Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ივანიშვილის მენტალიტეტით


ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

შეკითხვა "აბა, ომი გინდათ?" უთქმელ ქვეშეკითხვას გულისხმობს: რუსეთი ისევე რომ დაგვესხას თავს, როგორც უკრაინას, სად გადის ჩვენი კომპრომისის ქვედა ზღვარი - უდრტვინველად ვნებდებით თუ რაიმე ფორმით მაინც ვუწევთ წინააღმდეგობას? პროპაგანდისტული შეკითხვა თავის თავში უკვე შეიცავს მზამზარეულ პასუხს: თუ რუსეთი გვიპყრობს, შეწინააღმდეგება აბსურდია - უნდა დაგვიპყროს.

ამ შეკითხვის უკან საბჭოთა ისტორიით, მენტალიტეტით, იდეოლოგიით და ბიოგრაფიებით ნასაზრდოები რწმენა დგას - უფრო სწორად, რწმენით განპირობებული კიდევ ერთი და ალბათ უმთავრესი დილემა:

რა უფრო მნიშვნელოვანია - სახელმწიფოს სიცოცხლე თუ ჩვენი სიცოცხლე?

ომის ტრავმებითა და შიშებით შეძრულ ადამიანს იქნებ მოერიდოს კიდეც ამის ხმამაღლა აღიარება, მაგრამ თუ მას ასე დაუყენებ საკითხს, ინსტინქტით თუ რაციონალურად, უფრო იმ აზრისკენ გადაიხრება, რომ სჯობს თავად გადარჩეს, ვიდრე სახელმწიფო, რადგან სახელმწიფოს გარეშე როგორღაც უცხოვრია 70 წელიწადი და შემდეგ 70 წელსაც გაძლებს როგორმე...

ჰოდა, პრობლემის თავიც აქაა.

პრობლემა კი ისტორიიდან, ინდივიდთა კულტურის და თაობათა მენტალიტეტის სხვაობიდან იღებს სათავეს.

იმათ, ვისაც საბჭოთა დროს უცხოვრია მკვდარი სახელმწიფოს პირობებში (რადგან ისტორიულ-პოლიტიკურად საქართველო მკვდარი იყო, ხოლო ქართველი რუსად მიიჩნეოდა ისტორიისთვის) და ვისი მენტალიტეტიც ამა თუ იმ ფორმით დღემდე კოლონიალური სინდრომით არის დასნეულებული, ასეთებს დიდ პრობლემად სულაც არ მიაჩნიათ სახელმწიფოს ნაცვლად რუსეთის ეთნოგრაფიულ პროვინციაში ცხოვრება, რადგან რატომ უნდა იცოცხლოს სახელმწიფომ, თუკი მისი სიცოცხლე მათ სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს?!

მაგრამ საქმეც ისაა, რომ კოლონიალური სინდრომი არ არის ჩვენი უნივერსალური მახასიათებელი და ვინც იცის, რამხელა ტრაგედიაა სახელმწიფოებრიობის დაკარგვა და მით უმეტეს, ვინც უკვე ცნობიერად შეეზარდა დამოუკიდებელ საქართველოს (იმათზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და იზრდება), მათთვის ეს ორი იდეა - ქვეყნის არსებობა და პიროვნული გადარჩენა უკვე ემოციურად, ბიოგრაფიულად და ისტორიულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ასეთებმა იციან, რომ თუკი საქართველო ბეჩავი და სადისტოიდური პუტინიზმის ქვეშ მოექცევა, არჩევანის შესაძლებლობად მხოლოდ ეს თუღა დარჩება: გაქცევა ან წინააღმდეგობის გაწევა, რადგან უკრაინის მაგალითით ნათლად გამოჩნდა, რომ პუტინის რუსეთი ადამიანის სიცოცხლესთან არის შეუთავსებელი და ამიტომ 24 თებერვლის მერე უკრაინაში თავში აღარც არავის მოუვა ამგვარ დილემაზე დაფიქრება, არსებობს თუ არა არჩევანი სახელმწიფოსა და მოქალაქის სიცოცხლეს შორის? რადგან მოქალაქე გადარჩება, თუკი გადარჩება მისი სახელმწიფო.

ყოველ შემთხვევაში, პირობითად ახალი თაობისთვის ასეთი არჩევანი აღარ არსებობს. ახალი თაობა ცალსახად ვეღარ ხედავს თავს კოლონიალურ პირობებში, რადგან ეს ეპოქა ამბიციური თავისუფლების ეპოქაა და ვინც სხვანაირად ფიქრობს და მომავალს წარსულის პერსპექტივით უყურებს, ის უკვე საშინლად ძველი და საშინლად სახიფათოა...

თანამედროვე საქართველო ახლა ძველი მენტალიტეტის დომინაციის ტყვეობაშია, რადგან მისი მმართველი-არამმართველი ოლიგარქი ისტორიულად და ბიოგრაფიულად არის გუშინდელი დღის კაცი. და თან არა ქართულ-საბჭოთა გუშინდელი დღის, არამედ რუსული 90-იანების გუშინდლის. ოლიგარქ-მმართველი ივანიშვილი რუსული 90-იანების პოლიტიკურ-ოლიგარქიული ეპოქის წარმონაქმნია და გულუბრყვილობაც არის, რომ მისგან იმის რწმენა ან ცოდნა მოვითხოვოთ, რაც ამ კაცს არ აქვს: ეს ადამიანი 90-იანების რუსებს და რუსეთს იცნობს, მდიდრებს თუ ძალაუფლების მქონეთ და არანაირი კულტურულ-ისტორიულ-მენტალური შემხებლობა არ აქვს დასავლეთთან, ლიბერალურ დემოკრატიასა თუ ევროპული აზროვნების ეთიკასთან, ხოლო ვისაც და რასაც იცნობს და ვის მორჩილებასაც შეჩვეულია, შიშიც და რწმენაც ასეთების მიმართ აქვს - რომელიმე ევტუშენკოვის, მაგალითად, რომლის თბილ მოკითხვაშიც ბუნკერში მჯდომი პუტინის ტოქსიკური სუნთქვა იგრძნობა.

ამდენად, საქართველო ახლა რუსული 90-იანების მენტალიტეტის ტყვეობაშია, რომელიც ფასეულობად a priori არ აღიარებს ქართულ სახელმწიფოს, და არა იმიტომ, რომ შესაძლოა ოლიგარქს არ უყვარდეს (თავისებურად) ზემო იმერეთი, არამედ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და რუსეთის არამსგავსი საქართველო ძირშივე შეუსაბამოა მის მენტალიტეტთან, ხოლო პოლიტიკურად საფრთხის შემცველიცაა, რადგან დამოუკიდებელი საქართველო ვერ იარსებებს დემოკრატიული წინსვლის გარეშე, რუსული ყაიდის ოლიგარქია კი დემოკრატიისთვის არის უცხო სხეული და გუშინდელი, თან ცუდი გუშინდელი, დღეა.

ასე რომ, პროპაგანდისტულ შეკითხვას - "აბა, ომი გინდათ?" რუსულ 90-იანებში ჩამოქნილი მენტალიტეტი ბადებს: სიტყვა "ომი", ჩემი აზრით, აქ უაღრესად სუბიექტური შინაარსის მატარებელია, რადგან ეს მისი, ოლიგარქის (და მისი რწმენის მსგავსი ხალხის) მენტალური ომია და არა საქართველოსი, ამიტომ ამ შეკითხვის ქვეტექსტად ეს სიტყვები ჩამესმის: "აბა, რუსეთის (ანუ ჩემი რწმენის) მარცხი გინდათ?"

უკრაინა ახლა ამ, საკუთარი იდენტობის უარმყოფელ მენტალიტეტს სპობს რუსეთთან ომში, ჩვენ კი, სამწუხაროდ, სადღაც სხვაგან ვართ... რადგან საქართველოს ამჯერად ივანიშვილის მენტალიტეტი აქვს.

საქართველო ივანიშვილის მენტალიტეტით
please wait

No media source currently available

0:00 0:05:55 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG