Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კითხვარს ჩაიბარებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 აპრილს


ევროკავშირისკენ ახალი გზის დასაწყისი: საქართველო გაერთიანებისგან კითხვარს ჩაიბარებს

დღეს, 11 აპრილს საქართველო ევროკავშირისგან წევრობის განაცხადთან დაკავშირებით კითხვარს მიიღებს. ჩვენთან ერთად იგივე კითხვარი გადაეცემა მოლდოვასაც. უკრაინამ კი აღნიშნული კითხვარი გასულ კვირას უკვე მიიღო.

9 აპრილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ტვიტერში დაწერა: „ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”.

კითხვარი, რომელიც ოფიციალურ თბილისს დღეს გადმოეცემა, სხვადასხვა სახის პოლიტიკურ შეკითხვებს მოიცავს. პასუხის გაცემასაც დრო დასჭირდება. შემდეგ ეს დოკუმენტი ევრო სტრუქტურებში დაიგზავნება. თუ კომისია საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვის წევრობის რეკომენდაციას გასცემს, ამ რეკომენდაციას ევროსაბჭო განიხილავს და გადაწყვეტს, მიენიჭოს თუ არა კანდიდატობის სტატუსი ქვეყანას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კომისია გაწევრიანების ჩარჩოს ქმნის, რომელშიც ევროკავშირის კანონები და რეგულაციები მოიყრის თავს. შემდეგ ეს ყველაფერი კანდიდატი ქვეყნების კანონმდებლობაში უნდა აისახოს.

წაიკითხე მეტი.

უკრაინის პროკურატურა: კიევის ოლქში 1200-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დატოვებულ ქალაქებში, რომლებიც კიევის ოლქის შემადგენლობაში შედის, 1200-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

მისი თქმით, 10 აპრილის მონაცემებით, გამოძიება მიმდინარეობს ომის სავარაუდო დანაშაულის 5600 საქმეზე.

კიევის ოლქიდან გასული რუსული არმიის კონცენტრაცია კი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეინიშნება. კომპანია Maxar Technologies აქვეყნებს 8 აპრილს გადაღებულ სატელიტურ სურათებს, რომლებზეც ასახულია უკრაინის სამხრეთისკენ, დონბასისკენ მიმავალი, 12 კილომეტრის სიგრძის რუსული სამხედრო კოლონა. გავრცელებული ვარაუდით, ეს გადაადგილება ნაწილია კრემლის საბრძოლო სტრატეგიის ცვლილებისა.

წაიკითხე მეტი.

18 წლის წინ დაკარგული ზაქრო ბერძნიშვილის საიდუმლო საფლავი ნაპოვნია - ადგილი იაგო ნებიერიძემ დაასახელა

გორში, კომბინატის დასახლებაში, ლიახვის სანაპიროზე მოზარდის ნეშტი იპოვეს. ნეშტი 2004 წელს მოკლული, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილისაა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ოჯახის ნათესავმა დაუდასტურა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზას ჯერ საბოლოო დასკვნა არ დაუდია, ოჯახის წევრებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, იდენტიფიკაცია შეძლეს ტანსაცმლის მეშვეობით. წყარო, რომელმაც გვთხოვა, მისი სახელი და გვარი ჯერ არ გავახმაუროთ, გვეუბნება, რომ ტანსაცმელი, რომელიც ზაქროს დაკარგვის დღეს ეცვა, კარგად არის შენარჩუნებული.

უკვე ყველაფერი ნათელია, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზაქროა. ტანსაცმელი, რომელიც მას დაკარგვის დღეს ეცვა, კარგად არის შენარჩუნებული, გარჩევა არ გაგვჭირვებია ნათესავებს. ბავშვის დედას ნუ დაურეკავთ, ის მძიმე მდგომარეობაშია და ვერ დაგელაპარაკებათ. ჩემზეც მხოლოდ ის თქვით, რომ ოჯახის ახლო ნათესავი ვარ“, - გვითხრა ზაქრო ბერძნიშვილის ნათესავმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილი კი ახლა ყვითელი ფერის ლენტებით არის შემოსაზღვრული და სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მოზარდის ნეშტი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი არჩევნებს ვერ იგებს პირველივე ტურში

გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. თბილისის დროით 21 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძოდა.

რადიო თავისუფლებას წყაროები სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან წინასწარ შედეგებს გუშინ საღამოდან აწვდიდნენ. გარდა ამისა, სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაცია. ოკუპირებული რეგიონის პატარა სოფლებში ხმები უკვე დაითვალეს. ზოგადი სურათის მიხედვით, ბიბილოვის ხმები ოპოზიციონერი კანდიდატების ხმებს ვერ აჭარბებს, ზოგან კი საერთოდ აგებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები. უწყების განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები დაგმო ამერიკის საელჩომ საქართველოში, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ლატვიამ და ლიეტუვამ.

განახლებული მონაცემები ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შესახებ წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

საფრანგეთის არჩევნების წინასწარი შედეგით, მაკრონი და ლე პენი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ლიდერობენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი, რომლებიც ერთმანეთს 24 აპრილს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

Ifop-ის, OpinionWay-ის, Elabe-ის and Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, მაკრონი ლე პენს პირველ ტურში უსწრებს - წინასწარი შედეგით, მას ხმების 28.1-29.5% ერგო, ლე პენს - 23.3-24.4%.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ჰიტლერის შემდეგ, პუტინის წინააღმდეგ - უკრაინა ამერიკული ლენდ-ლიზის მოლოდინში

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნის, აშშ-ის საბრძოლო არსენალი უკრაინისთვის იხსნება და ქვეყანას უჩნდება შესაძლებლობა, რომ რუსი დამპყრობლების მოსაგერიებლად საჭირო შეიარაღება უპრობლემოდ, ნებისმიერი რაოდენობით მიიღოს.

ბოლოს მე-20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის დასახმარებლად გამოყენებულ მექანიზმს ვაშინგტონი ახლა საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედებს.

თუკი მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ ხელმოწერილი ამ ისტორიული პროგრამის პირობებით ვიმსჯელებთ, უკრაინამ შესაძლოა მიიღოს ყველაფერი - ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებით დაწყებული და ულტრათანამედროვე ანტისაჰაერო კომპლექსებითა და რაკეტებით დასრულებული. სამხედრო ექსპერტების განმარტებით, შეირჩევა იმ ტიპის შეიარაღება, რომელთა გამოსაყენებლადაც უკრაინელებს შესაბამისი ცოდნა აქვთ.

წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დიდ ბრიტანეთში ჩასულმა უკრაინელმა ლტოლვილმა ვერონიკამ, ისეთივე თოჯინა იპოვა, როგორიც მას სახლში, უკრაინაში დარჩა.

ვერონიკა და დედამისი, ტატიანა, დიდ ბრიტანეთში 7 აპრილს, „სახლები უკრაინისთვის“ პროექტის ფარგლებში მხოლოდ ერთი ჩემოდნითა და ზურგჩანთით ჩავიდნენ.

ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, stripey stork-ში მისულებმა, სხვადასხვა სათამაშოსა და ნივთს შორის, სწორედ ის თოჯინა იპოვეს, რომელიც ვერონიკას უკრაინიდან გაქცევისას, სახლში დარჩა.

დილის შვიდ საათზე, ხან უფრო ადრეც, თევზსაჭერი გემი „ბეშუმი“, თავის ექვსკაციან ეკიპაჟთან ერთად, გაშლილ ზღვაში თევზის მოსაძებნად შედის.

მოგელიმ, მამუკამ, ვახომ, სიმონმა, ირაკლიმ და ანზორმა წინასწარ არასოდეს იციან, რამდენად გულუხვი იქნება იმ დღეს შავი ზღვა - მათი ყოველდღიური შემოსავალი სწორედ დაჭერილი თევზის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ხანდახან დღე ისე შეიძლება ჩამთავრდეს და უკვე დაბნელებულზე ისე დაბრუნდეს უკან „ბეშუმი“, რომ დაჭერილი თევზის საფასურმა დახარჯული საწვავის ფასიც ვერ დაფაროს - აქ შრომა მუდამ აღემატება შემოსავალს.

მაგრამ ზღვა და ეს გემი მათი სახლია. მეთევზეობა კი - „ბეშუმის“ ეკიპაჟის საქმეც, ჰობიც და ცხოვრების წესიც.

ეს ამბავი მათზეა - შავი ზღვის მეთევზეებზე, რომლებთანაც სრული ერთი დღე გავატარეთ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG