Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთსაათიანი დაკითხვა საზღვარზე“ - როგორ გარბიან რუსეთიდან


მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაცია“ წამოიწყო, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისას პრობლემები ექმნებათ. 2 მარტს „ტელეგრამში“ შეიქმნა არხი „სასაზღვრო კონტროლი რუსეთის ფედერაციასთან 2022“. იქ ჰყვებიან, თუ რა გადახდათ მგზავრებს, რომლებიც ქვეყნიდან გასვლას აპირებდნენ. 58 ადამიანი ჩივის, რომ ისინი მონდომებით გამოკითხეს; 34-მა კი თქვა, რომ გამოკითხვასთან ერთად მათი ტელეფონებიც შეისწავლეს, მათ შორის პირადი მიმოწერაც. „Сибирь.Реалииრუსეთიდან გამგზავრების ოთხ ამბავს გვიყვება.

იულია, 47 წლის: 7 წლის წინ მამა გარდამეცვალა. მემკვიდრეობით ბინა გვერგო. გვირჩიეს, გაყიდეთ და თურქეთში იყიდეთო. ასეც მოვიქეცით და წაგებულები დავრჩით, მას მერე იმ ბინის ფასი სამჯერ გაიზარდა.

წელს არდადეგებზე ამ „თურქულ აგარაკზე“ ვაპირებდით წასვლას. ომი რომ დაიწყო, ვიფიქრეთ, არაფერი დაშავდება, თუ ბავშვი სწავლას გააცდენს, ნერვული სისტემის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანიაო. ჩემი და ჩერნიგოვში, საკუთარი სახლის სარდაფში იმალება. ტანკის ლულა პირდაპირ მის ფანჯარას უყურებს. წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა ვიყო.

მოკლედ, გადავწყვიტეთ, სანამ ჭკუიდან გადავიდოდი, გარემო შეგვეცვალა. ანტალიის ბილეთი ავიღეთ და 12 მარტს დომოდედოვოდან გამოვფრინდით. კონტროლის გავლისას მე და ჩემი ქალიშვილი ერთ ფანჯარასთან ვიდექით, ქმარი - მეორესთან. ჩვენ მხოლოდ ერთი კითხვა დაგვისვეს და გაგვატარეს, ქმარი კი... სადღაც წაიყვანეს.

რა თქმა უნდა, პანიკაში ჩავვარდი. არაფერს მეუბნებოდნენ. პირიქით, ზრდილობიანად, მაგრამ ჯიუტად მიმეორებდნენ: „ჩასხედით თვითმფრინავში“. წავედით. თან ქმარს ვურეკავ, არ მპასუხობს. თურმე უკვე ჩამოურთმევიათ ტელეფონი.

რომ დაბრუნდა, მოჰყვა, რომ იმ ოთახში ტელეფონი გამოართვეს და გადააქოთეს. მე მანამდე წავიკითხე რჩვები და თუ რამე საეჭვო მიმოწერა გვქონდა დასთან, წავშალე. იქ ემოციებისგან ათასი რამე ვთქვით, ციხეში ჩასაყუდებლად საკმარისი რომ იქნებოდა, ისეთი. თურმე ყველაფრის გასუფთავებაც შეცდომა ყოფილა. პირველი კითხვა ჩემს ქმარს სწორედ ამაზე დაუსვეს, მესინჯერიდან ყველაფერი წაშლილი რატომაა, რას მალავო.

ჩემი ქმარი დაიბნა, შეჩვეული არ არის მსგავს დაკითხვებს. უთხრა, რომ ბავშვი თამაშობდა და შემთხვევით წაეშალა. იმ ორმა ერთმანეთს ირონიულად გადახედა. მერე კითხვები დააყარეს: რას აკეთებ? უკრაინაში ხშირად რატომ დადიოდი? იქ ვინ გყავს? ცოლისდა სად მუშაობს? ახლა სადაა? მისი ქმარი? ის რას აკეთებს? როგორ უკავშირდებით? სპეცოპერაციაზე რას ფიქრობ? აქციებზე დადიოდი? რუსეთის ჯარის წინააღმდეგ რამე გითქვამს? თურქეთში რატომ მიდიხარ? უცხოურ კომპანიებთან მუშაობას აპირებ? დაბრუნდები თუ გარბიხარ ქვეყნიდან?

როდესაც მოვიდა, ხელები უკანკალებდა, სახე ქაღალდივით ჰქონდა გათეთრებული. შემეშინდა, ინსულტმა არ დაარტყას-მეთქი.

ქმარი ცდილობდა მშვიდად ეპასუხა, მაგრამ ბოლოს აღშფოთდა. მას კი ეუბნებიან: „რას ნერვიულობ, უბრალოდ გულწრფელად ვსაუბრობთ“. მაგარი საუბარი იყო, მტერს არ ვუსურვებ, ისეთი.

მგონი, მხოლოდ იმან გადაგვარჩინა, რომ უკანა გზის ბილეთებიც ნაყიდი გვქონდა. ეს რომ უთხრა ჩემმა ქმარმა, უპასუხეს, ეგ რა მტკიცებულებაა, ბილეთების ჩაბარება ყოველთვის შეიძლებაო. შემდეგ პასპორტი გამოართვეს და უბრძანეს, დაეცადა. ნახევარი საათი იქ იჯდა. ამბობს, ჩვენი რეისიდან კიდევ რამდენიმე კაცი იცდიდაო. ბოლოს და ბოლოს პასპორტი დაუბრუნეს და გამოაცხადეს, რომ თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ თვითმფრინავში ჩამსხდარიყვნენ.

როდესაც მოვიდა, ხელები უკანკალებდა, სახე ქაღალდივით ჰქონდა გათეთრებული. შემეშინდა, ინსულტმა არ დაარტყას-მეთქი. კიდევ კარგი, დამაწყნარებელი მქონდა, დალია და ცოტა გულზე მოეშვა. მთელი გზა ჩუმად იყო, ვერ ლაპარაკობდა. მერე მოჰყვა, რაც მოხდა. მას ეს ერთსაათიანი დაკითხვა უსასრულობად მოეჩვენა.

აი, ასე გაგვაცილა სამშობლომ, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას ვუხდით. იქნებ, ამიხსნას ვინმემ, რა დავაშავეთ? ტერორისტები ხომ არ ვიყავით, ან მოღალატეები. დასასვენებლად წასვლა გვინდოდა. ჯერ საომარი მდგომარეობა არ შემოუღიათ და ხალხს უკვე ასე ექცევიან, რომ შემოიღებენ, მერე რაღა იქნება? ეგრევე კედელთან მიგვაყენებენ?

„პუტინი გიყვარს?“

არტემ საპრიკინი, 28 წლის: 15 მარტს მოსკოვის გავლით სომხეთში მივფრინავდი. ამ დროისთვის ჩემი მეგობრების უმეტესობა უკვე წასული იყო, მე ჯერ ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სწორად მოიქცნენ და დროზე უნდა გავასწრო.

მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსეთს მომავალი არა აქვს. ადრეც ვიცოდი, მაგრამ ომი რომ დაიწყო, მივხვდი, იმაზე უარესი ხდება, ვიდრე წარმომედგინა. კიევზე მხოლოდ გიჟი თუ წავიდოდა, ამის მხოლოდ მოთავებული სულელები თუ დაუჭერენ მხარს. როდესაც ვნახე დამოუკიდებელი გამოკითხვა, თუ რამდენი ადამიანი ემხრობა პუტინს, ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ამ ადამიანებთან საერთოს ვერ გამოვნახავ.

გარდა ამისა, პროგრამისტი ვარ და ესეც წასვლის მიზეზია. რუსეთში მე პერსპექტივა აღარ მაქვს. ინტერნეტტექნოლოგიებზე ასეთი სანქციებით, ფაქტობრივად ჯვარი დაგვისვეს. ვეღარ განვითარდები. იგივე ხდება სხვა დარგებშიც: მანქანათმშენებლობაში, ტრანსპორტში, მედიცინაში და ა.შ.

საზღვარზე რაც მელოდა, წინასწარ ვიცოდი, ამიტომ თადარიგი დავიჭირე. ვიყიდე უკან დასაბრუნებელი ბილეთი; დისკები გავასუფთავე ან „ობლაკოში“ გადავიტანე; ტელეფონზე „ოდნოკლასნიკები“ დავაყენე, თან კომბოსტოს დამწნილების რეცეპტებით და რემონტის საკუთარი ხელით გაკეთების ინსტრუქციებით გამოვტენე.

უფაში, პასპორტის კონტროლის გავლისას, მაშინვე მკითხეს რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს, რომ პროგრამისტი ვარ, მაინც გაიგებდნენ. დამატებით უნდა შეგამოწმოთო. რაღაც ოთახში წამიყვანეს, სადაც უკვე უამრავი ადამიანი იჯდა. უთხრეს, კიდევ ერთი „აიტიშნიკი“ მოვიყვანეთო. ერთი გამოვიდა და დაკითხვა დამიწყო.

ტელეფონი უსიტყვოდ გავუწოდე. 5 წუთი ათვალიერებდა, ვერაფერი კრიმინალური ვერ იპოვა და მკითხა, ფეისბუკი სად არისო. რაც დაბლოკეს, წავშალე-მეთქი. შევატყვე, არ დაიჯერა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ჩემი ხუმრობა „ოდნოკლასნიკებთან“ დაკავშირებით, როგორც ჩანს, დააფასა. გახსნა თუ არა, ეგრევე შეწყვიტა ძიება, გასაგებია ყველაფერიო. მაგრამ სტანდარტული კითხვები - სად მივდივარ, რატომ, როგორი დამოკიდებულება მაქვს უკრაინაში მომხდართან დაკავშირებით და ა.შ. - მაინც დამისვა. ბოლო კითხვამ მომსპო. ამ წურბელამ თვალი თვალში გამიყარა და ლაქუცით, ალერსიანად მკითხა: „პუტინი გიყვარს?“, გავშტერდი. ყველაფერ დანარჩენზე პასუხი წინასწარ მქონდა მზად, ამას კი აღარ ველოდი. ვეუბნები, დედა და ბებიაც კი არ მიყვარს, საერთოდ ხალხი არ მიყვარს ბავშვობიდან, მიზანთროპი ვარ, ასეთი დავიბადე-მეთქი. მეტი აღარაფერი უკითხავს.

ერევანში ვარ. დედა დღეში სამჯერ მირეკავს, მეკითხება, სომხეთში  რუსებს ცუდად ხომ არ ექცევიან. არ ვიცი, როგორ დავარწმუნო, რომ რუსებს არსად ექცევიან ისე ცუდად, როგორც უშუალოდ რუსეთში.

მიბრძანა, ზურგჩანთაში რაც მეწყო, მაგიდაზე ამომელაგებინა. არც ამას ველოდი. მეგობრებს მხოლოდ ტელეფონები და კომპიუტერები შეუმოწმეს. ქექავს ნივთებს და იქ ჩემი საბუთებია აპოსტილებით. აი, აქ კი დამჭირდა პამპერსი. მეკითხება: „უკანა გზის ბილეთი რაღაზე იყიდე, რომ ვერ მივხვდე, რომ გარბიხარ?“ რატომღაც სწორედ ამ დროს გადავიდა შენობით ლაპარაკზე. მე ჩემსაზე დავდექი: „უცხო ქვეყანაში მივდივარ, რა იცი რა ხდება. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. მე ჩემი ყველა დოკუმენტი ყოველთვის თან დამაქვს. ახლა მით უფრო“. რა თქმა უნდა, ისევ არაფერი დაიჯერა. მეკითხება, თუ ხვდები, რომ ომის დროს ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადებდნენო და წავიდა. 40 წუთის მერე დაბრუნდა, ამასობაში, რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი წარმოვიდგინე. თუმცა, გადავრჩი. პატარა რამეც რომ ეპოვათ, ადმინისტრაციული წესით დამაკავებდნენ. ნივთები დამიბრუნეს, გარდა როიტერისა GSM/WiFi. რომ ვკითხე, რატომ-მეთქი, პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენებაო. აღარაფერი მითქვამს, ჯანდაბას, ყელზე დაგადგეთ.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამით არ დასრულებულა. მწვანე დერეფანში ისევ გამაჩერეს და მკითხეს, თან რა თანხა მიმქონდა. ვუპასუხე, რომ ზუსტად 10 ათასი და არც ერთი დოლარით მეტი. რუბლები თუ გაქვსო. დარწმუნებული ვიყავი, რომ შეზღუდვა მხოლოდ დოლარებს ეხებოდა და გულწრფელად ვუპასუხე, კი, სადღაც 25 ათასი-მეთქი. გამომიცხადეს, ქვეყნიდან ნებისმიერი ვალუტით ჯამში მხოლოდ 10 ათასი დოლარის გატანა შეგიძლიაო. აღმოჩნდა, რომ 24 ათასი რუბლი ზედმეტი მაქვს. ამის გამო ადმინისტრაციული ჯარიმა გამომიწერეს, 12 ათასი რუბლის ოდენობის. არც ეს მიდავია, ჯანდაბას, ამ ქვეყნიდან წასასვლელად არც 100 დოლარი მენანება.

ახლა ერევანში ვარ. დედა დღეში სამჯერ მირეკავს, მეკითხება, სომხეთში რუსებს ცუდად ხომ არ ექცევიან. არ ვიცი, როგორ დავარწმუნო, რომ რუსებს არსად ექცევიან ისე ცუდად, როგორც უშუალოდ რუსეთში. როცა მოვდიოდი, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი. ახლა დარწმუნებული ვარ.

მშვიდად და ღიმილით

აქსანა, 26 წლის: მე და ჩემმა შეყვარებულმა გადავწყვიტეთ, ომის პერიოდი თურქეთში გაგვეტარებინა. არ მეცინება, იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება ჯარში გაიწვიონ. ვის უნდა ეომოს? უკრაინაში უამრავი მეგობარი გვყავს. არ ვაპირებთ მათ დახოცვას. დავყარეთ ყველაფერი, გადავწყვიტეთ მანამდე გაგვესწრო, სანამ საზღვრებს ჩაკეტავდნენ.

ფული ორ კაცზე სამი ათასი გვაქვს, მაგრამ შიმშილით არ დავიხოცებით. ორივე დისტანციურად ვმუშაობთ, ლიოშა საიტების დიზაინერია, მე - მონაცემების ანალიტიკოსი. ნოვოსიბირსკიდან სტამბოლში 8 მარტს ჩავფრინდით, სოჭის გავლით.

ბილეთი მხოლოდ ერთი გზის ავიღეთ, მესინჯერები გავასუფთავეთ, შეგვეშინდა პრობლემები არ შეექმნათ. ასეც მოხდა. პასპორტის კონტროლის გავლისას გვითხრეს, გასაუბრებაზე მოდითო. კაბინეტში პირველი შემიყვანეს, იქ უკვე იყო ვიღაც, სახეზე ეტყობოდა - უშიშროებიდან. სტანდარტული კითხვებით დაიწყო. ვუთხარი, რომ საბანაოდ და მზის აბაზანების მისაღებად მივდივართ. არ დაიჯერა, ტელეფონს კოდი მოხსენი და მომაწოდეო. დაიწყო შემოწმება: Telegram, WhatsApp, Facebook Messenger... მე აღვშფოთდი: „ეს პირადი სივრცის დარღვევაა“, მაგრამ ყურადღებაც არ მომაქცია. ყველაფერს ხსნიდა და კითხულობდა. ნახა საიტები სამსახურის ძიების შესახებ და მეკითხება, თუ დასასვენებლად მიდიხართ, ეს რაღად გინდათო. ვუპასუხე, იმის გასარკვევად, რომ ვიცოდე, ჩემი სამსახურის მსგავს სამსახურში სხვაგან რამდენს იხდიან-მეთქი. როდესაც „ტელეგრამში“ „მედუზას“ არხი დაინახა, სახე გაებადრა: „უცხოეთის აგენტებს კითხულობთ?“ მე თავი გავისულელე - „როგორ, „მედუზა“ სიაშია?“ ჩაიცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

საძიებელში „უკრაინა“, „პუტინი“ და „ომი“ შეიყვანა. ბევრი არაფერი უპოვია. რეკომენდაციები და ახალი ამბები შეამოწმა. ნაცნობების ისტორიებს გადახედა. „ეს რა „პადრაა“, სახელს რატომ არ ეძახი, დაფარო გინდა? ან ეს აქსანა ვინაა, ნახევარი საათის წინ რომ ურეკავდით? უკრაინიდანაა? რით დაამტკიცებთ, რომ არა?“ ვეუბნები, თავად დაურეკეთ და ჰკითხეთ, რას გადამეკიდეთ-მეთქი.

YouTube-ი გახსნა. მე მას ტელეფონში არასდროს ვხსნიდი, ამიტომ არც მახსოვდა. არადა, იქ შულმანი, ვარლამოვი, გორდონი, ნევზოროვია, კიდევ „ეხო მოსკვი“... ამაზე რას იტყვიო, გაბადრული მიყურებს, „მოღალატე დაიჭირა“. დაიწყო და აღარ გაჩერდა: რას ვფიქრობ ამაზე? ფული ხომ არ გადამირიცხია მათთვის? „სპეცოპერაციაზე“ რა აზრის ვარ?.. ეს ყველაფერი ნახევარი საათი გაგრძელდა. ბოლოს უკვე მაკანკალებდა, არადა, მშვიდად და ღიმილით უნდა მეპასუხა. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: „არ დაიბნე, საშუალება არ მისცე, ცხოვრება ჩაგიმწაროს“. თავს ვიკავებდი, ვუყურებდი და ვატყუებდი.

ბოლოს კოზირს ჩამოვიდა: „თუ დასასვენებლად მიდიხართ, უკან დასაბრუნებელი ბილეთი რატომ არ გაქვთ?“ მე რაღაც მოვბოდე, რომ ახლა სახიფათოა ბილეთის წინასწარ ყიდვა, რეისები გადააქვთ და შეიძლება ფული დაკარგო. დოლარი რამდენი გაქვთო, ვუთხარი, რომ სამი ათასი. „და ეს დასვენებაზეც უნდა გეყოთ და ბილეთებზეც? დარწმუნებული ხარ, რომ დაგრჩება ბილეთებისთვის?“ ვუპასუხე: „დარწმუნებული ვარ, თუ არა და ახლობლებისგან ვისესხებ“. „და როგორ გადმოგირიცხავენ ფულს?“ „ბარათ „მირის“ საშუალებით, ის თურქეთში მუშაობს“. კიდევ რაზე შემომდავებოდა, ვეღარ მოიფიქრა.

Youtube-ზე რასაც ვუყურებდი, იმას 20 ფოტო გადაუღო. თან ისეთი სერიოზული სახით უღებდა, თითქოს საერთაშორისო მასშტაბის დამნაშავე ვიყავი და სამხილებს მიაგნო. რაღაც „პროტოკოლი“ შეადგინა, რომელშიც მთელი ჩემი მონაცემები შეიტანა. პასპორტიც გადაიღო, იმ გვერდების ჩათვლით, სადაც ვიზები იყო და დამიცადეო, მითხრა.

გამოვედი. ლიოშა მეკითხება: „აბა, რა ხდება?“, „პიზ..ია!“ - ვეუბნები. მეტი ვერაფრის მოყოლა მოვასწარი, ახლა ის გამოიძახეს და კარგა ხანი აღარ გამოუშვიათ. ბოლოს გაშტერებული გამოვიდა და მეკითხება: „რამე გაქვს დასალევი? პირი გამიშრა. რამდენი ხანი არ ვიყავი?“, „20-30 წუთი“, ვპასუხობ. „მეგონა, საუკუნე გრძელდებოდა“.

სანამ ვსაუბრობდით, ჩვენი საბუთებიც გამოიტანეს, აბა, კარგად დაისვენეთ, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსეთში დაბრუნდეთო. დაბრუნება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს. მანქანაა გასაყიდი, კიდევ უამრავი საქმე მოსაგვარებელი, მაგრამ ჯერ ამის სურვილი არ გამაჩნია.

„ამერიკის ჯაშუში“

რუსლანი, 32 წლის: ჩემი ცოლი უკრაინის მოქალაქეა. იქ მისი დედა და და ცხოვრობენ. უამრავი მეგობარი მყავს. როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს ამ ომის მიმართ?! პუტინის გამო სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ. შევისწავლეთ ყველა ვარინატი, სად შეიძლება წავიდეთ, სად უშვებენ და თურქეთზე შევჩერდით, იქ ბინას თუ იქირავებ, შეგიძლია, ბინადრობის უფლება მიიღო.

საბაჟოზე მკითხეს, უკან დასაბრუნებელი ბილეთი თუ გაქვთო. უარი რომ ვუთხარი, ეგრევე სხვა ოთახში გადამიყვანეს. დამხვდურებს თავი არ წარმოუდგენიათ. ჯერ სტანდარტული კითხვებით დაიწყეს, შემდეგ კი ტელეფონი მოითხოვეს. „დარწმუნებულები ხართ, რომ უფლება გაქვთ დაათვალიეროთ?“, - ვკითხე. „რა? მალავთ რამეს?“ არაფერი მიპასუხია, ბლოკი მოვხსენი და გავუწოდე. 10 წუთი ათვალიერებდნენ. ყველაფერი ნახეს, გაგზავნილი წერილები, ბრაუზერი, „ლაიკების“ ისტორიები, გამოწერილი რა მქონდა... დიდი ყურადღებით ეცნობოდნენ.

მეორე ჩემს პასპორტს უკირკიტებდა. ნახა, რომ ბევრი ამერიკული ვიზა მაქვს (სამსახურის გამო ხშირად დავფრინავდი) და გამოკითხა დაიწყო: „რატომ დადიხართ ხშირად აშშ-ში? რა სტატუსით? თუ მარტო ტრანზიტით იყავით, ორი დღე რატომ დაჰყავით?“ ნეტავ რას ფიქრობდნენ, რომ ამერიკის ჯაშუში ვარ და ყველაფერს მოვუყვები?

აქ ის კაცი, ტელეფონს რომ ჩაჰყურებდა, უცებ გამოცოცხლდა: „ესე იგი ბინას აქირავებთ, ანუ დიდი ხნით მიდიხართ?“, ვეუბნები: „არა, ცოტა ხნით, დამთავრდება სპეცოპერაცია და დავბრუნდები“.

შემდეგ ცოლი გამოიძახეს და ახლა იმას მიდგნენ: „ვინ გყავს ნათესავი უკრაინაში? სად? ტელეფონები, მისამართები? უკრაინაში უკანასკნელად როდის იყავი? რუსეთში რა გინდა?..“ და ბოლოს: „ლახავს თუ არა რუსეთი თქვენს უფლებებს ეთნიკური ნიშნით?“ ჩემმა ცოლმა მიუგო: „ჩემ წინ ბაბუა რუსული პასპორტით ეგრევე გაატარეს, მე კი ნახევარი საათია აქ ვზივარ, ახლა თქვენ მიპასუხეთ, არღვევს თუ არა რუსეთი ჩემს უფლებებს“. ის კი: „და რით ხართ უკმაყოფილო, უბრალოდ ვსაუბრობთ. ხომ იცით, დაძაბული ვითარებაა. ალბათ, დარდობთ თქვენს ნათესავებზე. არ იდარდოთ. მალე იქ ყველაფერს მოვრჩებით და მათაც ნახავთ“.

საბუთები 20 წუთის შემდეგ გამოგვიტანეს, კიდევ კარგი, დროის შუალედი დიდი გვქონდა, თორემ თვითმფრინავს ვერ მივუსწრებდით. ერთი კაცი რეისზე არ დაუშვეს.

„წაშალეთ აპლიკაციები“

ივან პავლოვი, იურისტი, ხელმძღვანელი უფლებადამცველი კომპანიისა „პირველი დეპარტამენტი“: ჩვენი იურისტებიც იღებენ ინფორმაციას, რომ მესაზღვრეები ტელეფონების დათვალიერებას ითხოვენ. ფორმალურად მათ ამის უფლება არ აქვთ, მაგრამ შანტაჟის ეფექტური საშუალებაა. შეუძლიათ იმდენი ხანი დაგაყოვნონ, რომ უბრალოდ თვითმფრინავს ვეღარ მიუსწროთ. არადა, ახლა ბილეთების შოვნაც ჭირს და არც ფულია ბევრი.

ზოგადად შემოწმების უფლება მესაზღვრეებს აქვთ. ეს იმისთვის, რომ რამე აკრძალული საინფორმაციო მასალები არ გადაიტანო, როგორიცაა, მაგალითად: ექსტრემიზმისკენ, ტერორიზმისკენ მოწოდება, პორნოგრაფია, აგიტაცია... ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების, სახელმწიფოს უსაფრთხოების, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მორალის საწინააღმდეგო იყოს.

ჩემი რჩევაა, უბრალოდ, დროებით წაშალეთ მესინჯერები და მსგავსი აპლიკაციები. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ისევ დააყენებთ.

რისი უფლება აქვს მესაზღვრეს?

ალიონა საველევა, ფონდის „რუსეთი ციხეში“ იურისტი: სასაზღვრო კონტროლს უშიშროების თანამშრომლები ახორციელებენ. მთელი მათი უფლებამისილება 2012 წლის 8 ნოემბრის ბრძანებაშია გაწერილი. ამ დოკუმენტის მიხედვით, მესაზღვრეებს შეუძლიათ შეამოწმონ საბუთები, სატრანსპორტო საშუალებები და მათი ტვირთი. მორჩა. ყველაფერი დანარჩენი, დაყოვნება, პირადი შემოწმება, მიმოწერის წაკითხვა, ახსნა-განმარტების მოთხოვნა და ასე შემდეგ - მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, თუკი მესაზღვრეებს ეჭვი აქვთ, რომ ადამიანმა სახელმწიფო საზღვარი დაარღვია.

რაც შეეხება ტელეფონსა და კომპიუტერს, ამ შემთხვევაში შეუძლაით მხოლოდ ჩართვა მოითხოვონ, რათა დარწმუნდნენ, რომ სიტყვაზე, ეს ბომბი არ არის - მხოლოდ ჩართვა და არა შიგთავსის წაკითხვა.

XS
SM
MD
LG