაპატიჟა, შესაძლოა, „მიწვევაზე უარის მიღების შიშითაც“.
ამ დღეს ბელარუსის ლიდერი, მინსკში, ხალხის წინაშე თავად გამოდიოდა და ანალიტიკოსებისთვის საინტერესო მესიჯებიც გაახმოვანა. მაგალითად, ლუკაშენკამ თქვა:
- „ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიცხოვრებთ ახალ მსოფლიოში, სანქციების გარეშე და გვექნება ერთმანეთის პატივისცემა“.
- „მოდით ვიცხოვროთ მშვიდობიანად მთელმა ჩვენმა დიდმა ოჯახმა და მათ შორის - ევროპულმა სახელმწიფოებმა“.
პოლიტოლოგი ბორის ტიზენჰაუზენი „უკრაინა 24“-ის ეთერში ამბობს, რომ „პოლიტიკურად ეშმაკი“ ლუკაშენკა, რომელიც ინფორმაციას „რუსეთის ხელისუფლების შიდა სამზარეულოდანაც ფლობს“, პუტინთან გამიჯვნისთვის ამზადებს ნიადაგს და რიტორიკასაც ამის მიხედვით არჩევს.
„ვხედავთ, რომ ლუკაშენკა მტკივნეულად განიცდის [დასავლეთის მიერ რუსეთის დახმარებისთვის - რთ] დაკისრებულ სანქციებს. ხვდება, რომ რუსეთისგან ის ფულს აღარ უნდა მოელოდეს... ახლა რუსეთს თავისი ეკონომიკის გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა... და [ლუკაშენკა სვამს კითხვას - რთ] მე ვინ მიშველის? არავინ გიშველის“, - ამბობს ტიზენჰაუზენი.
პოლიტოლოგი შენიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის მოწოდებული უზარმაზარი მასშტაბის სამხედრო დახმარებისა და აშშ-ის ლენდ-ლიზის ფონზე, ლუკაშენკას აშკარად ეცა პუტინის დამარცხების სუნი და იმაზეც დაფიქრდა - რა დღე ელის მას წაგებული ომის შემდეგ.
„როდესაც პუტინს კბილები ჩაემტვრევა უკრაინაში, თავის მენტალურ საბჭოთა კავშირში დაიწყებს აქეთ-იქით ყურებას - რისი დაბრუნება შეიძლება... აი, ბელარუსი, მოდი, შევიერთოთ ბელარუსი - ეს იქნება გამარჯვება; ბაზას ჩავდგამთ, ევროპაში უფრო კარგად შევალთ ჩვენი საზღვრებით [იტყვის პუტინი - რთ]... ვფიქრობ, ლუკაშენკას, მათ შორის - ამ სცენარისაც ეშინია“, - განაცხადა ბორის ტიზენჰაუზენმა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთმა ამ ომის ფარგლებში უკვე ისე ძლიერად მოიკიდა ფეხი ბელარუსში, რომ ამ ტერიტორიებს უკვე საკუთარ ტერიტორიებად განიხილავს.
რუსეთის მიერ ბელარუსის უსისხლო დე ფაქტო ოკუპაციაზე ანალიტიკურ წრეებში იმ დღიდან ლაპარაკობენ, როცა რუსეთმა, უკრაინასთან ომის წინ, ჯარი ბელარუსის ტერიტორიაზე შეიყვანა.
ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პაველ ლატუშკა მარტში აცხადებდა, რომ პუტინმა ლუკაშენკას სრული დამორჩილება შეძლო და მათ შორის - სიკვდილის საფრთხითაც:
„ბელარუსის უშიშროების საბჭოს სამდივნოში უკვე გვარებიც დასახელებულია - განსაზღვრულია იმ გენერლების სია, რომლებიც მზად არიან მოახდინონ ლუკაშენკას ლიკვიდაცია. ეს არის კრემლის მიერ ლუკაშენკასთვის შექმნილი საფრთხის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ანუ თუკი შენ არ დაგვეთანხმები ნებით, არ დაგვეთანხმები წნეხით, ჩვენ სიკვდილით გემუქრებით... ეს ამბავი ფართოდ არ გახმაურებულა, მაგრამ მე გავეცანი მასალებს“.
ბელარუსის რეალურ პრობლემას, უკვე დიდი ხანია, თავად ალიაქსანდრ ლუკაშენკა და მისი ავტოკრატიული მმართველობა წარმოადგენს. ამის გამო, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ამ ქვეყანას მუდმივად პრობლემები ჰქონდა ბრიუსელსა და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
ბელარუსის ოპოზიციის დევნილი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის შედეგი ბელარუსის მომავალსაც გადაწყვეტს.
„თავისუფალი უკრაინის გარეშე ვერ იქნება თავისუფალი ბელარუსი. როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ეს იქნება ნიშანი, რომ კრემლი დასუსტდა და შესაბამისად - ლუკაშენკა დასუსტდა და ეს იქნება შესაძლებლობის ახალი ფანჯარა ბელარუსისთვის“, - ამბობს ციხანოუსკაია.
როგორც ის ასევე BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ბელარუსების 86% ომის წინააღმდეგი იყო და მათ შორის - ბელარუსი დივერსანტების მიერ შექმნილმა პრობლემებმა ააღებინა ხელი რუსეთს კიევის აღების მცდელობაზე.