Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნილ კანდიდატებს საჩივრები არ დაუკმაყოფილეს


დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატების საჩივრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

5 კანდიდატი საარჩევნო კომისიას მათ მიმართ უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და კომისიას დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლად მიიჩნევს. დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ კანდიდატების მიერ წარდგენილ საბუთებში ხარვეზები აღმოჩნდა, კერძოდ, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებსა და მხარდამჭერთა სიებში. მოხსნილ კანდიდატებს შორის არის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას მიმართა და მომავალი ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა. გასეევის განცხადებით, ბიბილოვის ხელისუფლებამ არჩევნების ფალსიფიკაცია მისთვის არასასურველი კანდიდატების მოხსნით დაიწყო.

„დღეს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ჩვენი რესპუბლიკის ფართო საზოგადოების წინაშე ღიად და თავხედურად ხდება სახელმწიფო დანაშაული. თავისი სამსახურებრივი მდგომარეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი პირდაპირ ზეწოლას ახორციელებს ცესკოს წევრებზე. ზეწოლას მოჰყვა ჩემი და სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე უკანონო და გაუმართლებელი უარი. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატად თავად ანატოლი ბიბილოვი უპრობლემოდ დარეგისტრირდა, მიუხედავად იმისა, რომ ლინგვისტური გამოცდა ვერ ჩააბარა. ბიბილოვის მიერ კონტროლირებული ადამიანები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, გაეფუჭებინათ ჩემი მხარდამჭერების მიერ ცესკოში რეგისტრაციისთვის წარდგენილი ხელმოწერები... დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევნებიდან უკანონო მოხსნა დანაშაულია არა მხოლოდ მათი მხარდამჭერების, არამედ სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქის მიმართ. ისინი ცდილობენ ყველას წაგვართვან არჩევანის უფლება. დარწმუნებული ვარ, რომ მუქარისა და ზეწოლის მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ლეგიტიმურად ჩატარებას“.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, გასეევისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებაც გამართეს ურთიერთკოორდინირებული მოქმედებების შესახებ. 15 მარტის ღამეს, როცა ცესკომ მოხსნილი კანდიდატების ვინაობა დაასახელა, კოკოითი ამ კანდიდატების მხარდასაჭერად ცესკოს შენობასთან მივიდა. თავად კოკოითის რეგისტრაციაზე თავიდანვე უარი უთხრეს, დე ფაქტო რესპუბლიკაში მუდმივი საცხოვრებელი ცენზის დარღვევის გამო და ახლა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ნაწილი მის გარშემო იკრიბება.

„არჩევნების წინ, ვითარება მართლაც რთული და ფეთქებადსაშიშია. 17 კანდიდატიდან ჯამში 12 მოხსნეს, ზოგი ლინგვისტურ გამოცდაზე ჩაჭრეს, ზოგს საბუთები დაუწუნეს, არადა, ბევრი მათგანი გამოცდილი პოლიტიკოსია და საბუთების შედგენისას შეცდომებს არ დაუშვებდნენ. ეს კანდიდატები და მათი მხარდამჭერები დიდი უსამართლობის წინაშე აღმოჩნდნენ. ყველაზე მეტად ბიბილოვს დავით სანაკოევი და იბრაგიმ გასეევი აღიზიანებდნენ, ამიტომ ისინი ახლავე მოიცილა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ ჩაივლის. ხალხი უკვე ქუჩაში გასვლაზე ალაპარაკდა და ისევ პოლიტიკოსები აკავებენ მათ. ცდილობენ, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოაქციონ. უსამართლობის განცდა იმიტომ ჩნდება, რომ ბიბილოვმა საკუთარი საგამოცდო ნამუშევარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სპეციალისტებმა კი ათზე მეტი შეცდომა დათვალეს, როცა კანონით კანდიდატს 8-ზე მეტი შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა. ბიბილოვი უნდა მოხსნილიყო არჩევნებიდან, მაგრამ ის დარჩა და სხვების ჩამოშორებით არის ახლა დაკავებული“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი ე.წ. რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს სამართლიანი თამაშის წესების მოწოდებით მიმართა. ეს განცხადება მან 16 მარტს გააკეთა.

„ახლა იწყება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს პატიოსანი, ღია და გამჭვირვალე ბრძოლისკენ. მე ვთავაზობ, რომ ყველა კანდიდატმა ცესკოს ბაზაზე გააფორმოს შეთანხმება სუფთა, სამართლიანი არჩევნებისთვის და მკაცრად დაიცვას ეს შეთანხმება, შეწყვიტოს რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები. ჩვენ უკვე ვნახეთ ზოგიერთი პოტენციური კანდიდატის უხამსი თამაში, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას არჩევნების ლეგიტიმაციას. არჩევნების ჩაშლისა და საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის ყველა მცდელობა აღიკვეთება“.

ბიბილოვის ამ შეთავაზებას რეგისტრირებული კანდიდატებიდან არავინ გამოხმაურებია. არჩევნებიდან მოხსნილი კიდევ ერთი ე.წ. კანდიდატი დავით სანაკოევი კი მიიჩნევს, რომ სამხრეთი ოსეთი დესტაბილიზაციისკენ ბიბილოვს მიჰყავს და მისი ეს განცხადება ცინიკურია. პროექტ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში სანაკოევი ამბობს:

„ეს განცხადება არის ცინიზმის მწვერვალი. მან (ბიბილოვმა) დღემდე არაერთხელ დაარღვია საარჩევნო კანონმდებლობა, ჩაერია საარჩევნო პროცესში. დარწმუნებული ვარ, ის აპირებს ასევე გააგრძელოს. ამ თვალსაზრისით, მისი განცხადება არის ამომრჩეველთა აღშფოთების განეიტრალების მცდელობა“.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა 10 აპრილს არის დაგეგმილი. მასში მონაწილეობას ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გარდა, კიდევ 4 რეგისტრირებული კანდიდატი მიიღებს. ესენი არიან: პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი, დე ფაქტო საპარლამენტო ფრაქციის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი გარი მულდაროვი და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ პლიევი.

XS
SM
MD
LG