Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება და ოპოზიცია „სახელმწიფოს უნდა ემსახურონ და არა ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს“


ტიტუს კორლატეანი (მარცხნივ), ვაჟა თავბერიძე და კლოდ კერნი
ტიტუს კორლატეანი (მარცხნივ), ვაჟა თავბერიძე და კლოდ კერნი

28 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე კენჭისყრაზე წარდგენილ იქნა ანგარიში „საქართველოს მიერ ვალდებულებების და  დაპირებების შესრულების შესახებ.“ ასამბლეის ყველა 55-მა წევრმა მხარი დაუჭირა მას. თავი შეიკავა მხოლოდ ერთმა წევრმა, მონაკოს წარმომადგენელმა.

ანგარიშის ავტორები არიან რუმინეთის წარმომადგენელი, ტიტუს კორლატეანი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ფრანგი კლოდ კერნი, ცენტრისტთა კავშირიდან. რადიო თავისუფლების სახელით მათ სტრასბურგში შეხვდა შეკითხვები დაუსვა ვაჟა თავბერიძემ.

ანგარიშის და რეზოლუციის საერთო შეფასებისას, ტიტუს კორლატეანმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი განსხვავებულ აზრზე იყო, რეზოლუცია მიღებულ იქნა ერთხმად. და ამიტომ ფიქრობს, ეს იყო დადებითი შეფასება საქართველოს შესახებ. ანგარიში, კორლეატანის თქმით, არ არის სურათი, ის არ ასახავს იმას რა ხდება დღეს, ან ხდებოდა გუშინ, ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს დინამიკა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება სვლა, ჩნდება ნაკლოვანებაც, არის გამოწვევებიც, მაგრამ ირეკლება, რა ხდებოდა წლების განმავლობაში. უნდა ვიცოდეთ, რა იყო ის ნაკლოვანება რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.

როცა მომავალზე ლაპარაკობს, კორლატეანი ამბობს, რომ სია ამ ნაკლოვანებებისა დიდი არ არის წარსულში და რომლისთვისაცაა არის მნიშვნელოვანი შანსი, ვიაროთ წინ იმ ეტაპისკენ, როცა მეთვალყურეობა - მონიტორინგი ევროპის საბჭოს მიერ აღარ მოხდება, „მაგრამ ამ ეტაპისთვის ჯერ არ მიგვიღწევია“, თვლის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რა არის უმთავრესი გამოწვევა საქართველოსთვის, კლოდ კერნის აზრით არის საარჩევნო სისტემა. იქვე ის აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ გზას ადგას და აპირებს 2024 წლისთვის შემოიღოს პროპორციული სისტემა.

28 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ ის „წუხილს გამოთქვამს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გარშემო დაპირისპირების გამო“, რაც ავტორების აზრით, ხარვეზია უზენაესი სასამართლოს მუშაობაში. კერნი მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს ასევე მოსამართლეთა არჩევას უზენაეს სასამართლოში.

რადიო თავისუფლებამ რუმინელ მომხსენებელს ერთი მონაკვეთი წაუკითხა რეზოლუციიდან და ჰკითხა საქართველოში საზოგადოებაში პოლარიზების შესახებ. „უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული გარემო საქართველოში სერიოზული შეშფოთების საგანია“, წერია ტექსტში. „ეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომელიც ემყარება პოლიტიკურ სტრატეგიას „ან ყველაფერი ან არაფერი“ და იმას, რომ არც ოპოზიციას და არც მმართველ უმრავლესობას არ გააჩნია გაგება მათი შესაბამისი პოზიციების და კანონიერი როლების მიმართ, გამორიცხავს ნებისმიერ კონსტრუქციულ თანამშრომლობას მათ შორის,“ ვკითხულობთ რეზოლუციაში. რადიო თავისუფლება თანამოსაუბრეებს აუხსნის, რომ ეს ვითარებაა ამ პოლარიზების მხრივ საქართველოში უკვე ათი წელიწადია და ხომ არ შეიძლება, რომ ევროპის საბჭომ მოარგოს თავისი პოზიცია ამ რეალობას საქართველოში.

კორლატეანი ამბობს, რომ არა მხოლოდ ბოლო ათ წელიწადში, ადრეც არაერთი მომხსენებელი ხედავდა ამ „მოჯადოებულ წრეს“ მაგრამ პოლიტიკოსებს საქართველოში არ სურდათ ამ „წრიდან“ გამოსვლა. პოლარიზება იწვევდა ასევე საზოგადოების გაყოფას და ეს არის ობიექტური შეფასება, ამბობს კორლატეანი, რომელიც თვლის, რომ ეს არის უდიდესი გამოწვევა და მასზეა არაერთი სხვა გამოწვევა დამოკიდებული. ამიტომ, ფიქრობს ის, პირდაპირ დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უნდა გაგრძელდეს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ - ოპოზიციაში. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ორივე მხარემ უნდა გაინაწილოს, ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობაც, განსაზღვრონ ერთობლივი სახელმწიფო ინტერესები, როგორიცაა, მაგალითად ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანება. მიზნები, რომელზეც რუმინელი პარლამენტარი ლაპარაკობს, გამაერთიანებელი ფაქტორი იყო მის სამშობლოში, რუმინეთშიც. როცა ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი გამოწვევაა უსაფრთხოების სფეროში, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ასეთი პოლარიზება არ არის მომგებიანი. „ჩვენი როლია“, ამბობს კორლატეანი, „ვუთხრათ ოპოზიციასა და მმართველ ძალას, რომ ისინი სახელმწიფოს უნდა ემსახურონ და არა ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს, რადგან ისინი ხალხმა აირჩია და ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურონ და არა საკუთარ ინტერესებს.

28 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მიუთითებს, „სასამართლოების დამოუკიდებლობის“ მნიშვნელობას და აღიარებს საკანონმდებლო ჩარჩოებში წინსვლას. მაგრამ, წერია იქვე, არის არეალები, რომლებიც შეშფოთების საფუძველს იძლევა.

კორლატეანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოელის, რომ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრების არჩევა მოხდეს მიუკერძოებლად. ის ასევე მოელის საკანონმდებლო ცვლილებებს სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის საკითხში. მისი თქმით, სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, არ იქნება შედეგი მიღწეული, „ჩვენ კვლავაც დაბეჯითებით მოვითხოვთ ამ ცვლილებებს და ვიქნებით კრიტიკული“.

რეზოლუციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველომ არ მოაწერა ხელი და არ გაუკეთა რატიფიკაცია „ევროპულ ქარტიას რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ,“ თუმცა ევროპის საბჭოში გაწევრიანებს დროს ამის პირობა დადო.

რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე, ფრანგი კანონმდებელი, კლოდ კერნი აცხადებს, რომ ამ ქარტიას საფრანგეთმაც არ მოაწერა ხელი, თუმცა ის პირადად, ყოველ წელიწადს მოუწოდებს კოლეგებს ამისკენ. რაც შეეხება საქართველოს, რუმინელი კანონმდებელი, ტიტუს კორლატეანმა იცის, რომ ეს მგრძნობიარე თემაა საქართველოში. ამასთან, მისი თქმით, ამ ქარტიის ბევრი ელემენტი საქართველოში უკვე არსებობს, კანონმდებლობის თუ საჯარო პოლიტიკის თუ სხვა სახით. ისე, რომ რატომ არ უნდა მოაწერო ხელი და დაამტკიცო, რაც უკვე არსებობს? სვამს შეკითხვას ის და თვლის, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული. კორლატეანი რადიო თავისუფლებას გაუმხელს, რომ არსებობს ყველა მხარეს შორს შეთანხმება, რაც არ არის ჯერ გამოცხადებული, რომ მოხდეს ამ თემის განვითარება. ევროპის კავშირის ექსპერტები მზად არის დახმარება გაუწიონ ქართველ კოლეგებს და საზოგადოებას ამ ქარტიის განმარტებაში, გაუგებრობების თავიდან აცილებაში, რადგან მთელი წლების განმავლობაში ხდებოდა ამ საკითხებით მანიპულირება. მაგრამ, აღნიშნავს კორლატეანი ჯერ საჭიროა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და მისი რატიფიკაცია, რის გარეშეც არ იქნება შესაძლებელი მონიტორინგის პროცედურის დასრულება. „ევროპულ ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ“ დაეხმარება ეროვნულ უმცირესობებს ინტეგრაციაში, ის დაეხმარება მათ იყვნენ საქართველოს ლოიალური მოქალაქეები, ის არის მართლაც დადებითი რამ და დაეხმარება საქართველოს, ის არ არის მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამბობს ინტერვიუს დასასრულს ტიტუს კორლატეანი.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG