Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არჩევნები ბიბილოვის გარეშე“ - ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციური ე.წ. კანდიდატები ერთიანდებიან


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოხსნილი კანდიდატები ერთიანდებიან და არსებული დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებზე გადადიან.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს მიერ წინა დღეებში მოწოდებული ინფორმაცია უკვე დადასტურდა და დე ფაქტო ექსპრეზიდენტის ედუარდ კოკოითისა და არჩევნებიდან მოხსნილი, დე ფაქტო თავდაცვის ყოფილი მინისტრის იბრაგიმ გასეევის ალიანსი შედგა. წყარო გვატყობინებდა, რომ მათი შტაბების წარმომადგენლებს შორის ერთობლივი მოქმედებების ტაქტიკაზე მოლაპარაკება იყო დაწყებული.

ხალხს არჩევანი აღარ დაუტოვეს. ისე გააკეთეს, რომ ამდენი კანდიდატი უბრალოდ მოხსნეს. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, იმისთვის, რომ ბიბილოვმა ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა...
იბრაგიმ გასეევი

„არჩევნები ანატოლი ბიბილოვის გარეშე“ - ასეთია კოკოითისა და გასეევის პირველი გზავნილი მხარდამჭერების მიმართ. ისინი საპროტესტო აქციებზე ქუჩაში გასვლის ვარიანტსაც განიხილავენ, თუმცა პირველი შეხვედრა ცხინვალის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე გამართეს. ამ შეხვედრაზე, რომელიც 22 მარტს გაიმართა, ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ, მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

„მე უკვე მივმართე ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. რაკი ლინგვისტური გამოცდა ვერ ჩააბარა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მივმართავ თითქმის ყველა ეგრეთ წოდებულ კანდიდატს და ოპოზიციის ლიდერებს. არავის მივცემ უფლებას, ხალხი მოატყუოს, ვინც უნდა იყოს. მით უმეტეს იმ დროს, როცა დღეს ჩვენი ხალხის საუკეთესო შვილები რუს ძმებთან ერთად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა. ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენ ვიცავთ რუსეთს... აქ შეკრებილი ხალხია მთავარი ძალა, რომელიც გადაწყვეტს არჩევნების საკითხს... მაგრამ არ მინდა, ვინმეს მიზეზი მივცე, ჩემი მშობლიური ოსი ხალხი დაადანაშაულოს იმაში, რომ სანამ ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, ჩვენ შევიკრიბეთ და ვაწყობთ რაღაც საპროტესტო აქციებს... ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს და რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ აქ, ამ უკანონობას კიდევ ხუთი წელი არ მოვითმენთ. ის, რომ ჩვენ აქ ვიკრიბებით, კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენს პატივისცემაზე რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ქუჩის აქციებს, მაგრამ მხარს დავუჭერთ იმ ბიჭებს, რომლებსაც უკანონოდ ჩამოერთვათ ასეთი შესაძლებლობა (არჩევნებში მონაწილეობა). და თუ სხვა გამოსავალი არ არის, და თუ ამ ადამიანს (ბიბილოვს) არ ესმის ხალხის ხმა, გარეთ გასვლის გარდა სხვა არჩევანი არ გვექნება. მივმართავ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს... ჩემო მებრძოლო ძმებო, ჩემო უმცროსო ძმებო, უზომოდ მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის... მაგრამ არ მინდა, ხალხს დაუპირისპირდეთ. დღეს რესპუბლიკის კონსტიტუციის პირველი სამი მუხლი ირღვევა. ბიჭებო, გადაწყვიტეთ, ვისთან ერთად ხართ: თქვენს ხალხთან თუ კრიმინალურ რეჟიმთან?“ - განაცხადა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ედუარდ კოკოითიმ.

ცხინვალის საფეხბურთო სკოლის შენობაში, მოგვიანებით მივიდა დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იბრაგიმ გასეევი, რომელსაც იქ შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. მან აუდიტორიას განუცხადა, რომ ოს ხალხს არჩევანი წაართვეს:

„ხალხს არჩევანი აღარ დაუტოვეს. ისე გააკეთეს, რომ ამდენი კანდიდატი უბრალოდ მოხსნეს. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, იმისთვის, რომ ბიბილოვმა ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამის შემდეგ კი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდად, ლამაზად, როგორც წესია - ჩხუბის, გინების, ქაოსის გარეშე. ეს ადამიანი (ბიბილოვი) უნდა წავიდეს. ჩვენი მხრიდან ყველა საბუთი სწორად იყო შედგენილი, ჩვენი შტაბი დღედაღამ ამზადებდა დოკუმენტებს, მაგრამ ის (ბიბილოვი) თვითონ მივიდა (ცესკოში) ღამით და ოთხი საათის განმავლობაში გვირევდა და გვიფუჭებდა საბუთებს. მე არ მაქვს მტკიცებულება, მაგრამ ასე ამბობენ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არ იფიქროთ, რომ კანდიდატად აღდგენა მინდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მინდა. არა, ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი (ბიბილოვი) აღარ იყოს კანდიდატი, მოხსნას თავისი კანდიდატურა!“ - განაცხადა გასეევმა.

ვითარება სულ უფრო იძაბება და პროცესები ქუჩაში ალბათ მალე გადაინაცვლებს.  ოპოზიცია ჯერჯერობით შენობებში იკრიბება, მაგრამ ისინი მხარდამჭერებთან ერთად გარეთ აუცილებლად გავლენ.

სლოგანი „არჩევნები ბიბილოვის გარეშე!“ ჯერჯერობით დე ფაქტო ექსპრეზიდენტს ედუარდ კოკოითისა და დე ფაქტო თავდაცვის ყოფილ მინისტრს იბრაგიმ გასეევს აერთიანებს. თუმცა მათ მხარდასაჭერად მივიდნენ ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებიც, აგრეთვე ასლან კუტაროვი და გენო კაჟაევი, რომლებმაც ასევე ვერ გაიარეს საარჩევნო რეგისტრაცია. პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და მოლაპარაკებები სხვა ე.წ. კანდიდატებთან მოქმედების საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი გვეუბნება, რომ ბიბილოვის წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას სხვა კანდიდატებიც შეუერთდებიან.

„ბიბილოვმა უკვე დაიწყო არჩევნების ფალსიფიკაცია, ფაქტობრივად, არ დატოვა გარემო არჩევნებისთვის. ამდენი კანდიდატი უკვე ჩამოიშორა გზიდან და ეს ყველაფერი უსამართლოდ მოხდა. კანდიდატების მხარდამჭერები ძალიან არიან გაბრაზებული და ამას მალე მიხვდნენ კოკოითი და გასეევი. საპროტესტო მუხტი სულ უფრო იზრდება და მათ აუცილებლად შეუერთდებიან სხვა კანდიდატებიც. ბიბილოვის ხელისუფლება ძალოვანებზეა დამყარებული, თუმცა იმავე ძალოვანებში სხვა კანდიდატებსაც აქვთ გავლენები, ამიტომ ახლა რთული სათქმელია, საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში ძალოვანები როგორ მოიქცევიან. პატარა საზოგადოება ვართ, ყველას ყველგან ნათესავი ჰყავს. ვითარება სულ უფრო იძაბება და პროცესები ქუჩაში ალბათ მალე გადაინაცვლებს. ოპოზიცია ჯერჯერობით შენობებში იკრიბება, მაგრამ ისინი მხარდამჭერებთან ერთად გარეთ აუცილებლად გავლენ“.

21 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე.წ. პრეზიდენტობის 6 კანდიდატის საჩივარი, ცენტრალური კომისიის წინააღმდეგ, რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. ე.წ. კანდიდატებმა საარჩევნო კომისია მათ მიმართ უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ე.წ. კანდიდატები, კომისიას დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლად მიიჩნევენ. დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ კანდიდატების მიერ წარდგენილ საბუთებში ხარვეზები აღმოჩნდა, კერძოდ, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებსა და მხარდამჭერთა სიებში. მოხსნილ კანდიდატებს შორის არის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას მიმართა და მომავალი ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა. გასეევის განცხადებით, ბიბილოვის ხელისუფლებამ არჩევნების ფალსიფიკაცია მისთვის არასასურველი კანდიდატების მოხსნით დაიწყო. ასევე არჩევნებიდან მოხსნილია დე ფაქტო პარლამენტის წევრი, ყოფილი ე.წ. ომბუდსმენი და დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით სანაკოევი, რომელსაც ახლად შექმნილ, კოკოითი-გასეევის ალიანსთან თანამშრომლობის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს.

XS
SM
MD
LG