უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში, რჩება 100 000-მდე ადამიანი. ზელენსკის განცხადებით, ისინი იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში, სრულ ბლოკადაში, საკვების, წყლის და წამლების გარეშე და მუდმივი სროლის და დაბომბვის ქვეშ.
22 მარტს, ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ ხერხდება მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად სტაბილური ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება. ზელენსკის თანახმად, 22 მარტს, რუსმა სამხედროებმა დააკავეს ერთ-ერთი ჰუმანიტარული ავტოკოლონა და ტყვედ აიყვანეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და ავტობუსების მძღოლები.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც გადაწყვიტა მარიუპოლისკენ პირადად გააცილოს ჰუმანიტარული მისია და იმედი გამოთქვა, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება.
რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამ კვირაზე მეტია ბლოკადაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლის 80-90% დანგრეულია, დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქში ცხოვრობდა 400 000-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".