რადიო თავისუფლებამ შეაგროვა ეს ისტორიები, თუმცა ორთვე-ნახევრის განმავლობაში ვერ მოიპოვა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ირანის მოქალაქეების მიერ აღწერილ პრობლემებზე კომენტარი როგორც წერილობით, ისე ზეპირად თავისუფლებამ შსს-ს 24 იანვარს სთხოვა, და რამდენჯერმე შეახსენა, თუმცა ეს მიმართვა უწყებამ უპასუხოდ დატოვა.
მარიამ შარიფის ისტორია
"ჯერ იმედს არ ვკარგავ, რომ 4 წლის უნახავი ოჯახის წევრებს აქ, საქართველოში შევხვდები. იმდენი ხანია მათ საქართველოზე ვესაუბრები, თბილისის იმდენი ფოტო მაქვს გაგზავნილი… მინდოდა, საკუთარი თვალით ენახათ ის, რაზეც ამდენი ხანი ვუყვები", - გვიხსნის მარიამ შარიფი ირანიდან.
მისი ძმა და დეიდაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახსნა-განმარტების გარეშე უკან ირანში 2021 წლის 9 დეკემბერს გააბრუნეს. მარიამს ვერ წარმოედგინა, რომ მის ნათესავებს საქართველოში არ შემოუშვებდნენ, რადგან თავიდანვე ყველა დეტალი UNHCR-სა და სახალხო დამცველის აპარატთან გაიარა.
ოჯახის წევრებს საზღვრის გადასაკვეთად საჭირო ყველა დოკუმენტი წესით წესრიგში ჰქონდათ, მათ შორის, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთებიც. თვითმფრინავის ბილეთები თავად უყიდა, სასტუმროც 2 ადამიანისთვის 4 დღეზე მარიამმა დაჯავშნა.
"[დიდი ხნით] დარჩენას არ აპირებდნენ. მათ თავისი ცხოვრება აქვთ ირანში. ჩემი 16 წლის ძმა ფეხბურთელია, თან სკოლაში სწავლობს. მხოლოდ ჩემი ნახვა უნდოდათ. ვპირდებოდი, რომ ჩემს მეზობლებს გავაცნობდი. იმდენი კარგი მეზობელი მყავს. ჩემი ბინის მეპატრონეც ისეთი კარგი ადამიანია", - ამბობს ის.
მარიამი ირანში სამოქალაქო აქტივისტი იყო, ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა, ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას აპროტესტებდა. საჯარო ადგილებში თავსაფრის მოხსნისა და თანამედროვე ჩაცმულობის გამო მას რამდენჯერმე დაესხნენ თავს. ირანის მთავრობას ის მეოთხე წელია თბილისში ემალება და აქედან განაგრძობს ირანელი ქალების უფლებებისთვის ბრძოლას.
საქართველოში მესამე წელია World Vision-ში მუშაობს და უფლებადაცვით და საქველმოქმედო საქმიანობას აქაც ეწევა.
"ირანის მთავრობა სახიფათოა, მაგრამ თანამდებობის პირებს საზღვრის კვეთის პრობლემა არ ექმნებათ. მაშინ რატომ გვიქმნიან ხელოვნურ ბარიერებს ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს?", - ამბობს მარიამი.
ოჯახის წევრების ნახვა მარიამს მეზობელ სომხეთშიც შეუძლია, სხვა ქვეყნების შემთხვევაში ბევრი დამატებითი ნებართვა და პროცედურის გავლაა საჭირო. მაგალითად, საბანკო ანგარიშის ქონა, თანხის ბრუნვა დოლარებში და სხვა, და არც ეს იქნება გარანტია ვიზის მისაღებად.
"ჯერ არ ვნებდები, მაგრამ თუ ჩემი ძალისხმევა ამაო აღმოჩნდება, ჩემი ბოლო გეგმა ოჯახის წევრების სომხეთში ნახვა იქნება", - გვეუბნება მარიამი.
მარიამი და მისი ქმარი თბილისში 2018 წლის მარტიდან ცხოვრობენ. ორივეს ლტოლვილის სტატუსი აქვს.
რა შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე
რაჰა ჰასანზადეს და მისი შვილის ისტორია
"როცა [ქართველი მესაზღვრეები] მიხვდნენ, რომ ჩემს შვილს ინგლისური ესმოდა და მე არა, 7 წლის ბავშვს ემუქრებოდნენ, დედაშენს დავიჭერთ, ციხეში ჩავსვამთ, შენ კი ირანში დაგაბრუნებთო. ბოლოს 5 პოლიციელი მოვიდა. მე ფეხებსა და ხელებზე მომკიდეს ხელი, ჩემს შვილს ხელებზე და თვითმფრინავში [ძალით] აგვიყვანეს. ბავშვი ნერვიულობის ფონზე ფრჩხილებს ღეჭავდა, სისხლი მოსდიოდა", - გვიყვება ირანის კიდევ ერთი მოქალაქე რაჰა ჰასანზადე, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს.
ის ამბობს, რომ 2022 წლის 19 იანვარს ირანიდან შესრულებულ რეისზე ირანის 9 მოქალაქიდან 7 უკან დაუსაბუთებლად გააბრუნეს, მათ შორის თავად და მისი შვილი. ორს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა.
"რამდენი ვეხვეწე, რამდენი ვიტირე, მაგრამ ჩვენ ვერ მოგიყვანთ თარჯიმანსო. ქართული ბინადრობის ნებართვა მქონდა. ადვოკატმაც მითხრა, რომ საქართველოში შემოსასვლელად ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში იყო".
რაჰა მეუღლესთან მოდიოდა, მისი ქმარი თბილისის ერთ-ერთ კლუბში მუშაობს. ბიზნესი ნელ-ნელა წინ მიდის და ოჯახმა შეერთება გადაწყვიტა.
"მიზეზი ხშირ შემთხვევაში ახსნილი არ არის. თუკი უარის ადრესატმა მიაღწია იმას, რომ საზღვრის კვეთაზე უარის შესახებ ადმინისტრაციული აქტი გამოაცემინა, იქაც ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე დასაბუთებული [უარის მიზეზი]. ზოგჯერ არის ძალიან ბუნდოვანი მიზეზი მოყვანილი, მაგრამ სინამდვილეში რატომ ეუბნებიან უარს, კონკრეტული დასაბუთება გადმოცემული არ არის ხოლმე და არც ახსნილია მხარისთვის", - ამბობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი ანზორ ხატიაშვილი.
მონა ასადის და მისი ოჯახის ისტორია
ირანის კიდევ ერთი მოქალაქე მონა ასადი საქართველოში 2018 წლის ივლისში არ შემოუშვეს. ის ევროპაში 15 წელზე მეტია ცხოვრობს. მისი ქმარი ნიდერლანდების მოქალაქეა. რადგან ოჯახის სხვა წევრების ნახვა სამშობლოში არ შეუძლიათ, გადაწყვიტეს, ნათესავებს შვებულება ბათუმში გაეტარებინათ და ერთმანეთი ენახათ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ივლისს ჩაფრინდნენ. მონას თან ქმარი, ბიძა და 2 წლის შვილი ახლდა.
"ძალიან ბევრი გადავიხადეთ სასტუმროში, ბილეთებში. აეროპორტის პოლიცია თავიდანვე ძალიან უხეშად მოგვმართავდა. ჩემი და ჩემი შვილის პასპორტი გავუწოდე. დაათვალიერეს საბუთი და მითხრეს, რომ ვერ შემიშვებდნენ. მიზეზი როცა ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე. ინგლისურადაც აღარ მელაპარაკებოდნენ. ჩემი ქმარი იურისტია და მისი რჩევით, წერილობითი ფორმით განმარტება მოვითხოვე, თუ რა მიზეზით არ მიშვებდნენ საქართველოში. ცოტა ხნის მერე საუბარში ჩემი ქმარიც ჩაერთო. მესაზღვრეებმა ორივეს ხელი გვკრეს, ჩემს ქმარს ტელეფონი გაუტყდა", - იხსენებს მონა.
ქართველი მესაზღვრეების მოპყრობით განაწყენებულმა წყვილმა ნიდერლანდებში საქართველოს კონსულთან შეხვედრაც მოითხოვა, მაგრამ მონა ამბობს, რომ იქაც უყურადღებოდ დატოვეს და უხეშად ესაუბრნენ.
"ვიცი, რომ საქართველოში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, მაგრამ თქვენი მთავრობის დამოკიდებულება საქართველოს ძალიან ცუდად წარმოაჩენს. ჩემი ქმარი, რომელიც ნამყოფია საქართველოში, მეუბნება, ვერ წარმოიდგენ როგორი მეგობრული ხალხი ცხოვრობსო. თუ დოკუმენტები არაა წესრიგში, ხომ შეუძლიათ ნორმალურად აუხსნან ადამიანებს. შეიძლება მთავრობაში არ იციან, რომ მესაზღვრეები შეურაცხმყოფელად გვექცევიან. ქვეყნის პირველი სახეები ისინი არიან, ამიტომ სახელმწიფო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს აეროპორტის თანამშრომლების შერჩევისას", - ამბობს მონა.
აიშა რაიმოვას ისტორია
უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართველი მესაზღვრეების უხეშ დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერენ. გასული წლის მარტში თურქმენეთის მოქალაქე აიშა რაიმოვამ, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ქართველი მესაზღვრეები მას შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"თავიდანვე არანორმალური დამოკიდებულება ჰქონდა. ისე მესაუბრებოდა, თითქოს მის სახლში დამლაგებელი (მოსამსახურე) ვარ, ან მართლაც, თითქოს მეძავი ვარ. ეს ეტყობოდა მის საუბარს, გამოხედვას", - ამბობდა რაიმოვა და ჰყვებოდა, რომ ის არ ყოფილა ერთადერთი, ვისაც ქართველი მესაზღვრეები ასე მოექცნენ. იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ირანელ მგზავრთანაც.
ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელებისა და მედიაში გაშუქების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, რით დასრულდა გამოძიება და იკავებს თუ არა იმავე პოსტს მესაზღვრე. უწყებამ კითხვებზე არ გვიპასუხა.
ზაჰრა მაღსუდის და მისი მეუღლის ისტორია
"ძალიან მიყვარს საქართველო, ჩემი ფესვები აქაა. ამიტომ აქ ჩამოსვლა და საქმიანობა გადავწყვიტე. მიხეილ სააკაშვილი [საქართველოს მესამე პრეზიდენტი] ფერეიდანში ჩამოსვლის დროს, დაგვპირდა, რომ თუ საქართველოში ჩავიდოდით, მოქალაქეობას მოგვანიჭებდა. მეც ჩამოვედი და ქმრისთვის ბინადრობის ნებართვაზე გავაკეთე განაცხადი. სულ სამჯერ მივმართეთ და სამივეჯერ უარი მივიღეთ. მიზეზად მე-18 მუხლს გვეუბნებიან" [ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის არსებობას მოტივით].
ზაჰრა მაღსუდი ფერეიდნელი ქართველია. საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით 10 წელია აქვს. დოკუმენტთან დაკავშირებული პრობლემის გამო ოჯახი საგონებელშია ჩავარდნილი.
"2 წელია ბავშვის ყოლაზე ვფიქრობთ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა დავგეგმოთ რამე. ჩემი ქმარი მოწვევით ჩამოდის საქართველოში და ქვეყანაში დარჩენა 45 დღე შეუძლია. მოწვევას უამრავი პროცედურა ჭირდება".
ზაჰრა ვეტერინარია და თბილისში საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ააწყო ბოლო 10 წელიწადში და ამიტომ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით დასრულება და ირანში დაბრუნება ეძნელება.
"შეიძლება ითქვას, ეს არის შერჩევითი მიდგომა და დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი, იმიტომ რომ არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზიც ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევებში უფრო მეტად ასეთი პრობლემა აზიის, აფრიკის ქვეყნების მოქალაქეებს ექმნებათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შერჩევითი მიდგომა არის და ამ ქვეყნების წარმომადგენლების დაბლოკვა ხელოვნურად ხდება. ყველაფერი საბოლოო ჯამში სახელმწიფოს პოლიტიკას უკავშირდება, რაც დისკრიმინაციულია", - ამბობს ანზორ ხატიაშვილი.
ის ამ მიმართულებით, არასახარბიელო სასამართლო პრაქტიკაზეც საუბრობს. იურისტის თქმით, სასამართლოში იშვიათად იგებენ საქმეებს ისინი, ვისაც უარი უსაფრთხოების მოტივით უთხრეს.
ფეგაჰ მოჰამადის და მისი ოჯახის ისტორია
25 წლის ფეგაჰ მოჰამადი საქართველოში 3 წელია ცხოვრობს და ამდენივე წელია თავშესაფარს ითხოვს. ამბობს, რომ ირანში ცხოვრება უსაფრთხო მისთვის მას შემდეგ აღარაა, რაც რელიგია შეიცვალა და ქრისტიანად მოინათლა. დედამისი და ძმა საქართველოში 29 დეკემბერს არ შემოუშვეს. ფეგაჰის ნათესავებს მის მოსანახულებლად ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიზეზითაც არ შეეძლოთ.
"საზღვარზე ბიძაჩემს, რომელსაც გერმანიაში გაცემული ლტოლვილის საბუთი აქვს, ჰკითხეს, თუ რატომ არ ჰქონდა ირანული პასპორტი და რატომ [აირჩია ჩამოსასვლელად] საქართველო, როცა შეეძლო არაბულ ქვეყნებში წასულიყო. სამი საათის განმავლობაში ძალიან პირადულ კითხვებს უსვამდნენ. საბოლოოდ, ის შემოუშვეს, მაგრამ ოჯახის სხვა წევრები - არა. უთხრეს, რომ ანგარიშზე [აქ ყოფნისთვის] საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. არადა, ბიძაჩემმა უთხრა, რომ ბევრი ფული არ წამოეღოთ, რადგან მე მექნება ყველას სამყოფიო", - გვეუბნება ფეგაჰი.
ირანის მოქალაქეების საქართველოდან უკან გაბრუნების შემთხვევებსა და მათ მიერ აღწერილ პრობლემებზე განმარტებები რადიო თავისუფლებამ შსს 2022 წლის 24 იანვარს სთხოვა. მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, უწყებამ კითხვებზე არ გვიპასუხა.
საქართველოს მთავრობას დისკრიმინაციაში ირანელების გარდა, ომანის მოქალაქეებიც ადანაშაულებენ.
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში სოციალური ქსელის ომანელი მომხმარებლები ერთმანეთს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. ტვიტერზე ჰეშთეგი # لا_تسافر_جورجيا (არ იმოგზაურო საქართველოში) მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ ორ ომანელ ოჯახს ქვეყანაში შესვლაზე უარი ისე უთხრეს, რომ არ დაუსაბუთებიათ.
"#საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. #არიმოგზაუროსაქართველოში ეს ჰეშთეგი ომანში პოპულარული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ომანელი ოჯახების სასტიკი მოპყრობის შემდეგ გახდა. მსგავსი დამოკიდებულება მიმდინარე, განმეორებადი და შოკისმომგვრელია ნებისმიერი გაგებით. იმედი მაქვს, ზომებს მიიღებთ".
თურქეთში ომანის ელჩის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ით გამოწვეულ რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის ომანიდან, მოგზაურობას კრძალავს. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ასეთი რეგულაციების არსებობა ავიაკომპანიებს მგზავრებისთვის წინასწარ უნდა შეეტყობინებინათ.
მე-11 მუხლი
საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები შეიძლება იყოს, თუ უცხოელს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები არ აქვს;
ასევე, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა.
კანონში აგრეთვე მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შესაძლოა არ შემოუშვან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.
კანონში ასევე წერია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
მე-18 მუხლი
ბინადრობის ნებართვის გაცემას ძირითადად უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი არეგულირებს. ეს მუხლი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივებით შესაძლებელია უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე თუ ბინადრობის ნებართვაზე უარი ეთქვას.
კერძოდ, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ, მაგალითად, არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის;
ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე და სხვა.