Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას თქმით, ის არ მოელოდა, რომ უკრაინაში რუსეთის „ოპერაცია“ გაჭიანურდებოდა


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, ის არ მოელოდა, რომ უკრაინაში რუსეთის „ოპერაცია“ გაჭიანურდებოდა. ამის შესახებ მან ხუთშაბათს განაცხადა Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ვგრძნობ, რომ ეს ოპერაცია გაჭიანურდა“, - თქვა ლუკაშენკამ მინსკში ჩაწერილი საუბრისას. ამავე დროს მან თქვა, რომ არ იცის, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის თუ არა, როგორც ამას რუსეთი ამბობს, ვინაიდან ის „არასაკმარისად არის თემაში ჩაღრმავებული“. ლუკაშენკა აღნიშნავს, რომ თვითონ ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად.

AP შენიშნავს, რომ საუბრისას ლუკაშენკა არ ერიდებოდა სიტყვა „ომის“ ხმარებას, მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. სააგენტო ასევე წერს, რომ ლუკაშენკა მთლიანობაში ეთანხმება მოსკოვის გადაწყვეტილებას, დაეწყო შეჭრა, რაც, ბელარუსის ლიდერის თქმით, „კიევის მიერ იყო პროვოცირებული“. ამავე დროს მან თქვა, რომ არ ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს, აქვს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ასეთი გეგმები.

ოთხშაბათს ბელარუსის მთავრობამ გამოაცხადა თავისი არმიის უეცარი შემოწმების შესახებ. ბრიტანეთის დაზვერვამ დაადასტურა, რომ ბელარუსის სახმელეთო ჯარები გარნიზონებიდან გადიან. მაგრამ ლონდონი აღნიშნავს, რომ ეს შეესაბამება „სეზონის ნორმებს“ და ბელარუსის არმიის სწავლების გრაფიკს.

Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი არავის ემუქრება და არ აპირებს დამუქრებას. მისი თქმით, „დასავლეთს შეუძლია მშვიდად იძინოს“.

XS
SM
MD
LG