Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება, რომელმაც შიში დაამარცხა


"კარავაჯო" (1986, ინგლისი, რეჟისორი დერეკ ჯარმენი)

31 იანვარს ბრიტანელი რეჟისორი დერეკ ჯარმენი 80 წლის გახდებოდა. კინემატოგრაფისტი-ავანგარდისტი, საზოგადო მოღვაწე, ევროპული საავტორო კინოს წარმომადგენელი, "შიდსის თაობას" მიეკუთვნება. შიდსის დიაგნოზი მას "კარავაჯოს" პრემიერის დროს დაუდასტურდა. ამის შემდეგ კიდევ 8 წელი იცოცხლა. მუშაობა არ შეუწყვეტია. ბოლო შედევრი, სახელწოდებით "ბლუ", უკვე სრულიად დაბრმავებულმა გადაიღო. სიბრმავე სიკვდილთან შეხვედრის წინ ტრაგედიის გმირადაც კი გადააქცევს ჯარმენს - ბოლოს და ბოლოს, ამ რეჟისორის განუმეორებელ ხელწერას ხომ გამოსახულება, "დანახვა" ქმნის; სილამაზე, წარმოდგენილი თითქმის მანერულობის ზღვარზე (თუმცა გამიჯნული ყოველგვარი მანიერიზმისგან), გამომწვევი "ვიზუალური ნარცისიზმი" დერეკ ჯარმენის ენაა. შემთხვევითი არაა, რომ იგი XVI-XVII საუკუნეების იტალიელი ფერმწერის, კარავაჯოს შემოქმედებით დაინტერესდა და გადაიღო მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი კინოს ისტორიაში.

ჯარმენისთვის, რომელიც თავის სექსუალურ ორიენტაციას არასდროს მალავდა, კარავაჯო - მთელი მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ორაზროვნებით, მანკიერებისა და უბიწობის გასაოცარი ერთიანობით, შეიძლებოდა უბრალოდ მორიგი ეპატაჟის საბაბი გამხდარიყო, საბაბი ე.წ. "გეი-არტის" ახალი ნიმუშის შესაქმნელად. ვფიქრობ, ამას ელოდნენ ჯარმენისგან. მით უმეტეს, რომ შიდსის ეპოქასთან "ირითმებოდა" კარავაჯოს სიკვდილი - ერთხანს ითვლებოდა, რომ მხატვარი სიფილისისგან გარდაიცვალა... მაგრამ ბრიტანელმა რეჟისორმა კარავაჯოს ბიოგრაფიის სულ სხვა მხარე გაიხსენა - პირდაპირ ქუჩიდან წამოყვანილი მაწანწალების, ლოთების, მათხოვრების მოდელებად წარმოდგენის ვნება, მათი გარდასახვის სურვილი ბიბლიურ პერსონაჟებად, მათი განსულიერება. თანაც ისე, რომ მათი სხეულის სილამაზე, მათი სექსუალობა არსად შენიღბა.

დერეკ ჯარმენის ფილმში პერვერსიისა და უბიწობის ამ წინააღმდეგობას (გამოხატულს სურათის მთავარი სიმბოლოებით, ჯვრით და დანით) ემატება სხვაც - წინააღმდეგობა კარავაჯოს ეპოქას, ადრეულ ბაროკოსა და თანამედროვეობას, მეოცე საუკუნეს შორის. ჯარმენი თითქოს ზედმიწევნით ზუსტად აღადგენს ეპოქას, იმდენად ზუსტად, რომ ფილმის მეორე ნაწილის ყურებისას შეიძლება საერთოდ დაგვავიწყდეს, რომელ დროში ვცხოვრობთ... და, ამავე დროს, არ ერიდება ჩართოს ფილმში მეოცე საუკუნის მოტივები - ეკრანზე ხან საბეჭდი მანქანა ჩნდება, ხან სიგარეტი, ხანაც ჯაზური მუსიკის ხმა გვესმის. მაგრამ მთავარი წინააღმდეგობა იქმნება ორი ხელოვნების, ფერწერისა და კინოს დაპირისპირებით და შემდეგ გაერთიანებით - ჩვენ თვალწინ ცოცხლდება არა მარტო მხატვარი, როგორც გმირი, არა მარტო მისი იდუმალებით მოცული ცხოვრება... "კარავაჯოში" ცოცხლდება ფერწერა, დაზგური სურათი. ბრიტანელი მხატვარი რაღაც იმის მსგავსს ცდილობს, რაც იმხანად უკვე გააკეთა სერგო ფარაჯანოვმა ფილმში "არაბესკები ფიროსმანის თემაზე" - გამოხატავს ხელოვნების თვითანალიზს, შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ეჭვის, ყოყმანის დაძლევის პროცესს და, რაც მთავარია, ყველა არტისტისთვის თითქმის აუცილებელს - მარტოობასთან, როგორც სასჯელთან შეგუების უნარს. კარავაჯო აღიარებული მხატვარია, მას თაყვანს სცემენ და ეჩოქებიან. მას ვატიკანიც კი აფასებს. მაგრამ კარავაჯოს დამორჩილება შეუძლებელია. ამიტომაც სიკვდილის გზაზე მას გვერდით ერთადერთი ერთგული ადამიანი, სმენადაკარგული შეგირდი რჩება.

შიდსის პანდემიის წლებში სექსუალური თავისუფლების იდეის დამკვიდრება უხერხულიც კი იქნებოდა დერეკ ჯარმენის მხრიდან. თუმცა სიკვდილის ესთეტიზაციაზე მას უარი არ უთქვამს; მეტიც, სიკვდილთან შეხვედრის მაგიური პროცესი "კარავაჯოში" გამოიხატა შემოქმედების სახით - მხატვარი ცდილობს გარდაქმნას რეალობა დაზგურ სურათში, წარმოიდგინოს თავი სინათლედ, რომელსაც ჩრდილებთან, სიბნელესთან ბრძოლა უხდება. ამიტომაცაა შუქის და ჩრდილის თამაში ასე ძლიერ ხაზგასმული ჯარმენის ფილმის სახვით გადაწყვეტაში (ისევე როგორც კარავაჯოს ტილოებში). ასე გადაიქცევა "კარავაჯო" პიროვნების თვითუარყოფად, ყოფითი რეალობის განსულიერებად ფერებში და, რაც მთავარია, ულამაზეს სანახაობად, რომელიც თითქოს უმოძრაოა როგორც სიკვდილი, მაგრამ მშვენიერია, როგორც ფერადი სიზმარი. ბოლოს და ბოლოს, დერეკ ჯარმენს არაერთხელ უთქვამს, შემოქმედებაში ორი კერპი მყავს, ესაა სიყვარული და ესაა სიკვდილიო. რაც შეეხება დროს, კარავაჯო და ჯარმენი აქაც "ძმები" არიან. ისინი დროის მიღმა არსებობენ. მეტიც, მათ აქვთ საოცარი უნარი, არა მარტო გარდაქმნან რეალობა ულამაზეს ზღაპრად, არამედ გააჩერონ დრო და აღბეჭდონ მარადიულობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დერეკ ჯარმენმა თავისი დრო არ გამოხატა და რაღაც მკვდარი, უმოძრაო წარმოგვიდგინა. სწორედაც რომ პირიქით.

გასული საუკუნის 80-იან წლებში შიდსის ეპიდემია და ჩერნობილის ავარია თითქმის დაემთხვა ერთმანეთს. პარალელურად საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო. გარდაქმნის პროცესს თან მოჰყვა პანიკაც, რომელიც პირველ რიგში მოძრაობას და ცვლილებას ამუხრუჭებდა. სამყაროს დასასრულისა და ქაოსის შიში უჩვეულოდ გადაიხლართა სიახლისა და უკეთესი მომავლის მოლოდინში. ამ თვალსაზრისით დღევანდელი ეპოქა ცოტა ჰგავს კიდეც 80-იანი წლების მეორე ნახევარს. აგერ ჩვენ კვლავ გვეკითებიან "თავისუფლება თუ მშვიდობა?"... და ვიღაცები ისევ უარს ამბობენ თავისუფლებაზე.

ასეთ დროს ფილმი გენიალურ ხელოვანზე, რომელმაც შიში შემოქმედებით და, რაც მთავარია, თავისუფლებით დასძლია, აღიქმებოდა, როგორც პატარა მარგალიტი, როგორც სუფთა ჰაერი. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც დააფასებთ დერეკ ჯარმენის შედევრს, რომელიც ახლახან ბრიტანეთის კინოაკადემიამ ყველა დროის საუკეთესო ბრიტანულ ფილმებს შორის უკვე მეათედ დაასახელა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG