Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოპოზიცია ანატოლი ბიბილოვის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს


ანატოლი ბიბილოვი. 23 თებერვალი, 2022 წ.
ანატოლი ბიბილოვი. 23 თებერვალი, 2022 წ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს. მათი თქმით, ბიბილოვმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და წინასაარჩევნო კამპანია იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული.

ღამით ცხინვალში, ანატოლი ბიბილოვის სააგიტაციო გაზეთის სპეციალური ნომერი გაავრცელეს, რომელშიც საუბარია დე ფაქტო პრეზიდენტის „მთავარ მიღწევებზე“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მისი კონკურენტები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბრობენ და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ. ცხინვალელების თქმით, გაზეთები ღამით დიდი რაოდენობით დარიგდა. ბიბილოვის მომხრეები გაზეთებს ჰკიდებდნენ ღობეებზე, მრავალსართულიანი კორპუსების შესასვლელებთან, კარის სახელურებზე, ზოგიერთმა მოქალაქემ გაზეთების შეკვრა პირდაპირ ქუჩაში დადებულიც ნახა.

ვერ გავიგე, რა მიღწევებზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა მისი (ბიბილოვის) პირადი კონტროლის ქვეშ, წამებით მოკლეს ჩემი ქმარი ინალ ჯაბიევი...
ოქსანა სოტიევა

სოციალურ ქსელებში ატყდა აჟიოტაჟი. ამ აჟიოტაჟს მაშინვე გამოეხმაურა, შარშან ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ქვრივი ოქსანა სოტიევა. ნეტავ დავიჭირო ისინი, ვინც ეს გაზეთები ჩემს კარზე ჩამოკიდეს! მათ ასევე გამოგლიჯეს კარი ჩვენს სადარბაზოში! და ღამით რატომ არიგებთ ამ მასალას?! და საერთოდ, სად იყურება ცესკო?! თუ კანონები ყველასთვის ერთნაირი არ არის?“- დაწერა სოციალურ ქსელში ოქსანა სოტიევამ. მან „ეხო კავკაზას“ მომხდარის დეტალები უამბო.

„ბავშვების ბაღში გაშვება მინდოდა და აღმოვაჩინე, რომ ეს გაზეთი ჩემს კარზე ეკიდა. საერთოდ არ გავხსენი, დავხიე და გადავაგდე, რადგან ძალიან გავბრაზდი. პარალელურად, შემოსასვლელის კარიც გამოგლიჯეს. მე რომ დამეჭირა, როცა ეს ჩემს კარზე ჩამოკიდეს, რა თქმა უნდა, არ გავუშვებდი ასე მარტივად. როგორ ბედავენ ამის ჩემს კარზე ჩამოკიდებას?! ვერ გავიგე, რა მიღწევებზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა მისი (ბიბილოვის) პირადი კონტროლის ქვეშ, წამებით მოკლეს ჩემი ქმარი ინალ ჯაბიევი. ძალიან ვარ გაბრაზებული!“

ბიბილოვის სააგიტაციო მასალის ფარულად დარიგებას ცნობილი ტელეგრამარხი „ბონვარონი“ გამოეხმაურა.

„ცხინვალიდან წერენ, რომ ბიბილოვმა, რომელიც ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატიც კი არ არის, უკვე დაიწყო ხალხის შეურაცხყოფა საარჩევნო მასალებით, რომლებშიც „ანგარიშის“ სახით არის მითითებული მისი „დიდი მიღწევები“. ჯერ ერთი, ეს უკანონოა. მეორეც, ანგარიშს არავინ გთხოვს, ბიბილოვ. მესამე, ვიმედოვნებთ, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ეს თქვენი მთავარი მიღწევებიც იქნება მითითებული. მაგალითად:

1. პირადად ხელმძღვანელობდა გამოძიებას, რომლის დროსაც ინალ ჯაბიევი გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს;

2. მან გაანადგურა გამოძიება ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გარემოებების თაობაზე, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მკვლელები არ დასჯილიყვნენ.

3. შეარცხვინა მთელი ოსეთი და ოსები მთელ მსოფლიოში, ქალების წინააღმდეგ ბრძოლით, როცა მგლოვიარე ქალებს ძალოვანები მიუგზავნა კარვის წასართმევად.

4. მოაწყო სიგარეტის ფართომასშტაბიანი კონტრაბანდა;

5. ბიუჯეტი კვორუმის გარეშე მიიღო;

6. მოაწყო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ასობით მილიონი რუბლის ბოროტად გამოყენება, რის შემდეგაც დეპუტატებს და ხალხს დაუმალა ბიუჯეტის აუდიტის გამოძიების შედეგები;

7. მან რესპუბლიკა კრიზისში ჩააგდო მეგობრის, პროკურორ ჯაგაევის გამო;

8. მან ხარკი დააკისრა რესპუბლიკის ყველა მეტ-ნაკლებად ცოცხალ ბიზნესს.

9. მოაწყო იარაღის ჰიპერმარკეტი;

10. საქართველოს ჩააბარა წნელი და ხახეთი, საფრთხე შეუქმნა ოსეთის უსაფრთხოებას;

11. ხუთი წელი ჰპირდებოდა მოსახლეობას საბაჟო და იმპორტის საკითხის მოგვარებას და ხუთი წელი ტყუოდა. და ა.შ. ეს მიღწევებიც ბიბილოვის საქმიანობის შესახებ ნებისმიერ ანგარიშში მყარად უნდა გამოჩნდეს“.

15 მარტს სრულდება რეგისტრაციის პროცესი, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია. ბიბილოვი კი კამპანიას კანონდარღვევით იწყებს. წარმოიდგინეთ, რამხელა სირცხვილია, როცა მოქმედი პრეზიდენტის გუნდი საარჩევნო სააგიტაციო მასალას, ღამით, ჩუმად არიგებს...

დე ფაქტო რესპუბლიკის სხვა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებსაც „ეხო კავკაზა“ ესაუბრა, აპირებენ მომხდარის შესახებ ერთობლივი განცხადების გაკეთებას და სამართალდამცავებისთვის მიმართვას. მათი თქმით, ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელმა კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა დაარღვია კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა. ამიტომ კანონის შესაბამისად არჩევნებიდან უნდა მოიხსნას. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ექსპერტმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა, დასძინა, რომ ამ შემთხვევაში ცესკოს ყველა საფუძველი ექნება, რომ ის არჩევნებიდან მოხსნას.

დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია იწყება კანდიდატების რეგისტრაციის დღიდან. გარდა ამისა, სააგიტაციო ბეჭდური მასალები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მათ ტირაჟზე, იმ პირებსა და პასუხისმგებელ ორგანიზაციებზე, ვინც ეს მასალა დაბეჭდა. აკრძალულია ანონიმური კამპანიის ბეჭდური მასალის გავრცელება. ბიბილოვის სააგიტაციო გაზეთებზე კი ასეთი ინფორმაცია არ მოიპოვება.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს, სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ბიბილოვის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ ცდილობს ოპონენტებს რამენაირად დაასწროს და მათზე წინ დაიწყოს საარჩევნო კამპანია.

„15 მარტს სრულდება რეგისტრაციის პროცესი, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია. ბიბილოვი კი კამპანიას კანონდარღვევით იწყებს. წარმოიდგინეთ, რამხელა სირცხვილია, როცა მოქმედი პრეზიდენტის გუნდი საარჩევნო სააგიტაციო მასალას, ღამით, ჩუმად არიგებს. ესე იგი მათ ხალხთან გამოსაჩენი პირი არა აქვთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბიბილოვის რეიტინგი ძალიან დაბალია და ის აგებს ამ არჩევნებს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ კომისიამ ბიბილოვის კონკურენტები უბრალოდ არ დაარეგისტრიროს, მაგალითად, დაახარვეზონ ამომრჩეველთა ხელმოწერილი სიები და ამით საარჩევნო პროცესში ბიბილოვი მარტო დატოვონ. ესაა ახლა ყველაზე მეტად საფიქრალი, თუმცა, თუ ამას გააკეთებენ, მოხსნილი კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ქუჩაში გავლენ“.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავიდან, ბიბილოვის სააგიტაციო მასალის გავრცელებაზე კომენტარს არ აკეთებდნენ, თუმცა სოციალურ ქსელში ატეხილი ხმაურის შემდეგ, თავად ბიბილოვმა ოსურ მედიას უთხრა, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვალდებული იყო, გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობისთვის ანგარიში ჩაებარებინა და ეს ბეჭდური გამოცემის მეშვეობით გააკეთა.

ახლა ოპოზიციური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები საერთო მიმართვას და მოთხოვნას ამზადებენ სამართალდამცავებისა და ცესკოსთვის, რათა ბიბილოვი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნან.

XS
SM
MD
LG