Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი ოკუპირებულ ცხინვალში ფასების კონტროლს ძალოვანების მეშვეობით აპირებს


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთში ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო, ფასების ზრდის შედეგები, განაცხადა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მთავრობის წევრებთან, ცხინვალის და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. - ამის შესახებ ოსური მედია იტყობინება.

„აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რათა ამ ფაქტორების (სანქციების) გავლენა ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობაზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ფასები იზრდება არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც. და ეს გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული სანქციებით. ამ სანქციებმა მძიმედ და მტკივნეულად დაარტყა როგორც თავად ევროკავშირს, ასევე ამერიკას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთს სანქციები ემუქრება და რა თქმა უნდა, მას უკვე აქვს იმუნიტეტი.“

დე ფაქტო პრეზიდენტმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, მკაცრად დააკვირდნენ ძირითად პროდუქტებს და დაუსაბუთებელ ფასებზე ოპერატიულად რეაგირება მოახდინონ.

ბოლო ერთი კვირაა ოკუპირებულ ცხინვალში ფასები სწრაფად იზრდება პროდუქტებზე და მედიკამენტებზე. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ისიც დაემატა, რომ ცხინვალის რეგიონის და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური მაგისტრალი მეხუთე დღეა დიდთოვლობის გამო დაკეტილია და ბლოკირებულ რეგიონში პროდუქტი ვეღარ შედის. ადგილობრივმა მეწარმეებმა კი დარჩენილ მარაგებზე ფასები გააორმაგეს. განსაკუთრებით ძვირდება მედიკამენტები.

XS
SM
MD
LG