Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უარყო რუსეთის ულტიმატუმი მარიუპოლში დანებების შესახებ


მარიუპოლი
მარიუპოლი

უკრაინა არ აპირებს შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, რომლის თანახმად, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის სანაცვლოდ, ქალაქი უნდა დატოვონ უკრაინელმა სამხედროებმა.

უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8-გვერდიანი წერილი, რომელშიც არაერთი ბოდვაა, გაეროს და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც" გაუგზავნა მათი მხრიდან უკრაინაზე ზეწოლის იმედით, რაც არ მოხდა. ვერეშჩუკის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს ესმით, რომ ეს არის რუსული მანიპულაცია და ადამიანების მძევლად აყვანა.

ვიცე-პრემიერის თანახმად, უკრაინა მოითხოვს, რომ რუსმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მარიუპოლის მშვიდობიანი მცხოვრებნი ზაპოროჟიეში გადაიყვანონ. „ვერანაირ ჩაბარებაზე და იარაღის დაყრაზე საუბარი ვერ იქნება და ეს რუსულ მხარეს უკვე ვაცნობეთ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

დანებების შესაძლებლობა უარყვეს მარიუპოლის ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. ამის შესახებ ფეისბუკზე წერს ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო.

20 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 მარტის 10:00 საათიდან მარიუპოლიდან გახსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს, რათა 12:00 საათამდე ქალაქი იარაღის გარეშე დატოვონ უკრაინელმა სამხედროებმა და „უცხოელმა დაქირავებულებმა“ და ამის შემდეგ დაიწყება ქალაქში ჰუმანიტარული კოლონების შესვლა და მშვიდობიან მცხოვრებთა ევაკუაცია.

დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, სადაც ომის დაწყებამდე 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკადაშია. ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, მარიუპოლის 80-90% დანგრეულია. მარიუპოლის მერიის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG