Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 აპრილს


მეტი გვარები სანქციების სიაში და დასავლეთის მორიგი წნეხი რუსეთის ეკონომიკას

რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტებსა და შავ სიებს ბოლო არ უჩანს. ამჯერად ევროპარლამენტი ითხოვს რუსულ ენერგოპროდუქტებზე სრული ემბარგოს დაწესებას. შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტმა 7 აპრილს მიიღო. ახალი პაკეტი გულისხმობს „დაუყოვნებლივ სრულ ემბარგოს რუსული ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავის და გაზის იმპორტზე“.

გუშინ რუსეთი გაერომ გარიცხა ადამიანის უფლებათა საბჭოდან, ახლა კი ევროპარლამენტი მის UNESCO-დან გარიცხვასაც ითხოვს. ასევე მოუწოდებს G20-ს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, ინტერპოლსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებს, რომ იგივე ნაბიჯი გადადგან.

ამ კვირაში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი გამოაქვეყნა ახალი გვარებით. სანქცირებულთა სია ამჯერადაც მრავალფეროვანია. მასში მოხვდნენ რუსი ოლიგარქები, მედიამენეჯერები, ბიზნესმენების ახლობლები, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო მთავრობების თითქმის სრული შემადგენლობა.

წაიკითხე მეტი.

შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის თავდასხმის არიდება?

"ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ომი არ შემდგარიყო", - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამგვარი განცხადებები საქართველოში მოქმედი პრორუსული, ანტიდასავლური ძალებისა და არა მარტო მათი მხრიდან, სულ უფრო ხშირად გაისმის.

ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს ომის თავიდან არიდება შეეძლო და კრემლთან დიალოგის შემთხვევაში უკრაინა არც დამატებით ტერიტორიებს დაკარგავდა.

ასეთ დაშვებას არ ეთანხმებიან ანალიტიკოსები. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ზაზა შენგელია გვეუბნება, რომ პუტინმა ომი უკრაინას 8 წლის წინ (2014 წელს), ჯერ კიდევ ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე (2019 წელი) გამოუცხადა და ასევე ხანგრძლივად ემზადებოდა მასშტაბური, ღია თავდასხმისთვის.

„ეს იყო ამოქოქილი მექანიზმი, რომლის შეჩერებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ამაზე მიანიშნებს ის არათანმიმდევრული და აბსურდული მოთხოვნები, რომლებიც რუსეთმა [ომის წინ], ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებს და, მეორე მხრივ - უკრაინას წაუყენა... მაგალითად, ჰქონდა ერთი ასეთი მოთხოვნა, რომ ნატო უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის საზღვრებს [როცა მის შემადგენლობაში არ იყო პოლონეთი თუ ბალტიის ზღვის ქვეყნები], რაც მსოფლიო დონის გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გულისხმობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზაზა შენგელია.

იყო თუ არა შესაძლებელი რუსეთის შეჩერება და რის ფასად შეიძლებოდა მშვიდობის შენარჩუნება? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ვითარება უკრაინაში: რუსეთი დონბასში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება

უკრაინის გენშტაბი იტყობინება, რომ რუსეთის არმია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება. ერთი დღით ადრე კიევმა ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდა.

აღმოსავლეთ ფლანგზე შეტევის მოლოდინში გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ნატოსგან მეტი შეიარაღება. მისი თქმით, დონბასის რეგიონში საომარი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის მასშტაბის იქნება.

„ან ახლა დაგვეხმარებით - ვგულისხმობ უახლოეს დღეებსა და არა კვირებს, ან თქვენი დახმარება დაგვიანებული იქნება და ბევრი ადამიანი დაიღუპება“, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რა ხდება აფხაზეთში? დაპირისპირება პაციფისტური მოწოდების გამო

რუსეთის შეჭრას უკრაინაში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პოლიტიკური კლასი ერთსულოვანი მხარდაჭერით შეხვდა. ომის დაწყების პირველივე დღეებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღიარა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. აფხაზეთის მცხოვრებთა ნაწილი მოხალისედ ჩაეწერა რუსეთის არმიის რიგებში, ნაწილი კი, როგორც რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოსამსახურე, ისე გაიწვიეს ომში.

11 მარტს სოხუმში გაიმართა რუსეთისა და რუსული არმიის სოლიდარობის აქცია, კრემლის მოქმედებას მხარი დაუჭირა თითქმის ყველა აფხაზმა პოლიტიკოსმა. მსგავსი ვითარება იყო მთლიანად აფხაზურ საზოგადოებაშიც, თუმცა ამ საყოველთაო ერთსულოვნებაში ერთგვარი დისონანსი შეიტანა ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულმა პაციფისტურმა მოწოდებამ, რომელიც მწერალმა და ჟურნალისტმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გაავრცელა და, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 20-ზე მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აწერს ხელს.

მოგვიანებით წერილს ბევრი სხვა ხელმომწერიც შეუერთდა, მაგრამ ბევრად მეტი აღმოჩნდა კრიტიკოსთა რაოდენობა.

პასუხად, ითქვა, რომ წერილის ხელმომწერებმა თავის დროზე ასევე გააპროტესტეს დონეცკისა და ლუგანსკის დაბომბვა, გაიხსენეს უკრაინელი დედებისადმი მიმართვა, რომლებიც იმ წლებში შეადგინა მოძრაობამ „აფხაზეთის დედები მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისთვის“.

რა ხდება აფხაზეთში? წაიკითხე მეტი აქ.

მატარებელში საღებავი შეასხეს „ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს

მატარებლის ვაგონში უცნობი პირები თავს დაესხნენ „ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, ნობელის პრემიის ლაურეატს დმიტრი მურატოვს. მას საღებავი შეასხეს.

კუპეში შემომასხეს ზეთოვანი საღებავი, აცეტონით. თვალები საშინლად მეწვის. მოსკოვი-სამარის მატარებელში. ზეთის სუნი მთელ ვაგონში დგას. მგზავრობა უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები ჩამოვიბანო. მან დაიყვირა: „მურატოვ, აი შენ ჩვენი ბიჭებისთვის", - მურატოვის კომენტარს „ნოვაია გაზეტას“ ინსტაგრამგვერდი ავრცელებს.

წაიკითხე მეტი.

რა მოხდა ბუჩასთან ახლოს და ვინ ჩაუსაფრდა რუს ჯარისკაცებს?

გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ირწმუნება, რომ დადგენილია ვიდეოს ავთენტურობა, რომელიც სოციალურ ქსელებში 4 აპრილს გავრცელდა და სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ დახოცეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ჯარისკაცები. კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთ სამხედროს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული და ტყვია თავში აქვს ნასროლი.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ვიდეო გადაღებულია კიევის დასავლეთით, სოფელ დმიტროვკის ჩრდილოეთით მდებარე გზაზე, რამდენიმე კილომეტრში ქალაქ ბუჩიდან, საიდანაც 3 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია და კადრები ასობით დახოცილი და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქის, მასობრივი სამარხებისა და გაუპატიურებების შესახებ.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის უკრაინელი ჯარისკაცების შეძახილები, კომენტარები და ერთი ფრაზა, რომლითაც ირკვევა, რომ უკრაინულ არმიასთან ერთად იქ ქართველებიც არიან.

ამაზე დაყრდნობით რუსული მედიისა და რუსული ტელეგრამარხის „ოპერატიული ინფორმაციის“ თანახმად, მოხერხდა კადრებში გამოჩენილი ორი მებრძოლის იდენტიფიცირება და ერთ-ერთი მათგანი 35 წლის თეიმურაზ ხიზანიშვილია ხმელნიცკის ოლქიდან.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი შეეცადა გაერკვია, რა მოხდა ბუჩაში და ვინ არის მებრძოლი, რომელსაც რუსული წყაროები თეიმურაზ ხიზანიშვილად მოიხსენიებს. წაიკითხე სტატია აქ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG